ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ კურსდამთავრებულის სადიპლომო ნამუშევარმა საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის პრიზი მოიპოვა

თსუ კურსდამთავრებულის სადიპლომო ნამუშევარმა საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის პრიზი მოიპოვა
29 მაისი, 2016
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელეხელოვნების სპეციალობის კურსდამთავრებულის, იზა თითბერიძის სადიპლომო ნამუშევარი, ამ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.  
„მხოლოდ ერთი კოცნა“ მოკლემეტრაჟიანი ფილმია,  რომელიც იზამ 2015 წელს გადაიღო, წელს კი ბანგლადეშის სტუდენტურ ფესტივალზე გააგზავნა და  ჟიურის სპეციალური  პრიზი, „სპეციალური აღნიშვნა“  დაიმსახურა.  
„ნებისმიერ სტუდენტურ ფესტივალში მონაწილეობა, იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა რეჟისორების პროფესიული ზრდისთვის. ფილმის არჩევა საკონკურსო პროგრამაში თავისთავად არის გამარჯვება. ამასთანავე ამ ფილმმა მიიღო ჟიურისგან საპატიო აღნიშვნა. ფესტივალზე დარეგისტრირებული  768 ფილმიდან 81 აირჩა, რომელთა  შორის მოხვდა იზას ფილმიც.     
ფესტივალში მონაწილე სტუდენტები წარმოადგენდნენ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: სამხრეთ კორეა, ისრაელი, უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები, ვენესუელა, დიდი ბრიტანეთი, ირანი, მექსიკა, კოლუმბია, ბრაზილია, ინდოეთი, იტალია, გერმანია, სინგაპური, კანადა, უნგრეთი, მაკედონია, ნეპალი, ინგლისი, თურქეთი, ნორვეგია, ავსტრალია, სუდანი, არგენტინა, საფრანგეთი და საქართველო.  აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ ამ ქვეყნების კინოსკოლები ფლობენ ბევრად უფრო მდიდარ ტექნიკურ ბაზას, ვიდრე ჩვენი კათედრა და, მიუხედავად ამისა, ჩვენმა ფილმმა გაუწია კონკურენცია მათ ნამუშევრებს და მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი. ეს ნამდვილად სასიხარულოა ჩვენთვის“. – აღნიშნავს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომელი, პროფესორის ასისტენტი ნინო გელოვანი, რომელიც    იზას ხელმძღვანელი იყო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იზას ნამუშევარმა პრიზი აიღო. 2014 წელს   მისმა ასევე საკურსო ნამუშევარმა „ქალი ძველი სახლიდან“ თბილისში ჩატარებულ  მეათე საერთაშორისო ფესტივალზე „სესილი“  დაიმსახურა პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის.
რვაწუთიანი ფილმის „მხოლოდ ერთი კოცნა“, მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თა¬ნამშრომლები არიან. მთავარ როლში ანდრო ამბარცუმიანია, რომელიც თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის თანამშრომელია. იზამ იგი ჯერ კიდევ  ხატვის რამდენიმე დისციპლინის სწავლისას  გაიცნო.   თავდაპირველად სადიპლომო  ნამუშევრისთვის სხვა სცენარზე მუშაობდა.  თუმცა იმის გამო, რომ ფილმში მონაწილობისათვის  შერჩეულმა კანდიდატმა გარკვეული ანაზღაურება მოითხოვა, რისი მიცემაც იზამ ვერ შეძლო და შედეგად სცენარის სხვა, მეორე ვერსია დაიწერა. სცენარზე  სტუდენტმა თავის  ხელმძღვანელ ნინო გელოვანთან ერთად იმუშავა. ფილმი მხოლოდ ქმედებებზეა აგებული და  დიალოგის გარეშე მიმდინარობს. მსახიობების როლი კი სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ხმის რეჟისორებად მომუშავე ორმა თანამშრომელმა  და სტუდენტმა  გოგონამ  შეითავსეს. გადაღებები კინო ტელეხელოვნების მიმართულების ტექნიკური საშუალებებით განხორციელდა. ოპერატორობას იზას ლექტორი ბესო ორმოცაძე სწევდა.
ფესტივალზე ფილმის გაგზვნა ძირითადად ერთმა გარემოებამ გადააწყვეტინა. როგორც ამბობს, მსგავსი ფილმების სიცოცხლის ხანგრძლივობა სრულმეტრაჟიანისგან განსხვავებით საკ¬მაოდ მოკლეა. ისინი ან ინტერნეტში ატვირთვისას რჩებიან მაყურებლის  მახსოვრობაში და ისტორიაში, ან - კონკურსებზე წარდგენისას. ინტერნეტ-სივრცეში თავისი ნამუშევრები იზას უკვე ატვირთული აქვს.  როგორც წესი, ნამუშევრებს ისეთ ფესტივალებზე აგზავნის, რომელზეც სარეგისტრაციო მოსაკრებელი არაა საჭირო  ან ძალზე დიდი თანხას არ წარმოადგენს. „როდესაც არ იცი საერთოდ მიიღებენ, თუ არა საკონკურსო პროგრამაში, ეს გარკვეულწილად არამიზნობრივი დანახარჯია“. - მიიჩნევს იგი. სამომავლოდ  მაგისტრატურაში ჩაბარებას და რეჟისურაში ცოდნის გაღრმავებას გეგმავს,  მანამდე კი  კინო-ტელეხელოვნების მიმართულებაზე ვიდეომემონტაჟედ მუშაობს.

სხვა სტატიები »