ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

პლატფორმა რეფორმებისთვის - უნივერსიტეტის მოდერნიზაციისთვის

პლატფორმა რეფორმებისთვის - უნივერსიტეტის მოდერნიზაციისთვის
25 ივნისი, 2016
როგორი უნდა იყოს რეფორმები და რა ცვლილებებია გასატარებელი საუნივერსიტეტო  განათლების სისტემაში, ამ თემების განსახილველად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო პლატფორმის შექმნის იდეა გაჩნდა.  მისი დანიშნულებაა  უზრუნველყოს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ღია და აქტიური ჩართულობა აღნიშნული საკითხების კოლეგიალურ განხილვაში. ამ საკითხებზე  მსჯელობის დასაწყებად 29 ივნისს თსუ პირველი კორპუსი, აუდ. N107 -ში საუნივერსიტეტო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია გაიხსნება სახელწოდებით: ,,უნივერსიტეტის მოდერნიზაცია:  სტუდენტი, როგორც უნივერსიტეტის განახლების პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე“.
ამგვარი კონფერენციის იდეა ბოლო პერიოდში თსუ-ში განვითარებული მოვლენების შედეგად გაჩნდა. საუნივერსიტეტო საზოგადოებაში წრმოქმნილი განახლების მოთხოვნა  მისი განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისის წინაპირობაა.
კონფერენციის ორგანიზატორები აკადემიური საბჭო და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი არიან. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ბოლო პერიოდში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა  კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც უმაღლესი განათლების მთელი სისტემა დგას ჩვენს ქვეყანაში. საუნივერსიტეტო საზოგადოებაში გაჩენილი განახლების მოთხოვნა  მისი განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისის წინაპირობაა. უნივერსიტეტი უნდა იქცეს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრად, რაც გულისხმობს  განათლების ხარისხის ამაღლებას, სამეცნიერო კვლევების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზებას, უნივერსიტეტის მართვის მექანიზმებისა და მასში სტუდენტების მონაწილეობის ფორმების  სრულყოფას. ეს  ფუნდამენტური განახლების პროცესია და უნივერსიტეტის პროფესურის,   სტუდენტებისა და ადმინისტრაციის  აქტიური მონაწილეობითა და მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს.
კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია თსუ-ს ყველა დაინტერესებული სტუდენტის, სტუდენტთა ფორმალურ თუ არაფორმალურ გაერთიანებების, უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალისთვის, ვისაც არსებული პრობლემების განხილვა და მსგავსი საკითხების გადაჭრის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება სურდა. მონაწილების მსურველებს რეგისტრაცია საამისოდ 17-27 ივნისს, ვებგვერდზე  www.tsumodernization.tsu.ge შეეძლოთ. მოხსენების ანოტაცია კი ელექტრონული სახით მისამართზე:  unimodplatform @ tsu . ge .  27 ივნისამდე გადაეგზავნათ.
კონფერენციაზე სამუშაოდ  რამდენიმე მიმართულება განისაზღვრა. კერძოდ,  სტუდენტური გაერთიანების/ორგანიზაციების/ინსტიტუციის მოწყობის/მართვის მოქმედი ფორმების სამართლებლივი ანალიზი სხვადასხვა ქვეყნის  მაგალითზე.
უცხოური უნივერსიტეტის/უნივერსიტეტების მაგალითი (მათ შორის სტუდენტური გაერთიანებებისა და ორგანიზაციის ფუნქცია-მოვალეობების აღწერა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრირებაში), რაც  გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტუდენტთა  თანამონაწილეობის  ფორმას, კონცეფციას ეხება.
მესამე მიმართულება ერთი ან რამდენიმე ქვეყნის ჭრილში სხვადასხვა საუნივერსიტეტო მოდელის ანალიზი და  მათი ქართულ რეალობასთან მიმართება გახლდათ, იმის დასაბუთებით თუ რატომ და  რამდენად გამოდგება ეს მოდელი ქართულ სინამდვილეში. ასევე  წარმოდგენილი მოდელის განხორციელების ხედვა.

სხვა სტატიები »