ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მუსლიმი მესხები - ინტეგრაცია თუ სეპარაცია?

მუსლიმი მესხები - ინტეგრაცია თუ სეპარაცია?
20 აგვისტო, 2013
საქართველოდან დეპორტირებულ მუსლიმ მესხთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის თემა საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოწვევაა. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ ქვეყანას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური ნება (რომელიც უკვე დეკლარირებულია), არამედ სერიოზული კვლევები, რომელიც ამ პროცესს პრობლემებისგან დააზღვევს. ამ გზაზე მნიშვნელოვანია თავად მუსლიმ მესხთა სოციუმის კვლევა, რომელშიც უკვე რამდენიმე წელია აქტიურ მონაწილეობას იღებს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ეკატერინე ფირცხალავა.

1999 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა, მკვლევარების გია თარხან-მოურავის და ნანა სუმბაძის ხელმძღვანელობით ჩაატარა კვლევა მუსლიმი მესხების შესახებ. ეკა ფიცრხალავა ამ კვლევაში ინტერვიუერის სტატუსით მონაწილეობდა. მისი მეორე შეხება მუსლიმ მესხებთან 2004 წელს მოხდა, როცა უმცირესობების საერთაშორისო ცენტრმა, რეპატრიაციის კანონის მიღების შესახებ ევროსაბჭოს მოთხოვნის საფუძველზე, კვლევები 9 ქვეყანაში ჩაატარა.  „ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, საინტერესოა მუსლიმი მესხების, როგორც დახურული და ტრადიციული საზოგადოების კვლევა, რომელთაც  სხვადასხვა პერიოდში განიცადეს ახალი სოციალური გარემოს გავლენა. როგორ აისახა  ეს ყველაფერი მათზე, როგორია  გარემოს  ცვალებადობაში  ადაპტაციის პროცესი და  ხელშემწყობი გარემოებები.“ - ამბობს მკვლევარი. ასე რომ, როცა 2011 წელს კარნეგის ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი ახალგაზრდა მკვლევარებისთვის, ეკა ფირცხალავამ კვლავ მუსლიმი მესხების თემა აირჩია. მსგავსი ტიპის კვლევა მუსლიმ მესხებზე აქამდე არ ჩატარებულა. რუს მეცნიერებს - ელიზავეტა კორიუჩკინას და იგორ კუზნეცოვს აქვთ ნაშრომები ამ თემაზე, მაგრამ ძირითადად ეთნოგრაფიული კვლევებია და მხოლოდ კრასნოდარის მხარეში მცხოვრებ მესხებს ეხებოდა. ქართველი მეცნიერები ლავრენტი ჯანიაშვილი და ნათია ჯალაბაძე, ასევე სხვები, აქტიურად სწავლობენ მუსლიმ მესხებთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგრამ ამერიკაში მცხოვრები მუსლიმი მესხები არ უკვლევიათ.

მკვლევარი განმარტავს, რომ მუსლიმი მესხების საზოგადოება, ეს არის საზოგადოება, რომლებიც 1944 წელს ჯერ საქართველოს ტერიტორიიდან გადაასახლეს, შემდეგ კი - სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ფერგანის მოვლენების  შემდეგ ისინი კიდევ ერთხელ გახდნენ დევნილები. ამჯერად მუსლიმი მესხები განსახლებული არიან პოსტსაბჭოთა ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილზე, დიდი ნაწილი აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, მცირე  ნაწილი - საქართველოსა და თურქეთში და ნაწილი - აშშ-ის ტერიტორიაზე. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ სამშობლოში დაბრუნებას ელოდება.

კვლევა ჩატარდა კარნეგის ფონდის სტიპენდიის ფარგლებში 2012 წლის გაზაფხულზე, საქართველოში (ახალციხის რაიონის სოფელ აბასთუმანში)  და ამერიკაში (პენსილვანიის შტატში ქ. ლანკასტერსა და ფილადელფიაში).  ვინაიდან ეს იყო შედარებითი კვლევა ორი განსხვავებული გარემოს გავლენის შესახებ, რესპოდენტებად შერჩეული იყვნენ ადამიანები, რომლებიც ერთსა და იმავე დროს (2005-2006) წლებში დასახლდნენ ამერიკასა და საქართველოში.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო ამერიკაში, პენსილვანიის შტატში მცხოვრებმა 30 მუსლიმმა მესხმა (18 ქალი და 12 მამაკაცი) და საქართველოში, აბასთუმანში მცხოვრებმა 19-მა რესპოდენტმა (14 ქალი და 5 მამაკაცი). საქართველოში 2005-2006 წწ-ში ჩამოსახლებული ოჯახებიდან  ნაწილი დაბრუნდა უკან და ვინც იყვნენ დარჩენილი, მხოლოდ მათთან ჩატარდა კვლევა. ასაკის მიხედვით, რესპოდენტები განაწილებული იყო 15-25, 25-26 და 46-დან ზევით ასაკობრივ ჯგუფებში, რადგან განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები, შესაძლებელია, განსხვავებულად იღებდნენ გარემოს ზეგავლენას.

