ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

წიგნის „სააქციო სამართლის საფუძვლები“ II ტომის პრეზენტაცია

წიგნის „სააქციო სამართლის საფუძვლები“ II ტომის პრეზენტაცია
29 ნოემბერი, 2013
წიგნის „სააქციო სამართლის საფუძვლები“  II ტომის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნის ავტორია თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი ბურდული. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, აკადემიური წრეების და საქართველოს იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „იურიდიული ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფაკულტეტია უნივერსიტეტში. ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება ამ მიმართულებაზე. ეს კი ამ ფაკულტეტის პროდუქტიულობაზე მიუთითებს - რამდენად დიდ საქმეს ახორციელებენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ძალიან სერიოზული მნიშვნელობისაა ფაკულტეტის დეკანის, ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი პროფესორისა და დეკანის ირაკლი ბურდულის მიერ დაწერილი სახელმძღვანელო. სტუდენტებს უკვე აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ამ წიგნის საშუალებით უფრო სრულყოფილად შეისწავლონ საგანი.“

სახელმძღვანელოს ავტორი ირაკლი ბურდული დამსწრე საზოგადოებას ამ წიგნის ჯერ პირველი, ხოლო შემდგომ მეორე ტომის შექმნის ისტორიასა და საჭიროებაზე ესაუბრა. „პირველი ტომი იწყება სააქციო სამართლის ანუ სააქციო საზოგადოების ისტორიით და ეს მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის. რადგან ჩვენ,  ქართველებს, თურმე მდიდარი ტრადიცია გვქონია ამ მიმართულებით. მე ეროვნულ ბიბლიოთეკაში უხვად ვიპოვე ის წესდებები, რომელთა საფუძველზეც იყო შექმნილი იმ დროისათვის საკმაოდ დიდი კორპორაციები. მეორე ტომში ყურადღება გავამახვილე სააქციო საზოგადოების სამართალზე. ამ სერიას კი ჰქვია სააქციო სამართლის საფუძვლები, მაგრამ მასში მოცემულია და განხილულია სააქციო სამართალი ვიწრო გაგებით და არა ფართო გაგებით,“- აღნიშნა ირაკლი ბურდულმა. მისი თქმით, ქართულ რეალობას მორგებულ კორპორაციულ სამართალს, სააქციო სამართალს, მესამე ტომიც მიეძღვნება.


სხვა სტატიები »