ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ მეცნიერები შავი ზღვის სანაპირო ზოლის ეკოლოგიურ მდგომარეობას იკვლევენ

თსუ მეცნიერები შავი ზღვის სანაპირო ზოლის ეკოლოგიურ მდგომარეობას იკვლევენ
27 იანვარი, 2014
რამდენად დაბინძურებულია შავი ზღვის სანაპირო ზოლი? რა ზეგავლენას ახდენს მასზე ჩამდინარე წყლები? რა უნდა გაკეთდეს მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იყო მიზანი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  ევროგაერთიანების ერთობლივი გრანტის - BS-ERA NET „SGD Black Sea“ “ზღვის სანაპიროების დაბინძურებისა და აითროფიკაციის (ტოქსინებით - ნიტრატებით და ფოსფატებით დაბინძურება), პრევენციის მიზნით, მიწისქვეშა წყლების ზღვისქვეშა განტვირთვის (ზღვაში გაჟონვის)  შესწავლა”.

შავი ზღვის დაბინძურების პრობლემატიკის გადასაჭრელად, 2011 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ივნისამდე, რუმინეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე, მიმდინარეობდა ერთობლივი კვლევები სამი ქვეყნის (საქართველო, გერმანია, საბერძნეთი) მეცნიერთა მონაწილეობით. საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულნი იყვნენ თსუ მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის, ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები: ცენტრის ხელმძღვანელი, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან დოქ. გიორგი მელიქაძე. ასევე, პროექტის მონაწილეები: მარიამ თოდაძე, ზურაბ მაჩაიძე, ნინო კაპანაძე და ალექსანდრე ჭანკვეტაძე. კვლევაში გერმანიის მხრიდან მინაწილოებდნენ ჰელმჰოლცის ეკოლოგიური კვლევების ცენტრის წარმომადგენლები ქალაქ ლაიფციგიდან (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი დოქტორი მიხეილ შუბერტი). საბერძნეთიდან - საბერძნეთის ზღვების კვლევის ცენტრის მეცნიერები ქალაქ ანავისოსიდან (სამეცნიერო ხელმძღვანელი დოქ. ქრისტოს ცაბარისი).

“ეს იყო მცდელობა სხვადასხვა წყლის ეკოლოგიური ”ტრასერების” (ადვილად ამოცნობადი ნივთიერება, რომლითაც შესაძლებელია განისაზღვროს წყლის ნაკადის მოძრაობის ტრაექტორია და მისი თვისებები) გამოყენებით მოგვეხდინა მიწისქვეშა წყლის განტვირთვის ზონის ლოკალიზაცია და რაოდენობის განსაზღვრა. ეკოლოგიური ”ტრასერები” (ისეთები როგორიცაა სტაბილური და რადიოაქტიული იზოტოპები) წარმოადგენენ ნივთიერებებს, რომლებიც არსებობენ ბუნებაში და წარმოიშვებიან განსაზღვრული წყაროებიდან. ხელოვნური ”ტრასერებისაგან” განსხვავებით ისინი არ აბინძურებენ გარემოს. ასევე, მიღებული შედეგების დადასტურების მიზნით, გამოყენებული იქნა თანამგზავრული მონაცემები. კერძოდ, გერმანელმა კოლეგებმა შეისწავლეს აჭარის ტერიტორიისთვის სატელიტური მონაცემები და გაანალიზეს დედამიწისა და ზღვის ზედაპირის თერმული ფონის მასალა. საქართველოში მსგავსი საზღვაო და სახმელეთო კვლევათა კომპლექსი ეკოლოგიური ”ტრასერების” გამოყენებით პირველად განხორციელდა.”- აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი გიორგი მელიქაძე.

კვლევებისთვის შერჩეული იქნა შავი ზღვის აღმოსავლეთით, საქართველოს მთიანი და შავი ზღვის დასავლეთით, რუმინეთის დაბლობი რაიონები. კერძოდ, კონსტანცასა და აჭარის სანაპირო ზოლები. მეცნიერის განმარტებით, აჭარის საკვლევი რეგიონი წარმოადგენს ზედაპირული წყლების ინტენსიური განტვირთვის ზონას, სადაც თავს იყრის როგორც ამ რეგიონის, ისე მის ფარგლებს გარეთ მდებარე მსხვილი სამრეწველო ობიექტების, ქალაქების საყოფაცხოვრებო ტოქსიკური და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით დაბინძურებული წყლები. ამ ტერიტორიის ფარგლებში განლაგებულია საქართველოს მსხვილი სამრეწველო-საპორტო ქალაქი ბათუმი, ქალაქი ქობულეთი, მრავალი სოფელი და დასახლებული პუნქტი, რომლებიც თავისი საყოფაცხოვრებო, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ნარჩენებით აბინძურებენ შავ ზღვას. აჭარის რეგიონში განვითარებული მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მეციტრუსეობა, მინერალური სასუქების და შხამქიმიკატების ფართო გამოყენებას გულისხმობს. რეგიონი ასევე მოიცავს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ბოლო მონაკვეთს, დიდი ნავთობტერმინალით უშუალოდ ზღვის ნაპირზე. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მეცნიერთა აზრით, აქ აშკარად იკვეთება შესაძლო ეკოლოგიური პრობლემები.

კვლევის შედეგად დადგინდა მიწისქვეშა წყლის ნაკადის მოძრაობის და ზღვაში განტვირთვის უბანი აჭარის სანაპირო ზოლში და განისაზღვრა მისი არეალი. კერძოდ, გამოვლინდა ორი აქტიური განტვირთვის უბანი. პირველი, პირობითად, ქობულეთის ცენტრთან და მეორე სოფ. ჩაქვის მახლობლად. დადგინდა დაბინძურების ზედაპირული ხასიათი. კვლევის მონაწილეთა მიერ აითროფიკაციის ინტენსივობის დასადგენად, განისაზღვრა ნიტრატების და ფოსფატების შემცველობები საკვლევი რეგიონის მიწისქვეშა წყლებსა და ზღვაში. კვლევის შედეგები დამაიმედებელია - საბედნიეროდ, ტოქსინები მიწისქვეშა წყლებში დასაშვებ ნორმაზე ნაკლები აღმოჩნდა - მაგალითად, მდინარე კინტრიშში და ჩაქვის წყალში.  ეს მაჩვენებლები დროთა განამავლობაში შეიძლება შეიცვალოს, თუ ისევ მოხდა სასოფლო სამეურნეო სავარგულების გამდიდრება შხამქიმიკატებით. თსუ მეცნიერთა რეკომენდაციით, ზღვის ამ სანაპირო ზოლის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიწისქვეშა წყლების ზღვაში ჩადინების ამ უბნებზე საკონტროლო გაზომვების პერიოდული ჩატარებაა მიზანშეწონილი.


სხვა სტატიები »