კვლევის მიზანი იყო მუსლიმი მესხების ცხოვრებაში, გორდონის მოდელის მიხედვით, ასიმილაციისა და სეპარაციის პროცესის განხილვა. რათა მკვლევარებს ენახათ, როგორ არიან მუსლიმი მესხები ადაპტირებული იმ გარემოში,  სადაც ისინი ცხოვრობენ; რა გზებით ახერხებენ ამას, რა სტრატეგიები აქვთ ამისთვის, არის თუ არა ეს ასიმილიაცია, თუ ეს არის დახურულ ჯგუფად დარჩენა - გამოყოფა, სეპარაცია.
რაც შეეხება კვლევის მეთოდს, ეკა ფირცხალავა ამბობს, რომ კვლევის პირველ ნაწილში სამაგიდო კვლევის დროს ის გაეცნო და გააანალიზა მუსლიმი მესხების მიგრაციის საკითხთან დაკავშირებული მასალები, არსებული  კვლევები და  დოკუმენტები. საველე კვლევა კი სიღრმისეული ინტერვიუს და ფსიქოლოგიური ტესტების მეთოდით ჩატარდა.

კვლევების თანახმად, ისეთ ტრადიციულ საზოგადოებაზე, როგორიც მუსლიმი მესხებია (მიუხედავად მათი ტრადიციებისა), განსხვავებულმა სოციალურმა გარემომ, შესაძლოა, გარკვეული ზეგავლენა იქნიოს. თუმცა, ცვალებადობას დრო სჭირდება და ცვალებადობას განიცდის საზოგადოება იმ სოციალური გარემოს შესაბამისად, სადაც ეს ხალხი, ეს საზოგადოება ცხოვრობს. „2004-2006 წლების კვლევის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მუსლიმ მესხებს, ყველა ქვეყანაში, სადაც მათ მოუწიათ ცხოვრება,  ტრადიციების  და წეს-ჩვეულებების ნაწილი შემორჩენილი აქვთ ერთნაირად _ ეს არის ქორწინება თავისი რიტუალით  და დაკრძალვა“ - ამბობს მკვლევარი.

კვლევამ ასევე აჩვენა, იღებენ თუ არა მუსლიმი მესხები იმ წესებს, რასაც კარნახობს მათ საცხოვრებელი გარემო და რამდენად განსხვავდება ეს ცვალებადობა 2 ქვეყანაში. ასევე რა გავლენა იქონია არსებულმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა და ახალმა სოციალურმა გარემომ ამ ადამიანების ცხოვრებაზე. კვლევის დროს გამოიყო რამდენიმე საკითხი, რომელთა შორის განსხვავებას კვლევის ავტორმა სწორედ სიღრმისეული ანალიზის მეთოდით მიაგნო. კერძოდ, ეს ეხებოდა: ოჯახის სტრუქტურას,  გენდერული ფუნქციების განაწილებას, ეკონომიკურ მხარდაჭერას, განათლებას, ენას, ქორწინებას და დაკრძალვას. 

მაგალითისთვის, ამერიკაში, მუსლიმი მესხების ოჯახში ოჯახის ყველა წევრი მუშაობს, მიუხედავად მათი ასაკისა და სქესისა, გამომუშავებული თანხა ერთად იკრიბება, „ერთ ყულაბაში“ინახება და, ძირითადად ოჯახის დედა წყვეტს, მამასთან ერთად, ფული სად და რაში  დაიხარჯოს, საქართველოში _ მუსლიმი მესხების ოჯახში, ძირითადი „შემომტანი“ მამაკაცია. მას ფინანსები შემოაქვს, თუმცა, შემდეგ ფული ქალის ხელშია და ძირითადად დედა წყვეტს, სად დახარჯოს თანხა.

