ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ტემპუსის პროექტის შედეგები მედიცინის ფაკულტეტზე

ტემპუსის პროექტის  შედეგები მედიცინის ფაკულტეტზე
9 ოქტომბერი, 2013
მედიცინის ფაკულტეტზე 15 ოქტომბერს სრულდება ევროკავშირის ტემპუსის პროექტი ,,სამაგისტრო პროგრამები საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და სოციალურ სერვისებში’’ რომელიც ფაკულტეტზე 2010 წლიდან ხორციელდება.

პროექტის  მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების სფეროში თანამშრომლობა პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან, გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, პროგრამის განხორციელებაში მონაწილე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, მოცემული პროგრამის სტუდენტებისათვის ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება და უახლესი სასწავლო ლიტერატურით მომარაგება.

პროექტის მიმდინარეობის პერიოდში სამუშაო შეხვედრები და კონფერენციები გაიმართა საქართველოში, სომხეთში, მოლდოვაში, დიდ ბრიტანეთში, შვედეთსა და რუმინეთში. პირველივე შეხვედრაზე დეტალებში განისაზღვრა არსებული სამი წლის სამოქმედო გეგმა, შეფასდა პარტნიორ ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების სფეროში არსებული მდგომარეობა, განხილული იქნა თითოეულ ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო და საკვალიფიკაციო ჩარჩოები, საგანმანათლებლო  პროგრამები.

ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩატარებული სამუშაო შეხვედრები/ტრენინგები მიეძღვნა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კურიკულუმის განვითარება, სწავლების, სწავლის და შეფასების ინოვაციური სტრატეგიები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები სწავლების პროცესში და ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემაში, კვლევითი კომპონენტის ადგილი კურიკულუმში, კვლევის ეთიკა და კანონმდებლობა უმაღლესი განათლების სისტემის კონტექსტში. შეხვედრებზე საინტერესო და ინტერაქტიური დისკუსიები ეძღვნებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პროექტის სტრუქტურა და მენეჯმენტი, ხარისხის უზრუნველყოფა და სხვა.

პროექტის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი:  ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურები: მიდგომები დახელოვნებისა და განვითარებისათვის’’, ხოლო საქართველოში შუალედური კონფერენცია: „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სოციალური სერვისები - განათლებიდან პრაქტიკამდე“.

ჩატარდა ასევე საზაფხულო სკოლა ქართველი სტუდენტებისათვის დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და რუმინეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით. მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის სტუდენტების მიერ წარმოებულმა კვლევამ და შედეგების პრეზენტაციამ მოწვეული პროფესურისაგან უმაღლესი შეფასება მიიღო, ხოლო მომხსენებელი სტუდენტი ლამარა გრატიაშვილი მიწვეული იქნა შემაჯამებელ კონფერენციაზე მოლდოვეთში, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში შედგა.

ინფორმაცია პროექტის შესახებ განთავსდა მედიცინის ფაკულტეტის ვებ-გვერდზე, მომზადდა სპეციალური ფლაიერები, რომელიც გავრცელდა განათლების ფორუმზე  საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია“,  ჩატარდა როგორც ჯგუფური, ისე  ინდივიდუალური შეხვედრები სხვადასხვა ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან. პროექტის წარმატებას არსებული სტატისტიკაც ასახავს: 2010 წელს სამაგისტრო პროგრამაზე 4 სტუდენტი ჩაირიცხა,  2011 და 2012 წელს-7, ხოლო 2013 წელს -12.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაო და შედეგები მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე განიხილეს და წარმატებულ პროექტად შეაფასეს.

პროექტის ფარგლებში განახლდა და დაიხვეწა როგორც სამაგისტრო პროგრამის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა’’ (პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი  ნატა ყაზახაშვილი) საგანმანათლებლო კურიკულუმი, ისე სასწავლო კურსები, შემუშავებული და დანერგილი იქნა ახალი ელექტიური სასწავლო კურსები  („ ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებათა პრევენცია“ და „სოციალური ფსიქოლოგია“), მომზადების პროცესშია სილაბუსი ელექტიური საგნისთვის „სოციალური სერვისები“, დაიხვეწა სწავლებისა და შეფასების სისტემა, უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენებით მომზადდა და გამოიცა სამი დამხმარე სახელმძღვანელო და რამდენიმე პუბლიკაცია, მომზადების პროცესშია ორი დამხმარე სახელმძღვანელოს გამოცემა, მომზადდა ქართულ ენაზე დამატებითი წასაკითხი მასალა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტერმინების ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ელექტრონული ვერსია, შეძენილი იქნა თანამედროვე ტექნიკა და ლიტერატურა, ტრენინგი გაიარა სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში ჩართულმა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, დამყარდა მჭიდრო კავშირები პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და ზოგიერთ მათგანთან დაწყებულია ახალი ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელება, ერთობლივი გადაწყვეტილების შესაბამისად პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი (www.tempusproject.co.uk) გააგრძელებს ფუნქციონირებას,  სადაც პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ასახონ მათ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში განხორციელებული სიახლეები.

2013 წლის 15 ოქტომბერს ტემპუსის პროექტი ოფიციალურად სრულდება, თუმცა პროექტის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობა და საქმიანობა კვლავ გრძელდება.

ტემპუსის პროექტის ,,სამაგისტრო პროგრამები საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და სოციალურ სერვისებში’’ კოორდინატორები არიან - ვინსენტ ობრაიანი (პროექტის პირველ ნახევარში)  და დაიანა მარდელი (პროექტის მეორე ნახევარში), კუმბრიის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი); პროექტის მენეჯერი - ნინო ჩიხლაძე, თსუ ასოცირებული პროფესორი).

პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებია:
  • კუმბრიის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი);
  • ბაიბის-ბოლიაის  სოციალური კვლევის უნივერსიტეტი (რუმინეთი);
  • ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტი  KTH (შვედეთი); 
  • ერევნის  სახელმწიფო  უნივერსიტეტი  და ერევნის სახელმწიფო;
  • სამედიცინო უნივერსიტეტი (სომხეთი);
  • კიშინოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სახელმწიფო სამედიცინო და ფარმაცევტული უნივერსიტეტი (მოლდავეთი); 
  • საქართველოს  უნივერსიტეტი (საქართველო).

 

სხვა სტატიები »