ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

პირველი ნაბიჯები პირველი ქართული რესპუბლიკის ენციკლოპედიის შესაქმნელად

პირველი ნაბიჯები პირველი ქართული რესპუბლიკის ენციკლოპედიის შესაქმნელად
1 თებერვალი, 2017
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 1918-1921 წლების ენციკლოპედიაზე მუშაობა დაიწყო. ენციკლოპედია იქნება მოცულობითი ფუნდამენტური ნაშრომი, რომელშიც რვაასზე მეტი სტატია შევა.

სტატიებზე მუშაობისას აქამდე გამოცემულ სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომს, ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს, მათ შორის პარლამენტის ოქმებს, წერილებს და იმ პერიოდის პრესას იყენებენ.

1918-1921 წლის ენციკლოპედია მოიცავს პირველი ქართული რესპუბლიკის არსებობის ყველა ასპექტს: პოლიტიკას, ეკონომიკას, მეცნიერებას, კულტურას და პერსონალიებს _ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში.

ენციკლოპედიის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრ-ბიბლიოთეკის“ გამგე ირაკლი ირემაძე გვესაუბრება:

„მოგეხსენებათ 2015 წლის ოქტომბრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა“, რომლის მთავარი საფუძველიც თავდაპირველად უნივერსიტეტისათვის, ბატონ ტიერი ბერიშვილის მიერ თავისი მამის, მამია ბერიშვილის არქივის გადმოცემა გახდა. ცენტრმა თავისი ფუნქციონირების პირველსავე თვეებში დაიწყო ფიქრი და მუშაობა 2018 წლისათვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომისათვის. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ბატონი ზურაბ გაიპარაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლების მიერ პროფესორ დიმიტრი შველიძესთან კონსულტაციით, მომზადდა 1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ენციკლოპედიის შექმნის გეგმა, რომელიც შემდგომში პროექტად გარდაიქმნა“, _ ამბობს ირაკლი ირემაძე.

პოსტსაბჭოთა ეპოქაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და მისი სხვადასხვა სფეროს შესახებ არაერთი ნაშრომი შეიქმნა, თუმცა დღემდე არ შექმნილა სრულყოფილი ყოვლისმომცველი პუბლიკაცია, რომელიც მკითხველს მისცემს საშუალებას გაეცნოს საქართველოს ისტორიის მართალია მოკლე, მაგრამ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს და მის ყველა სფეროს. თსუ ბიბლიოთეკის ენციკლოპედიის მთავარი იდეა სწორედ მის ყოვლისმომცველობას უკავშირდება. ენციკლოპედიაში თავმოყრილი იქნება დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის ყველა მნიშვნელოვანი პიროვნებისა და მოვლენის შესახებ სტატიები. 

ირაკლის თქმით, ენციკლოპედიის პროექტის მნიშვნელობა ძალზე დიდია, გამომდინარე თავისი მიზნებიდან და ენციკლოპედიის თავდაპირველი დანიშნულებიდან. „როგორც აღვნიშნე, ეს იქნება პუბლიკაცია, რომელშიც გაერთიანებული იქნება დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მოღვაწე პიროვნებების, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წევრების, დიპლომატებისა და სამხედრო მოღვაწეების, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების, დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესების, რეფორმებისა და მოვლენების შესახებ ასეულობით სტატია. ფაქტობრივად, დაინტერესებულ პირს ენციკლოპედიაში შეეძლება მოიძიოს ინფორმაცია და გაეცნოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ უამრავ საკითხს“, _ ამბობს იგი.

პროექტის ფინანსური და ადმინისტრაციული, ისევე როგორც კვლევითი კომპონენტი, უნივერსიტეტის რესურსით ხორციელდება, წყაროების მოძიება ხდება ეროვნულ არქივსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც. პროექტის განხორციელების პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 15-მდე მეცნიერი და მკვლევარი, თუმცა სამუშაო თემების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, იგეგმება მკვლევართა რაოდენობის გაზრდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპისათვის პროექტში ჩართული არიან უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორები, დოქტორანტურის და მაგისტრატურის სტუდენტები, უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები.

„ამჟამად დასრულდა პროექტის, პირველი ეტაპი. შეიქმნა 220-მდე საენციკლოპედიო სტატია. იანვრის თვიდან ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა მკვლევართა უფრო დიდი ჯგუფის მიერ. პირველ ეტაპზე შეიქმნა სტატიების პოლიტიკოსთა, სამხედრო და სასულიერო პირთა ნაწილის შესახებ. შემდეგი წლისათვის კი, იგეგმება სტატიების მომზადება ყველა დარჩენილი სფეროს შესახებ. პროექტის ძირითადი სამუშაოები, სტატიების შეგროვება დასრულდება 2017 წლის სექტემბრისათვის, რის შემდეგაც დაიწყება პუბლიკაციის გამოსაცემად მომზადება (თუმცა სარედაქციო სამუშაოები შექმნილ სტატიებზე უკვე მიმდინარეობს). 2018 წლის მაისისათვის, დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე კი, ენციკლოპედია უნივერსიტეტის და მისი ბიბლიოთეკის მიერ ქართველი მკითხველისათვის მომზადებული საჩუქარი იქნება“, _ ამბობს ირაკლი ირემაძე.

სხვა სტატიები »