მუსლიმი მესხებისთვის სერიოზული პრობლემაა ენა, როგორც საქართველოში, ისევე ამერიკაში. გადასახლების შემდეგ ყველა მათგანმა, ვინც საშუალო და შემდეგ უმაღლესი განათლება მიიღო, შეითვისა ის ენა, რომელ რესპუბლიკაშიც მოუწიათ ცხოვრება: უზბეკური, ყირგიზული, ყაზახური და რუსული, როგორც ინტერნაციონალური ენა. ქართულის ცოდნა მხოლოდ პასივში დარჩა. დეპორტაციაში კომუნიკაციის ე.წ. შიდა საოჯახო ენა თურქულის ანატოლიური დიალექტი იყო, რომელსაც „სამშობლოდან წამოღებულ მესხურს“ უწოდებდნენ. დღევანდელი სურათი კი ასეთია: აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მესხებიდან ქალები უკეთ საუბრობენ ინგლისურად, ვიდრე მამაკაცები. მიზეზი სწორედ გარემოა _ ქალების უმრავლესობა მომსახურების სფეროში მუშაობს და სხვა ადგილობრივებთან ერთად, შესაბამისად, კომუნიკაცია ამ ენაზე უწევთ, ხოლო მამაკაცები ძირითადად გადამზიდავი მანქანების მძღოლები არიან და იქ საუბარი თითქმის არ უწევთ, ან რუსულენოვან გარემოში  მუშაობენ. სახლში სასაუბრო ენა თურქულია. რაც შეეხება საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მესხებს, ენის პრობლემა აქაც მწვავედ დგას. ქართულად მხოლოდ ქალების ნაწილი საუბრობს, ნაწილი კი გარემოსთან, ძირითადად, თურქულად ან, საუკეთესო შემთხვევაში, რუსულად ურთიერთობს. მათ ისე ხშირად არ უწევთ ქართულენოვან გარემოსთან ურთი-ერთობა, ძირითადად ერთმანეთს ეკონტაქტებიან, რადგან არც ერთი მათგანი არ მუშაობს.

დასკვნის სახით მკვლევარი აცხადებს: „ისტორიული წარსული ამ ადამიანებს იძულებულს ხდის კონცენტრირებულები იყვნენ დახურულობასა და ტრადიციების შენარჩუნებაზე. მაგრამ, ასევე უნდა ითქვას, რომ მათი თანაცხოვრება სხვადასხვა ეროვნების ადამინებთან აისახება მათ ცხოვრებაზე“.
ახალი გარემოს გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებ მაჰმადიან მესხებში: მკვლევარის თქმით, შეცვლილია ურთიერთობები მეუღლეებს შორის, რასაც გენდერული როლების ტრანსფორმაციაც კი შეიძლება დავარქვათ; ქალებს თავისი წვლილი შეაქვთ ოჯახის ბიუჯეტში და გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც მონაწილეობენ. ძველი სტერეოტიპების ნგრევა შეინიშნება გარემოს გავლენით. ასევე მეტი ყურადღება ეთმობა ქალების განათლებას; მშობლები შედარებით ნაკლებად არიან ჩართულები ოჯახის შექმნის პროცესში; ნაწილობრივ შეცვლილია დასაფლავების რიტუალი.

გარემოს ცვლილება ნაწილობრივ აისახა მუსლიმი მეს-ხების ცხოვრებაზეც და  მათ წეს-ჩვეულებებზე; ამერიკაში მცხოვრები მუსლიმი მესხების ნაწილი უკვე მოქალაქეა, ნაწილი ელოდება მოქალაქეობას და მათ არ აქვთ გეგმაში ადგილმდებარეობის შეცვლა, ამიტომაც გარემოს მიერ ნაკარნახევი წესები ნელ-ნელა ინტერიორიზირდება, რადგან ახალი გარემო ახალ წესებს გთავაზობს და იმისთვის რომ  საზოგადოება მოერგოს და იცხოვროს ახალ  გარემოში, უნდა მიიღოს  კიდევაც.

თუმცა, არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც შენარჩუნებულია ყველგან - საქართველოშიც და ამერიკაშიც: პატივისცემა მშობლებისა და ოჯახში უფროსების მიმართ, ოჯახში ფულის საერთო ყულაბაში შეგროვება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფროსების უპირატესობა, ცხოვრება გაფართოებულ ოჯახებად.

გორდონის ასიმილაციის 7-ივე საფეხურის მიხედვით, მუსლიმი მესხები არ არიან ასიმილირებული: არც ერთ ქვეყანაში, სადაც მათ უცხოვრიათ გადასახლების შემდეგ, როგორც კვლევები ადასტურებს, არ ყოფილან იმ საზოგადოების ნაწილი, სადაც ცხოვრობდნენ. და ახლა არც ამერიკაში და არც საქართვლოში არიან, რადგანაც მათ ქცევაში შეინიშნება მხოლოდ ნაწილი იმ ჩამონათვალისა, რასაც გორდონი გვთავაზობს, როგორც ასიმილაციის საზომს.

„კონკრეტრულად იმის შესწავლა, თუ როგორ შეეგუენ ამერიკაში მუსლიმი მესხები იქაურ ცხოვრებას, გვაძლევს დიდ გამოცდილებას, რომელიც სამომავლოდ გამოადგება საქართველოს, კერძოდ კი რეინტრეგრაციის სამინისტროს." - ამბობს ეკა ფირცხალავა.
„იმ შემთხვევაში, თუ მართლა მოხდა ამ ადამიანების  ჩამოყვანა საქართველოში, უნდა ვიცოდეთ, ამ ხალხს რა სჭირდება, რა ენაზე უნდა ვესაუბროთ მათ; რა უნდა იყოს გამოყენებული მათი ადაპტაციისთვის" - დაასკვნის იგი.

სხვა სტატიები »