ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

დიდი ირანული პოემის ქართული თარგმანი

დიდი ირანული  პოემის ქართული თარგმანი
26 ნოემბერი, 2013
სულ ცოტა ხნის წინ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ფილოლოგიის დოქტორმა გიორგი ლობჟანიძემ დიდი სპარსი პოეტის ჯალალ ედდინ რუმის ცნობილი პოემის “არსთა მესნევის” პირველი  ნაწილის თარგმანზე დაასრულა მუშაობა. ეს პოემა, მეცნიერის განმარტებით, სუფიზმის (რელიგიური მიმართულება) ერთგვარ ენციკლოპედიას წარმოადგენს და მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი, თუმცა, აქამდე ქართულად მისი მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების მოძიება იყო შესაძლებელი.

"ნებისმიერი თარგმანი, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ფილოლოგიური შრომაა და ეს ისევე ღრმად უნდა ფასდებოდეს, როგორც კვლევა, მით უმეტეს, როდესაც ვლაპარაკობთ შუა საუკუნეების ძეგლების თარგმანზე აღმოსავლური ენებიდან. კონკრეტულად ეს პროექტი მე-14 საუკუნის დიდი სპარსი პოეტის ჯალალ ედდინ რუმის „არსთა მესნევის“ ქართული თარგმანის დასაწყისს ეხება. „არსთა მესნევი“ ისეთი რანგის ნაწარმოებია, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და ნებისმიერი ენა, რომელზეც იგი თარგმნილია, თავს იწონებს იმით, რომ აქვს ჯალალ ედდინ რუმის ეს დიდი პოემა.  თვითონ „არსთა მესნევის“, როგორც ჩემს თარგმანში ჰქვია, მანამდე უწოდებდნენ "ზნეობრივ მესნევის. ეს პოემა სუფიზმის "ენციკლოპედიას" წარმოადგენს. ისლამში რამდენიმე დიდი მიმართულება გამოიყოფა, ერთ-ერთი სუფიზმია - ისლამის მისტიკური მიმართულება და ერთ-ერთი წყარო, რაზეც ისლამური მისტიციზმი დგას, არის ჯალალ ედდინ რუმის „არსთა მესნევი”.- განმარტავს პროექტის ავტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, გიორგი ლობჟანიძე.

როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ”არსთა მესნევი” საკმაოდ რთული პოემაა, რომელიც  6 ნაწილისგან (დავთრისაგან) შედგება და გასაშიფრად ურთულესია. გიორგი ლობჟანიძემ ჯერჯერობით ამ პოემის პირველი წიგნი თარგმნა. ეს  დავთარი მოცულობით საკმაოდ დიდია და გამოცემის შემდეგ თავისი კომენტარით და შესავალით 600-700 გვერდამდე იქნება.  ამ ნაწარმოების თარგმნა აღმოსავლეთმცოდნე ლობჟანიძეს ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან სურდა. თუმცა, მხოლოდ  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას  გააცნობიერა, თუ რა სირთულესთან ჰქონდა საქმე.

"ნაწარმოების ძირითადი ნაწილი სპარსულია, მაგრამ თანაბრად კარგად უნდა ფლობდე სპარსულს და არაბულს. უნდა იცოდე ან დააზუსტო არა ერთი მუსლიმური რეალია და უნდა შეგეძლოს ტექსტის წაკითხვა. ცნობისათვის,  არაბულის თავისებურება ის არის, რომ იწერება თანხმოვნებით, ხმოვნების გარეშე. ტექსტის რამდენიმენაირი წაკითხვა შეიძლება არსებობდეს და ხშირ შემთხვევაში როგორც რებუსი, ისე უნდა ამოხსნა, ანუ ეს ყველაფერი გარკვეულწილად მათემატიკურ დონეზე ხდება”. - აცხადებს გიორგი ლობჟანიძე.

პროექტი 2010 წელს დაიწყო. ამ სამი წლის განმავლობაში   თანამშრომლობისათვის განსაკუთრებულ მადლობას  გიორგი ლობჟანიძე თარგმნის რედაქტორს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ თეა შურღაიას უხდის, რომელიც მის ნათარგმნს სპარსულ ტექსტს უდარებდა და მართლაც მნიშვნელოვანი შენიშვნებსა და მოსაზრებებს უზიარებდა. 

კვლევა ქართული ირანისტიკის ბაზაზე გაკეთდა, რომლის „ბუდე“, გიორგი ლობჟანიძის თქმით, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტია.  თარგმანი მეცნიერს ირანში არსებულმა ჯალალ ედდინ რუმის საზოგადოებამ „შამსე თაბრიზმა” დაუფინანსა, რომელთანაც დაკავშირების გამო იგი უკვე  ირანში საქართველოს ელჩის მოადგილეს ნიკოლოზ ნახუცრიშვილის ემადლიერება, რომელიც, ცნობისათვის, მანამდე თსუ-ს სპარსულის კათედრის გამგე იყო. ნაშრომი ირანში გამოიცემა. პირველი წიგნი წლის ბოლომდე გამოვა, რის მერეც გიორგი ლობჟანიძე უკვე  მეორე წიგნზე მუშაობას შეუდგება.

ლობჟანიძის ნაშრომამდე ქართულად ამ პოემის მხოლოდ ფრაგმენტები არსებობდა. ადრინდელი ნამუშევრები უფრო ტექსტის მხატვრული თარგმანი გახლდათ,  "ზნეობრივ მესნევის" გიორგი ლობჟანიძისეული ვარიანტი კი მხატვრული ტექსტის ფილოლოგიურ, მეცნიერულ თარგმანს წარმოადგენს. როგორც გიორგი ლობჟანიძე აღნიშნავს მისი "მიზანი ზუსტი, მაგრამ ამავე დროს მკითხველზე ორიენტირებული სრული თარგმანის გაკეთება იყო. მართალია, თარგმანი სპეციალისტებზეა გათვლილი, მაგრამ მას უბრალოდ დაინტერესებული მკითხველიც წაიკითხავს".

სხვა სტატიები »