ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უნივერსიტეტის ერთი წელი

უნივერსიტეტის ერთი წელი
24 დეკემბერი, 2019
სულ მალე 2020 წელი დადგება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი წლის ისტორიის ათვლას დაიწყებს. მანამდე კი მკითხველისთვის გასულ 2019 წელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე შეაჯამებს:
„2019 წელი მართლაც გამორჩეული იყო უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტელებისთვის. წელს 40 000 - დან ყოველმა მეოთხე აბიტურიენტმა პირველი არჩევანი თსუ-ზე გააკეთა. თსუ-ს რიგებს 5000 სტუდენტი შეემატა, რომელთა ნახევარზე მეტი გრანტის მფლობელია. პირველკურსელების დასახვედრადაც წელს გამორჩეულად მოვემზადეთ - კერძო სექტორთან თანაშრომლობით, თბილისში ჩამოვიყვანეთ დეტროიტელი არტისტი, Kenny Larkin და საღამოს 8 000-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო. არანაკლებ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ საახალწლოდ. თსუ-ს მოწვევით თბილისში დიჯეი და პროდიუსერი Terence Parker და Aleksandir Lawrence ჩამოდიან. 
საამაყოა, რომ ჩვენს რეგიონში პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი საბაკალავრო პროგრამა ABEთ-ის აკრედიტაციას მიიღებს. ეს თსუ-ს კიდევ ერთი დიდი აღიარებაა საერთაშორისო მასშტაბით და იმ ადამიანების დიდი შრომის შედეგი, რომლებიც აღნიშნული პროგრამების განხორციელებაში არიან ჩართულნი. შედეგად, საქართველო იქნება მსოფლიოში 33-ე ქვეყანა, სადაც სტუდენტები მომავალი სასწავლო წლიდან შეძლებენ ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ABET აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლას. 2019 წელი კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ამბით დაგვირგვინდა: საქართველო გახდა 24-ე ქვეყანა, სადაც ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) საერთაშორისო წარმომადგენლობა იხსნება, რომელიც თსუ-ში განთავსდება. შედეგად, 2020-2021 სასწავლო წელს თსუ მიღებას ACS-ის მიერ სერტიფიცირებულ ქიმიის პროგრამაზეც გამოაცხადებს. აღსანიშნავია, რომ ამავე წელს ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის მხარდაჭერით აკრედიტაცია გაიარა თსუ-სა და ლიონ2-ის ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ ტურიზმის მიმართულებით. 
წელს გამორჩეულად კარგი შედეგები აჩვენეს თსუ-ელებმა ყველა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების საერთო რაოდენობიდან თსუ-ში 14% სწავლობს, ამ პროპორციის ფონზე კი რუსთაველის ფონდის სამეცნიერო გრანტების ჯამური ოდენობობის 50%-ის მიმღები სწორედ ჩვენი უნივერსიტეტია. საამაყოა, რომ წელს საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები პროფესორები რამაზ გახოკიძე და ზაალ კოკაია გახდნენ. ვულოცავ ჩვენს ძვირფას თსუ-ელებს ამ დიდ აღიარებას. აღსანიშნავია, რომ ელსევიერის Scopus-ის ბაზის მონაცემებით თსუ-ის თანამშრომლების ავტორობით გამოქვეყნდა 503 პუბლიკაცია. ყველაზე მაღალრეიტინგულ „Nature“ ჯგუფის ორ ჟურნალში 2019 წელს თსუ პროფესორის, დავით ლორთქიფანიძის ავტორობით ორი სტატია დაიბეჭდა, რომელიც პალეოანთროპოლოგიის სფეროში ახალ აღმოჩენებს ეძღვნებოდა. წლევანდელი წელი თსუ არქეოლოგების აღმოჩენებითაც გამორჩეული იყო: ექსპედიციამ, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით, კუნძულ კვიპროსზე ნაეკლესიარი აღმოაჩინა. სვანეთში კი ექსპედიციამ პროფესორ ზვიად კვიციანთან ერთად ნამოსახლარს მიაკვლია. მართლაც, საამაყოა, რომ გვყავს მეცნიერები, რომლებიც საქართველოსა და თსუ-ს მსოფლიოს აცნობენ. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს თსუ-ში გაიხსნა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრი. ეს პირველი ცენტრია ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში, რომელიც ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს ახალ სამეცნიერო შესაძლებლობებს უხსნის. ხაზგასასმელია, რომ თსუ-ში დღეისათვის 250-ზე მეტი (ეროვნული და საერთაშორისო) ფუნდამენტური და გამოყენებითი მიმართულების კვლევითი პროექტი ხორციელდება. 
