ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

კრებულის „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“ პრეზენტაცია

კრებულის „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“ პრეზენტაცია
11 აპრილი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრებულის „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, პროფესორები, სტუდენტები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.     

კრებული, რომელიც თსუ ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრის წარმომადგენლებმა ირაკლი ირემაძემ და სალომე ჭანტურიძემ შეადგინეს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებს შეეხება. ირაკლი ირემაძის ინფორმაციით, „კრებული აერთიანებს არჩევნების შესახებ შემორჩენილ ყველა დოკუმენტს, საგაზეთო ჩანართს, პოლიტიკურ ლექსებს, მოწოდებებს, კარიკატურებს და გათვლილია მკითხველთა ფარტო წრისათვის.“ პუბლიკაციაში თავმოყრილია ინფორმაცია და დოკუმენტური მასალები დამფუძნებელი კრების 1919 წლის 14-16 თებერვლის არჩევნების, 1919 და 1920 წლის  დამატებითი არჩევნების შესახებ. ალბომში წარმოდგენილია მასალები დამფუძნებელი კრების ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის შემადგენლობის, კომისიის საქმიანობის, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების შესახებ დოკუმენტები და ცნობები, უშუალოდ საარჩევნო კამპანიის მასალები და არჩევნების შედეგების ამსახველი დოკუმენტები.    

კრებული, საარქივო დოკუმენტებისა და პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილი მასალების გამოყენებით, მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ.  ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) პუბლიკაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გამოიცა.    

თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტში არსებული დემოკრატიული რესპუბლიკის კვლევის ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოს  მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ ძალიან მნიშვნელოვანი კრებული გამოიცა, რომელშიც ბევრი საინტერესო და ყურადსაღები დოკუმენტია თავმოყრილი; შესწავლილია პირველ დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტები, არჩევნების პროცესი, შედეგი.“

„პირველი საყოველთაო  დემოკრატიული არჩევნების შესახებ უნიკალური მასალაა კრებულში წარმოდგენილი. მისი გამოცემა ემსახურება არჩევნების, საარჩევნო პროცესების პოპულარიზაციას. მომავალ თაობას უნდა ახსოვდეს ჩვენი პირველი საარჩევნო ისტორია, რომელიც მნიშვნელოვანი და გამორჩეული იყო თავისი საყოველთაობით, ტოლერანტობით, ქალთა ჩართულობით,“-განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. თამარ ჟვანიამ მადლობა გადაუხადა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს (IFES) პროექტის მხარდაჭერისთვის.

„მნიშვნელოვანი წიგნი გამოიცა, რომელიც გვეხმარება იმის გათავისებაში, თუ რა ეტაპზე ვართ დღეს. ამ წიგნში ნათლად ჩანს დემოკრატიული საზოგადოების განვითარების გზა,“-აღნიშნა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში ჟერომ ლერომ.    
    


სხვა სტატიები »