ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ბილინგვური განათლების ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები საქართველოში

19 აგვისტო, 2013
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის შალვა ტაბატაძის კვლევა “ბილინგვური განათლების პროგრამის ეფექტიანობის განმსაზღვრელი ფაქტორები საქართველოს რეალობაში”  2010 წელს ჩატარდა. 
სწორედ ამ პერიოდში საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო მულტილინგვური განათლების რეფორმა, რომლის შესაბამისად, არაქართულენოვან სკოლებს საკუთარი პროგრამების რეფორმირება და მულტილინგვური განათლების პროგრამების განხორციელება უნდა დაეწყოთ.  შალვა ტაბატაძის,  როგორც კვლევის ავტორის მიზანი იმის შესწავლა იყო, თუ რამდენად ჰქონდათ არაქართულენოვან სკოლებს მზაობა ეფექტიანი და ძლიერი მულტილინგვური განათლების პროგრამის განსახორციელებლად.

როგორც კვლევის ავტორი განმარტავს, ბილინგვური განათლების პროგრამა გულისხმობს სწავლებას ორ ენაზე – სახელმწიფო და უმცირესობათა. საგნების ნაწილი შეიძლება ისწავლებოდეს სახელმწიფო ენაზე, ნაწილი სომხურ ან აზერბაიჯანულზე. გადანაწილება ენებს შორის შეიძლება იყოს საგნების, ან კვირის დღეების მიხედვით, ან ერთი და იგივე საგანი ორ ენაზე ისწავლებოდეს. ბილინგვური განათლების რეფორმის იდეა სახელმწიფო ენის არაქართულენოვან სკოლებში  უფრო ეფექტიანი სწავლებისთვის გაჩნდა. ბილინგვური განათლების დროს ენის შესწავლა საგნის სწავლების  პარალელურად მიმდინარეობს. თუ ბილინგვური განათლების პროგრამა  კარგად დაგეგმილი და განხორციელებულია, მოსწავლე აკადემიური თვალსაზრისითაც უფრო მოსწრებულია და კოგნიტური (გონებრივი) განვითარებაც გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე მონოლინგვალ (ერთ ენაზე მოსაუბრე) ბავშვს. თუ პროგრამა ჯეროვნად არ განხორციელდა, იგი შეიძლება საფრთხის შემცველიც იყოს, რადგან მაშინ მოსწავლე სრულყოფილად ვერ ითვისებს ვერც ერთ ენას და ვერც აკადემიურ საგნებს.

მულტილინგვური განათლების პროგრამის ეფექტიანობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში ეს  საკადრო რესურსია,  რომელშიც შედის სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებელი, მულტილინგვური განათლების რეფორმის განსახორციელებელად საჭირო მომზადების დონით და  კვალიფიკაციით. მეორე ფაქტორი, მულტილინგვური განათლების ღირებულების გაზიარებულობაა იმ კონკრეტული თემის მიერ, რომელშიც ეს რეფორმა ხორციელდება და მესამე _ ამ პროცესში მშობლების ჩართულობაა. 

შალვა ტაბატაძის განმარტებით, არსებობს ძლიერი და სუსტი მულტილინგვური განათლების პროგრამები. ძლიერი მულტილინგვური განათლების პროგრამა გულისხმობს ორი ენის სწავლებას, რომლის შედეგად  მოსწავლე თანაბრად ფლობს ორივე ენას. სუსტი პროგრამების ფარგლებში ერთი ენა მეორეს ხარჯზე  ისწავლება და  ბილინგვიზმი აღარ ვითარდება, რაც მოსწავლეების აკადემიური ჩამორჩენის მიზეზიც ხდება. 
პროექტის ფარგლებში უკვე ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, მკვლევარმა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში (რეგიონებში, სადაც არის არაქართულენოვანი მოსახლეობის კომპაქტური დასახლება) მდებარე 26 საპილოტე სკოლა შეისწავლა.

