ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისა და უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოების ცერემონიალი

თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისა და უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოების ცერემონიალი
9 თებერვალი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისა და უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ქართველი და უცხოელი პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ. „საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, საერთაშორისოდ აღიარებული უნივერსიტეტების  რექტორებს, ცნობილ მეცნიერებს,  რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენ უნივერსიტეტთან სხვადასხვა სახის ურთიერთობის განვითარებას,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება ევროპის და აშშ-ის 7 უნივერსიტეტის რექტორებს და 3 უნივერსიტეტის პროფესორებს მიენიჭათ. მათ შორის: კიოლნის (გერმანია) უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ აქსელ ფრეიმუტს, იენის (გერმანია) ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ვალტერ როზენტალს, ვილნიუსის (ლიტვა) უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ არტურას ზუკაუსკასს, პორტოს (პორტუგალია) უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სებასტიაო ფეიო დე აზევედოს, კორუნას (ესპანეთი) უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ხულიო აბალდე ალონსოს, სან დიეგოს (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორს უილიამ ტონგს, ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (რუსეთი, დუბნა)  ვეკსლერისა და ბალდინის მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორს ვლადიმერ კეკელიძეს, საერთაშორის მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტის დირექტორს, კიოლნის უნივერსიტეტის გერმანიისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ კლაუს კრესს, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორს გიუნტერ ფალტინის, ტარტუს (ესტონეთი) უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის ვოლი კალმის მანტია და გრაგნილი გადაეცა უნივერსიტეტის წარმომადგენელს ლეტზაარს. თსუ წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, თსუ საპატიო დოქტორი, გერმანელი მეწარმე და ქველმოქმედ კლაუს ჰიპი დაჯილდოვდა უნივერსიტეტის მედლით. 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კიოლნის უნივერსიტეტი უკვე წლებია თანამშრომლობენ. ჩვენი თანამშრომლობის შედეგად გაცვლითი პროგრამებით ბევრმა სტუდენტმა ისარგებლა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-შია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ გაუმჯობესდება“,- აღნიშნა კიოლნის უნივერსიტეტის რექტორმა, თსუ საპატიო დოქტორმა აქსელ ფრეიმუტმა.

„თსუ იქნება ერთგვარი ჰაბი რამდენიმე ახალი პროექტისთვის. კერძოდ, თსუ-ში გაიხსნება ევროპის აკადემიის წარმომადგენლობა   და იგი მთელ რეგიონს დაფარავს. აგრეთვე, თსუ-ს ბაზაზე იგეგმება აშშ ქიმიკოსთა ასოციაციის დაფუძნება. ეს გახლავთ უმაღლესი დონის სააკრედიტაციო სააგენტო, რომელიც აშშ-ს სტანდარტების აკრედიტაციას მიანიჭებს იმ უნივერსიტეტებს, რომელთაც ქიმიის მიმართულება აქვთ,“-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

დღესვე თსუ 100 წლის იუბილეს ფარგლებში  სამ ევროპულ უნივერსიტეტთან (ტალინის, ზაარლანდის, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერიტეტები) თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.


 

სხვა სტატიები »