ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

JET29 - გამარჯვებული სტუდენტური სტარტაპ-იდეები

JET29 - გამარჯვებული სტუდენტური სტარტაპ-იდეები
9 მარტი, 2020
JET29 თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის პრე-აქსელერაციის პირველი პროგრამაა, რომელიც სტარტაპების (დამწყები ბიზნესების) განვითარებას უწყობს ხელს. პროგრამის მიზანს ადგილობრივი ინოვაციურ-ტექნოლოგიური პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება წარმოადგენს.
Martian Home, Digital Receptor, Taste from Georgia, Medea,  Product Ruby - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელიც JET29-ის ფინალში მოხვდნენ. სხვა  ჯილდოებთან ერთად მათ ადგილობრივი კერძო კომპანიებისა და ბრიტანული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის “Change School”-გან ერთთვიანი მენტორობა მიიღეს.
Martian Home  ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არქიტექტორებს შენობების დაგეგმარებაში დაეხმარება. სტარტაპი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებს არჩილ საყევარაშვილს, სალომე შეყილაძესა და გიგია აფციაურს ეკუთვნის.
,,დღესდღეობით არქიტექტორები თითოეულ პროექტს  დიდ დროსა და ძალისხმევას უთმობენ,  ჩვენი მიზანია  მათ თითოეულ პროექტზე დახარჯული დრო  დავაზოგინოთ.   ჩვენი პროდუქტის მეშვეობით არქიტექტორები ნაკლები დანახარჯებით შეძლებენ უფრო მდგრადი სახლების აშენებას“ - განაცხადა სალომე შეყილაძემ Martian Home -ს  თანადამფუძნებელმა. 
Martian Home -ის  პროდუქტი  არქიტექტორების ვირტუალური ასისტენტი AVA (Architects' Virtual Assistant) იქნება. პლატფორმა, სადაც არქიტექტორები ატვირთავენ თავიანთ ნიმუშებს, AVA კი შეისწავლის მათი მუშაობის სტილს და ახალ პროექტებს არქიტექტორის მოთხოვნის შესაბამისად დააგენერირებს. 
Martian Home  "საქართველოს ბანკისა" და Redberry-ს რჩეული გახდა. კომპანია რედბერიმ სტუდენტები ერთთვიანი მენტორშიპინგით დააჯილდოვა, რაც მათ სამომავლოდ სტარტაპის დახვეწაში დაეხმარებათ. "საქართველოს ბანკმა'' კი გუნდის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
გუნდის სამომავლო მიზანს  ბრიტანულ კონკურსში Big Idea Challenge გასვლა წარმოადგენს. პირველ ეტაპზე კი პროდუქტის ალფა ვერსიის დასრულებასა და არქიტექტორებისთვის შეთავაზებას გეგმავენ.
თსუ ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი ლევან კოდუა და თსუ ელექტრონიკის ფაკულტეტის სტუდენტი ივანე გრინენკო კი სატელეფონო თამაშის ,,მედეა“ დამფუძნებლები არიან.
Medea - ეს არის საბრძოლო სატელეფონო თამაში, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ქიმიის ღრმად შესწავლაში. როგორც 2018 წლის კვლევა აჩვენებს, საქართველოში მეცნიერებით დაინტერესებულ მოსწავლეთა წილი 77 ქვეყანას შორის ბოლოდან მეხუთე ადგილს იკავებს, რაც უკვე საგანგაშო ნიშნულია. 
,,ჩვენ ვქმნით ვიდეოთამაშს, სადაც ქიმიური ელემენტები გადმოცემულია პერსონაჟებად, ხოლო ქიმიური რეაქციები კი ამ პერსონაჟებს შორის მოქმედებად, რაც Mortal Kombat-ის ხიბლს სძენს მას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს თამაში მოსწავლეებს მისცემს ღირებულ სამეცნიერო ცოდნას და გაუღვივებს ინტერესს მეცნიერების მიმართ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით“ - აცხადებს ლევან კოდუა, ,,მედეას“ თანადამფუძნებელი.
