ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ დოქტორანტებმა და მეცნიერებმა სამეცნიერო კონკურსებში წარმატება მოიპოვეს

თსუ დოქტორანტებმა და მეცნიერებმა სამეცნიერო კონკურსებში წარმატება მოიპოვეს
28 დეკემბერი, 2013
2013 წელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის კვლავ წარმატებული იყო სხვადასხვა სამეცნიერო კონკურსში მიღწეული წარმატებებით. გასულ კვირას უნივერსიტეტში ერთ-ერთი ასეთი შედეგი აღნიშნეს - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტების ფინანსური მხარდაჭერისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილოება თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ მიიღო.

დოქტორანტებისთვის პირველად გამოცხადებულ კონკურსში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 60-მა დოქტორანტმა მიიღო დაფინანსება. კონკურსის შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს. დაფინანსებული 135 დოქტორანტიდან 60 თსუ-ის სტუდენტია, რაც საერთო დაფინანსებული განაცხადების 44% შეადგენს. გამარჯვებული პროექტების ჯამური ბიუჯეტია 902 197 ლარი. სტუ-დან დაფინანსდა 37 დოქტორანტი (საერთო დაფინანსებული განაცხადების 27%, პროექტების ჯამური ბიუჯეტით 417 998 ლარი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 17 დოქტორანტი (საერთო დაფინანსებული განაცხადების 13%, პროექტების ჯამური ბიუჯეტით 280 292 ლარი).
პროექტების შესაბამისად, დოქტორანტებს ფონდი სწავლის გადასახადს, სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯებს, საზღვარგარეთ სტაჟირებას ან კონფერენციაზე გამგზავრებას და მონაწილეობას დაუფინანსებს.

მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მაღალი შეფასება - 100 ქულა დაიმსახურა თსუ-ის ზუსტ და საბუნების-მეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის დოქტორანტმა მაია სვანაძემ თემისთვის - `ბლანტი თერმოდრეკადობის თეორიის სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევა კელვინ-ვოიგტის მასალებისათვის სიცარიელით" (ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ჯაიანი). დოქტორანტს თემა პრაქტიკულად დასრულებული აქვს და გრანტიც ორ საერთაშორისო კონფერენციაში (ესპანეთი და გერმანია) მონაწილოების მისაღებად და უცხოელ ხელმძღვანელთან გოტინგენის უნივერსიტეტში ვიზიტისთვის მოითხოვა.

კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტიც მარეხ დევიძე-მამულაიშვილი. მისი სადისერტაციო თემაა „კონფლიქტის პრევენცია “ლოკალებს” და “კოსმოპოლიტანელებს” შორის ორგანიზაციული კულტურის ეფექტურობისთვის“. ამბობს, რომ მიღებული დაფინანსება ხელს შეუწყობს სადისერტაციო თემის სრულყოფაში. ამავე პროექტით გათვალისწინებული აქვს საქართველოს ოთხი დიდი ქალაქის კვლევა თემის საკითხზე და სამკვირიანი ტრენინგ-კურსი ევროპაში.

რაც შეეხება შედეგებს ფაკულტეტების მიხედვით: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სულ წარდგენილი იყო 99 საგრანტო განაცხადი, მათგან ყველაზე მეტი დოქტორანტი დაფინანსდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (26 დოქტორანტი). შესაბამისად, მას მოჰყვებიან ეკონომიკისა და ბიზნესის (11 დოქტორანტი), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (9 დოქტორანტი), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა (8 დოქტორანტი) და იურიდიული (6 დოქტორანტი) ფაკულტეტები.

გარდა დოქტორანტების კონკურსისა, შოთა რუსთა-ველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესყიდვისათვის კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა და თსუ-ს შვიდი პროექტი დაუფინანსა.

ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საგრანტო დაფინანსება მიიღო 20 პროექტმა. მათ შორის თსუ-მ გაიმარჯვა 6 პროექტში, ხოლო 1 პროექტის თანამონაწილეა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს დაუფინანსდა 5 პროექტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს - 2 პროექტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს - 1 პროექტი; საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს - 1 პროექტი.

სხვა სტატიები »