ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ინგლისურენოვანი მოდულები ეთნოლოგიისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სტუდენტებისთვის

27 დეკემბერი, 2013
2013/2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უცხოელი სტუდენტებისთვის ინგლისურენოვანი მოდული მოქმედებს. საბაკალავრო პროგრამა  „ეთნოლოგიისა“ და სამაგისტრო პროგრამა „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის“ კურიკულუმში შემავალი აკრედიტირებული სასწავლო კურსების შესწავლა მათ უკვე ინგლისურ ენაზე შეუძლიათ.

როგორც მოდულის ხელმძღვანელი ქეთევან ხუციშვილი აცხადებს, "ამ მოდულის შექმნის აუცილებლობა დღის წესრიგში დიდი ხანია იდგა, რადგან ერაზმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში, თუ სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, საზღვარგარეთის სემესტრის თსუ-ში გატარების მსურველების რიცხვი  ყოველწლიურად იზრდება.  საბოლოოდ, უცხოელ სტუდენტთა მოთხოვნის შესაბამისად, შეირჩა შემდეგი საგნები:  „საქართველოს ეთნოლოგია“, „ქართული მითოლოგია“,  „ფოლკლორისტიკის საფუძვლები“, „ეთნოგრაფიული პრაქტიკა“  და „კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია“, რომლებზეც  მიმდინარე სემესტრში 8 სტუდენტი დარეგისტრირდა. მოდულის სათანადო ფუნქციონირებისთვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის მიერ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის  ფარგლებშიც შედგა სალექციო კურსების მონიტორინგი”.

მოდულის სალექციო კურსები თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებს ქეთევან ხუციშვილს, ქეთევან სიხარულიძესა და ელენე გოგიაშვილს, და პროფესორის ასისტენტ, დოქტორანტ, დავით ჭიღოლაშვილს მიჰყავთ. სალექციო კურსები უცხოელი სტუდენტებისთვის საინტერესოა  რეგიონზე ორიენტირებულობის გამო, რადგან მათ ერთდროულად აქვთ თსუ ენათა ცენტრში ქართული ენის სწავლისა და საბაკალავრო, სამაგისტრო ნაშრომებზე მუშაობის საშუალება. საველე პრაქტიკის ფარგლებში, უცხოელი სტუდენტები ეთნოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის სტუდენტებთან ერთად, ატარებენ მცირემასშტაბიან კვლევებს ურბანულ ანთროპოლოგიაში, რომლის შედეგებსაც ერთობლივი პრეზენტაციების სახით წარმოადგენენ. ამგვარი პრაქტიკა ერთიანი სამეცნიერო სივრცის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რადგან სტუდენტები საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ.

ამ დროისთვის უკვე შეიძლება ითქვას, რომ ინგლისურენოვანმა მოდულმა იმდენად გაამართლა, მისი გაფართოების პერსპექტივა არსებობს, თსუ სასწავლო პროგრამების კურიკულუმში არსებული კურსების დამატებით თუ სამეცნიერო მიმართულების გააქტიურებით. ქეთი ხუციშვილის თქმით, “ქართველოლოგიური კვლევები, როგორც ერთ–ერთი პრიორიტეტი ყოველთვის წამყვანი მიმართულება იყო თსუ-ში. სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ქართველოლოგიური და, მეტიც, კავკასიოლოგიური კვლევებისა და სწავლების ცენტრი. აქ მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები, როგორიც იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, არნოლდ ჩიქობავა, აკაკი შანიძე, გიორგი ჩიტაია და სხვები. ამ ტრადიციის გაგრძელება იქნებოდა თსუ-ს მხრიდან ისევ თავად ეტვირთა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში არსებული ქართველოლოგიური თუ კავკასიოლოგიური კვლევებით დაკავებული ერთეულების კოორდინირება. მეცნიერთა შორის პირადი და სამეცნიერო კავშირების საშუალებით ასეთი ურთიერთობები ჩამოყალიბებულია”.

თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტი ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა იმ პროექტებისა, რომლებიც ერთობლივად ხორციელდება საზღვარგარეთის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრებთან. 2009 წლიდან დღემდე ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ პორექტებს შორისაა: ტემპლის უნივერსიტეტთან ერთობლივი პროექტი ვიზუალურ ანთროპოლოგიაში “თბილისობა”. ვარშავის უნივერსიტეტის ეთნოლოგიისა და კულტურული ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პროფესორთა ლექციების ინტენსიური ციკლი  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის: „თანამედროვე ანთროპოლოგის პრობლემები და მისი მიმართება სხვა დისციპლინებთან“... ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევების პროგრამის დირექტორის ჯონ შობერლაინის ლექციათა ციკლი „პრობლემაზე პროენტირებული კვლევა და ანთროპოლოგიური მიდგომები სპეციფიკური საკითხებისადმი“. ფულბრაიტის სტიპენდიანტის, სიეტლის უნივერსიტეტის დოქტორის მანუჩერ შივას სალექციო კურსი: “თვისებრივი კვლევის მეთოდები”; ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფ. ფრანცუაზა კომპანიენის ლექციათა ინტენსიური ციკლი “კულტურის კვლევის მეთოდოლოგია“;  ევროკავშირის პროგრამის მენეჯერ ოლივერ რაისნერის სალექციო კურსი: “საბჭოთა წარსულის მახსოვრობა საქართველოში: მეხსიერებასა და ისტორიას შორის”;   სტოკჰოლმის უნივერსიტეტის დოქტორ ულრიკა სოდერლინდის სალექციო კურსი: „რა არის საკვები? ინტერდისციპლინური მეთოდები საკვების კვლევის მაგალითზე”.  ვარშავის უნივერსიტეტის ეთნოლოგიისა და კულტურული ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დოცენტ ივონა კალიშევსკას სალექციო კურსი ერთკვირიანი საველე სამუშაოებით „პოლიტიკური ანთროპოლოგია“, ნაზარბაევის უნივერსიტეტის და თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტების ერთობლივი სავლე კვლევა და კონფერენცია თემაზე „სოციალური პროცესების კვლევა ნაციონალურ, კულტურულ და რელიგიურ საზღვრებთან მიმართებაში“, პრინსტონის უნივერსიტეტის დოქტორანტის ჯონ გრემის სალექიო კურსს „ეთნომუსიკოლოგია“.

ქეთი ხუციშვილის განმარტებით, ეს ჩამონათვალი მხოლოდ სასწავლო აქტივობის ნაწილია. ამას გარდა, ეთნოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტები ჩართული არიან ინტერეთნიკურ სამეცნიერო კვლევებში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მარბურგის უნივერსიტეტთან ერთობლივად წარმოებული სამწლიანი პროექტი „კავკასია, კულტურა, კონფლიქტი“, რომლის ძირითადი მიზანი სამეცნიეროსთან ერთად სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სტუდენტებისთვის ერთობლივი საველე კვლევების წარმოება იყო. გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის მიერ დაფინანსებული პროექტის წარმატების მაჩვენებელია სამეცნიერო პუბლიკაციის მომზადება (რომელიც  წლის ბოლომდე გამოიცემა გერმანიაში), ასევე პროექტის საფუძველზე განვითარებული ახალი პროექტები.

სხვა სტატიები »