სატელეფონო თამაშის სტარტაპმა სარეკლამო კომპანია redberry-ისგან ერთთვიანი მენტორობის პროგრამა მიიღო, ასევე მოსაწვევები Startup Grind Tbilisi Georgia-სა და Tbilisi Startup Bureau-სგან.
თსუ სტუდენტები სამომავლოდ სტარტაპ იდეის დახვეწას გეგმავენ ,,გვინდა წარმატებული სტარტაპერებისგან გამოცდილება მივიღოთ, შევქმნათ თამაშის gameplay და ანიმაციები, რომელსაც kickstarter-ზე ავტვირთავთ. კონკრეტული ბიუჯეტის შეგროვების შემდეგ კი დავიწყებთ თამაშის სრულ ვერსიაზე მუშაობას.“
კითხვაზე, თუ რას მოიცავს თქვენი სტარტაპი, თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი ლიკა ქარცივაძე და მარიამ შარაშიძე  საჯარო მმართველობის სტუდენტი კავკასიის უნივერსიტეტში, შემდეგ პასუხს გვთავაზობენ:
,,Digital Receptor - ეს არის ციფრული სივრცე მათთვის, ვინც ეძებს კულინარიულ გამოცდილებას“   Digital Receptor-ის თანადამფუძნებლის ლიკა ქარცივაძის თქმით, ქართველი მომხმარებელი განიცდის კულინარიული მასტერკლასების ნაკლებობას, რასაც ემატება არსებულის ერთფეროვნება და მოსაწყენი გარემო.  მათი პროდუქტი კი  მომხმარებელს საშუალებას მისცემს თავი იგრძნოს იმ ქვეყანაში, რომლის სამზარეულოსაც ეუფლება. ,,ჩვენი იდეაა შევქმნათ სივრცე კულინარიული მასტერკლასებისთვის  Screen X ტექნოლოგიის დახმარებით. მაგალითად, როცა მომხმარებელი მოამზადებს აჭარულ ხაჭაპურს screen  x-ით თავს იგრძნობს აჭარაში და ამასთანავე გაეცნობა ამ კერძის წარმოშობის ისტორიას. მთავარი, რასაც შევთავაზებთ, ეს იქნება კულინარიული გამოცდილება მსგავს განსხვავებულ სიცრცეში, ასევე მასტერკლასები წარმატებულ შეფებთან და საიდუმლო რეცეპტების გაზიარება. ვფიქრობ, უსახური კედლების ნაცვლად ეკრანები, ანუ  ვიზუალური აღქმა, გაზრდის კურსის წარმატებას“ 
Digital Receptor-მა მიიღო პრიზები საქართველოს ბანკისგან, მოსაწვევები Startup Grind Tbilisi Georgia-სა და Tbilisi Startup Bureau-სგან. ასევე სახელმძღვანელოები და ერთთვიანი მენტორობის პროგრამა ჯეპრასგან.
მათი სურვილი არსებული იდეის რეალურად გადაქცევაა. ,,ჩვენ ყველანარიად ვცდილობთ ეს იდეა რეალურად ვაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე განსხვავებულ პროფესიებს ვეუფლებით, ამ კუთხით ჩვენი ინტერესები ემთხვევა.“ ამ ეტაპზე კი სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობით აგროვებენ გამოცდილებასა და მათთვის საჭირო კავშირებს. 
Taste from Georgia ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპია, რომელიც თსუ ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგი მაცუკატოვმა და თათია კოტაძემ დაარსეს. მათ მიზანს უცხოეთში მცხოვრები, კულინარიით დაინტერესებული პირებისათვის საქართველოში წარმოებული პროდუქტის ონლაინ მაღაზიის შექმნა წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს ქართული პროდუქტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
„ჩვენ ვქმნით ქართული ტრადიციული საკვების ონლაინ პლატფორმას საერთაშორისო გაყიდვებისთვის, ანუ ქართული კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ქართულ საკვებს, მაგალითად ჩურჩხელას, ღვინოს, ჩაის, თაფლს შეძლებენ განათავსონ თავიანთი პროდუქტი ჩვენს ვებ გვერდზე. მომხმარებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ , შეისყიდონ ეს პროდუქტი, ჩვენ კი ფოსტის საშუალებით გავუგზავნით“ - განაცხადა თათია კოტაძემ, Taste from Georgia-ს თანადამფუძნებელმა.