“როგორც სასწავლო  პროგრამების ანალიზმა აჩვენა, 26 სკოლიდან 19 ირჩევს სუსტი ბილინგვური განათლების პროგრამას და ორიენტირებულია მხოლოდ სახელმწიფო ენის, ან მშობლიური ენის სწავლებაზე. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ  ცხრამეტივე სკოლაში ეს პროგრამა, საჭირო საკადრო რესურსის ნაკლებობის გამო შეირჩა. ძლიერი პროგრამის დასანერგად ამ სკოლებს სამინისტროსგან ფინანსური და ადამიანური რესურსი უნდა მოეთხოვათ. Aამის ნაცვლად, მათ აირჩიეს ის პროგრამა, რომლის განხორციელებაც მეტ-ნაკლებად თავად შეეძლებოდათ. დანარჩენმა შვიდმა ძლიერი პროგრამა აირჩია. იმის გასარკვევად, თუ რამდენად იყვნენ ეს სკოლები მზად მის  განსახორციელებლად, შევისწავლეთ როგორც ადმინისტრაციის, ასევე მასწავლებლების მომზადების დონე. ამ თვალსაზრისით შედეგი ძალიან ცუდი აღმოჩნდა.  საერთოდ, არაქართულენოვან სკოლებში არსებული პრობლემებიდან პირველი, ბილინგვური განათლებისათვის საჭირო ორენოვანი მასწავლებლის ნაკლებობაა, რომელიც ორ ენაზე სწავლებას შეძლებს.” – აცხადებს შალვა ტაბატაძე.  

კვლევის ავტორის თქმით, აღმოჩნდა, რომ ეთნიკურად არაქართველი ქართული ენის მასწავლებლების  დაახლოებით 60 %, რომლებიც ამ სკოლებში ასწავლიან, სათანადო დონეზე თავად ვერ ფლობენ ქართულს. ლაპარაკი არ არის ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის და სხვა მასწავლებლებზე, რომლებმაც საერთოდ არ იციან ქართული ენა. უკეთესი ვითარება არც სკოლის ადმინისტრაციის  მხრივ აღმოჩნდა.  დირექტორების უმრავლესობა ვერ ფლობს სახელმწიფო ენას და, შესაბამისად, არ შეუძლია ბილინგვურ კლასში სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობა. როგორც გაირკვა,  დირექტორების და ადმინისტრაციის წარმომადგენლების 93% არ იცნობდა საკუთარი სკოლის ბილინგვური განათლების პროგრამას. 2007 წელს ჩატარებულ სკოლის დირექტორების არჩევნებისას, ქართულენოვანი სკოლების 53%-მა აირჩია სკოლის ახალი დირექტორი, არაქართულენოვან სკოლებში კი 265-დან მხოლოდ 26-ში აირჩიეს ახალი დირექტორი, რადგან კანდიდატების 90%-მა ვერ გაიარა ტესტირება, ან გასაუბრება ქართულ ენაში.  რაც სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობის დაბალი კვალიფიკაციის ნათელი მაგალითია".

რაც შეეხება იმას, არის თუ არა გაზიარებული ბილინგვური განათლების მნიშვნელობა თემის მიერ: კვლევის განმავლობაში შესწავლილმა ოცდაექვსივე საპილოტე სკოლამ მიუთითა, რომ ბილინგვური განათლების ინიციატივა თემიდან არ წამოსულა. ანუ ეს არ ყოფილა თემიდან ანუ ქვემოდან წამოსული რეფორმა. უბრალოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აცნობა სკოლების ადმინისტრაციას, რომ ისინი შეირჩნენ საპილოტე სკოლებად ამ პროგრამის განსახორციელებლად.

რაც შეეხება მშობლის როლს ბავშვის მიერ სწავლების და განათლების მიღებაში: მეცნიერის თქმით, მაშინ, როცა მშობლები თავად ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, როდესაც განათლება სკოლაში ორ ენაზეა, სასწავლო პროცესში მათი დახმარება და მხარდაჭერა მინიმალიზირებულია. მასწავლებლების უმეტესობამ კითხვაზე, იყენებდნენ თუ არა სხვადასხვა სტრატეგიას სასწავლო პროცესში მშობლების ჩასართავად, დადებითი პასუხი გასცა. თუმცა, კონკრეტული მაგალითის მოტანა დაახლოებით 93%-მა ვერ შეძლო.  შესაბამისად, კვლევის პროცესში შესწავლილ ამ სკოლებში მშობელთა ჩართულობა არამარტო ბილინგვური განათლების პროგრამების იმპლემენტაციისას, არამედ ზოგადად სასწავლო პროცესში ძალიან მინიმალური იყო. 

"კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ბილინგვური განათლების რეფორმა ყველა სკოლაში არ უნდა დაიწყოს. სკოლები არ აღმოჩნდნენ მზად ამ პროცესისთვის" - აცხადებს მკვლევარი.

ბილინგვური განათლების პროგრამის ეფექტიანობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე, კვლევის პრეზენტაცია 2011 წელს თსუ-სა და ორგანიზაცია “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან” ერთობლივად ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხდა. კონფერენციაზე სახელწოდებით „სახელმწიფო ენის სწავლების საკითხები“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 15 ექსპერტი იყო ჩამოსული. კვლევის შედეგები წარმოდგენილი იყო ასევე ნიუ-ორლეანში 2013 წელს საერთაშორისო და შედარებითი  განათლების საზოგადოების (CIES)  ყოველწლიურ კონფერენციაზე. ამ კვლევის შედეგები და საქართველოში ბილინგვური განათლების რეფორმის ზოგადი ანალიზი შესულია აშშ-ში გამოცემულ სახელმძღვანელოს  2007 წლის (მეხუთე გამოცემა)  და 2011 წლის (მეექვსე) გამოცემებში (“Human Diversity in Education; An Intercultural Approach”, Publishing House McGraw-Hill, Penn Plaza, 20th fl. New York, NY 10121”), რომელშიც ერთი ქვეთავი საქართველოში ბილინგვური განათლების რეფორმას შეეხო.   

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, რომელმაც დაადგინა არაქართულენოვან სკოლებში საკადრო დეფიციტის არსებობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან” თანამშრომლობით, შემუშავდა ახალი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც გულისხმობს დაწყებითი კლასებისთვის ორენოვანი მასწავლებლების მომზადებას. Aპროგრამა, გარკვეული პროცედურების შემდეგ, განსახილველად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა შევიდეს აკრედიტაციის გასავლელად და მასზე სტუდენტების მიღება უკვე 2013 წლის სექტემბრისთვის იქნება შესაძლებელი. ამ პროგრამაში აქცენტი არაქართულენოვან სკოლადამთავრებულებზე გაკეთდება, რომლებიც საშეღავათო რეჟიმით ჩაირიცხნენ თსუ-ში და ერთი წლის განმავლობაში სწავლობენ ქართულს. საბაკალავრო დონეზე დაწყებითი კლასებისთვის მომზადდებიან მასწავლებლები, რომლებიც შეძლებენ ორ ენაზე სხვადასხვა საგნის სწავლებას. ასევე, ევროკავშირის დაფინანსებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებით დაიწყო ტემპუსის პროგრამა, რომელიც გულისხმობს მულტილინგვური განათლების პროგრამის დანერგვას საქართველოსა და უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებში. ამ პროგრამის კოორდინატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია და მასში ჩართულია 12 პარტნიორი. აღნიშნული პროგრამა მომავალი მასწავლებლების უკვე სამაგისტრო დონეზე მომზადებას გულისხმობს. საუბარია მე-7 - მე-12 კლასებისთვის ორენოვანი მასწავლებლების მომზადებაზე, რომლებიც შეძლებენ ფიზიკის, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების სასკოლო საგნების სწავლებას არაქართულენოვან სკოლებში. სამაგისტრო პროგრამის განხორციელება, სავარაუდოდ, უკვე 2015 წლისათვის დაიწყება” – აცხადებს შალვა ტაბატაძე. 

ტემპუსის აღნიშნული პროგრამა ასევე ითვალისწინებს მოქმედი მასწავლებლების გადამზადების პროგრამის მომზადებას.  პარტნიორების სახით, უკრაინელ კოლეგებთან ერთად, ჩართული არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი, რომლებიც ასევე დანერგავენ ბილინგვური მასწავლებლის მომზადების სამაგისტრო და მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამას.
მკვლევარის შეფასებით, თუ ტემპუსის პროგრამა წარმატებით განხორციელდა, 2010 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები და კვლევის შედეგად იდენტიფიცრებული პრობლემები რამდენიმე წელში დაიძლევა.

სხვა სტატიები »