აღსანიშნავია, რომ თსუ კვლავ ინარჩუნებს პირველობას და მეოთხე წელია ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Times Higher Education World University Rankings). 2020 წლის გამოცემაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო 1396 უნივერსიტეტს შორისაა. უნივერსიტეტის ყველაზე ძლიერი მხარე მისი ინტერნაციონალიზაციაა. მართლაც, თსუ ყოველწლიურად აფართოებს საერთაშორისო კავშირებს. 2019 წლის ბოლოს პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვმა 250-ს გადააჭარბა, ერასმუს+ საერთაშორისო მობილობის კუთხით კი თსუ რეგიონში ლიდერი უნივერსიტეტია. მიმდინარე წელს თსუ-ს მონაწილეობით ევროკავშირმა მობილობის 65 ახალი პროექტი დააფინანსა და ერაზმუს პლუსის პროექტების რაოდენობა 248 გახდა; 2019-2020 წლის მხოლოდ შემოდგომის სემესტრში თსუ-ს 142-მა სტუდენტმა მიიღო გრანტი საზღვარგარეთ სასწავლებლად; სანაცვლოდ, შემოდგომის სემესტრში ჩვენ ვმაპინძლობთ 44 სტუდენტს და 36 უცხოელ პროფესორს 12 ქვეყნიდან.
წელს განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები. დასრულდა II კორპუსის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი; სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობა ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს; საჭიროებების შესაბამისად გარემონტდა არაერთი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სივრცე; რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შენობას; პროფესიული სწავლების ცენტრის ქუთაისის ფილიალს; გარემონტდა მაღლივი კოპრუსის ფოიე. ბიბლიოთეკის შენობაში გარემონტდა საგამოცდო ცენტრის ფართები, სამკითხველო დარბაზები. თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში გაიხსნა „ჩაის სახლი“. სულ რამდენიმე დღის წინ გავხსენით მაღლივ კოპრუსში კაფეტერია და ძალიან მალე ბიოლოგების კორპუსშიც გაიხსნება კვების ობიექტი. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მომავალ წელსაც არ დავიშურებთ სახსრებსა და ძალისხმევას. 
2020 წელს თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი სტუდენტური ქალაქის მშენებლობა დაიწყება. ახლო მომავალში სტუდენტურ კამპუსში 3000-ზე მეტი ახალგაზრდის ცხოვრებისა და დასვენებისთვის ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნება. 
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე აისახა ხელფასების მოწესრიგებისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯი, რაც გულისხმობს თანამშრომელთათვის შრომის ანაზღაურების ზრდას. უნივერსიტეტის შიდა რესურსის ფარგლებში აკადემიურ პერსონალს მარტიდან, ხოლო ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს სექტემბრიდან მოემატება ხელფასი. სახელმწიფოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედების პირობებში ანაზღაურება კვლავ გაიზრდება.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება და კომერციალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. 2019 წელს ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით და მოზიდული თანხებით 700-მდე სტუდენტმა გაიარა 3-დღიანი ტრენინგი მეწარმეობაში. პროექტი გაგრძელდება და მომავალ წელს კიდევ ორჯერ მეტ სტუდენტს ექნება მასში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, წელს ჩვენ #Datafest-ის ფარგლებში სტუმრების გაორმაგებული რაოდენობა მივიღეთ და დარწმუნებული ვარ მომავალი წლისთვის ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. სასიხარულოა, რომ თსუ-ში წელს მეოთხედ გაიმართა TED-ის ფორუმი. TEDxTbilisi-ის ფარგლებში თსუ-მ 9 სპიკერს და 1000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა. 
სასწავლო, სამეცნიერო თუ ინფრასტრუქტურული სიახლეების გარდა წელსაც თსუ მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ცხოვრებით გამოირჩეოდა. უნივერსიტეტის კალათბურთისა და ფუტსალის გუნდებმა კვლავ დიდი წარმატებით იასპარეზეს. თსუ კალათბურთის გუნდმა სუპერლიგის პირველი წრის 10 მატჩიდან 8 მოგებით დაასრულა და ამ დროისთვის პირველ ადგილს იკავებს. თსუ კაპელა კი საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული გახდა. მთლიანობაში 2019 წელს 350-ზე მეტი კულტურული და სპორტული ღონისძიება ჩატარდა. 
საამაყოა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კლუბი „93-ე აუდიტორია“ აღდგა. კლუბის წევრები ალმანახის „პირველი სხივი“ გამოცემასაც გეგმავენ. 
ეს მხოლოდ ნაწილია იმ სიახლეებისა, რომლითაც 2019 წელი გამოირჩეოდა. ახალ წელს ახალი იმედებით, გეგმებითა და პროექტებით ვეგებებით“. - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჩვენთან საუბარში.

სხვა სტატიები »