Taste from Georgia ჯეპრას რჩეული გახდა. კომპანია გუნდის წევრებს 1 თვის მანძილზე პიარ კამპანიის განხორციელებაში დაეხმარება.   
გუნდის სამომავლო გეგმები კვლავ არსებული სტარტაპის განვითარებას უკავშირდება. პირველი ეტაპისთვის, ისინი ბაზრის შესწავლასა და კონკრეტული ციფრების დადგენას აპირებენ, რათა ქართულ კომპანიებს თანამშრომლობა შესთავაზონ. შემდგომ გეგმებს კი საფოსტო რეგულაციების შესწავლა და სავაჭრო ნიშნის აღება წარმოადგენს.
სტარტაპი - “Product-Ruby” კი ქმნის კომპაქტურ, წყლის გამფილტრავ ბოთლს, რომელიც დაეხმარება საქველმოქმედო კომპანიებს უფრო დიდი მასშტაბით და ნაკლები ხარჯით მოუგვარონ წყლის მიუწვდომლობის პრობლემა მწყურვალ ადამიანებს. ეს იდეა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტს მიშო გაბუნიასა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტ გიკა გოგოლაძეს ეკუთვნის.
,,ბაზარზე არსებობს დასაკეცი და ფილტრიანი ბოთლები, თუმცა ორივე ფუნქციის ერთად მქონე - არა. ჩვენ ვქმნით ბიოდეგრადირებად ბოთლს, რომელიც იქნება დასაკეცი და გაფილტრავს წყალს. ის მოუგვარებს სასმელი წყლის მიუწვდომლობის პრობლემას მწყურვალ ადამიანებს, მაგალითად აფრიკაში და დაკეცვის ფუნქცია შესაძლებელს გახდის საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის მისი დიდი რაოდენობითა და შედარებით დაბალ ფასებში მიწოდებას“
“Product-Ruby”  ჯიტასა და ჯეპრას რჩეული გახდა. ჯიტამ გუნდს ტექნოპარკში Co-Working Space გამოუყო, ჯეპრამ კი  ნებისმიერი სახის დახმარება შესთავაზა მათ, იქნება ეს ტრენინგები, კონსულტაციები თუ სასურველი კონტაქტები.
 „ჩვენ გვინდა გასვლა მსოფლიო ბაზარზე, ამჟამად აქცენტი გვაქვს იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე, რომლებიც აფრიკელ ხალხს ეხმარება სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაში, გრძელვადიან გეგმებში გვაქვს უშუალოდ მომხმარებელზე გადასვლა, მაგალითად მოლაშქრეებზე. ასევე განვიხილავთ ბიზნესის B to G მოდელსაც, რაც გულისხმობს ჩვენი პროდუქტის სახელმწიფოსთვის შეთავაზებას, კერძოდ სამხედროებისთვის,მაისში კი ვაპირებთ Big Idea Challenge-ზე გასვლას “ - ამბობს მიშო გაბუნია, Product-Ruby-ს თანადამფუძნებელი.
პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში გუნდებმა  ინტენსიური სატრენინგო კურსი გაიარეს, განავითარეს და დახვეწეს თავიანთი სტარტაპ იდეები, მიიღეს ცოდნა და გამოცდილება. ,,ვისწავლეთ როგორ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი იდეა სიტყვიერად, დამთავრებული იმით თუ როგორ გავიყვანოთ ბოლოში, აქ სწორად განახებენ შენს იდეას და როცა  ნაბიჯნაბიჯ სწავლობ ყველაფერს , ძალიან მინიმუმამდე დადის ის რისკი, რომ არ გაგიმართლდეს“, - ამბობს თათია კოტაძე, Taste from Georgia-ს თანადამფუძნებელი.   
პროგრამისა და ღონისძიების მხარდამჭერები არიან "საქართველოს ბანკი", საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და ბრიტანეთის საბჭოს  პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“. 

სხვა სტატიები »