ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

დარეჯან თვალთვაძე: „ჩემი უმთავრესი ფუნქციაა უნივერსიტეტში მმართველობითი ორგანოები იყოს კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეული“

დარეჯან თვალთვაძე: „ჩემი უმთავრესი ფუნქციაა უნივერსიტეტში მმართველობითი ორგანოები იყოს კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეული“
27 მაისი, 2016
20 მაისს ერთი თვე შესრულდა თსუ-ს მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად პროფესორ დარეჯან თვალთვაძის არჩევიდან. უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და განსახორციელებელ საქმეებზე  ქალბატონ დარეჯანს გასულ კვირას ვესაუბრეთ:
_ თქვენი არჩევის პირველივე დღეებში აღნიშნეთ, რომ თქვენი მთავარი გამოწვევა რამდენიმე არჩევნების წარმატებით ჩატარება იქნებოდა.   
_ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უმთავრესი ფუნქციაა უნივერსიტეტში მმართველობითი ორგანოები იყოს კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეული და ყველაფერი წარიმართოს იქითკენ, რომ პროცესი საბოლოოდ დასრულდეს რექტორის არჩევნებით. იმ დროს, როცა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდა, უნივერსიტეტს, ჯერ კიდევ, არც აკადემიური საბჭო ჰყავდა, რადგან განაცხადი, რომ საბჭო დაიშლებოდა, უკვე გაკეთებული იყო.
უკვე ჩატარდა აკადემიური საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევნები. ჩატარდა დღემდე მოქმედი წესით, რომლის თანახმადაც საბჭოში არის 15 ადამიანი, 2-2 წარმომადგენელი თითოეული ფაკულტეტიდან და რექტორი (ან რექტორის მოვალეობის შემსრულებელი).
თუმცა, მეორე დღესვე დავიწყეთ მუშაობა ჩვენს წესდებაში შესატან ცვლილებათა მთელ პაკეტზე, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო სწორედ აკადემიური საბჭოს გაფართოვების საკითხი. სენატმა უკვე დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც გულისხმობს ფაკულტეტების წარმომადგენლების გაზრდას სამამდე, რაც ნიშნავს, რომ ამ უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოში 21 პროფესორი იმუშავებს; გარდა ამისა, საბჭოში აირჩევიან წარმომადგენლები თსუ სამეცნიერო ინსტიტუტებიდან, რომელთა რაოდენობა დღეისთვის 16-ია. ჯამში 38 კაციანი აკადემიური საბჭო უნდა გვყავდეს სავარაუდოდ მაქსიმუმ 1 ივლისამდე;
პარალელურად გამოცხადებული იყო კონკურსი კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად. 13 მაისს დასრულდა განაცხადების მიღება. კონკურსში მონაწილეობის სურვილი ექვსმა კანდიდატმა გამოთქვა.
აკადემიურმა საბჭომ, რომელმაც პირველი სხდომა 16 მაისს ჩაატარა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნაცვლად 16 მაისს დასაწყები შერჩევის პროცედურისა, განხილვები და გასაუბრებები გადაევადებინა საბჭოს სრულად დაკომპლექტებამდე - 1 ივლისამდე,  იმ ვარაუდით, რომ ამ დროისთვის გაფართოებული საბჭო უკვე არჩეული იქნება.
18 ივლისს უკვე დამთავრებული უნდა იყოს კანდიდატის შერჩევის პროცესი, რის შემდეგაც სენატი განიხილავს აკადემიური საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატურას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას კანცლერის არჩევის თაობაზე.
კიდევ ერთი არჩევნები, რომელიც წინ გველის - უნივერსიტეტის სენატის არჩევნებია.  უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად, აკადემიური საბჭოს არანაკლებ გაორმაგებული რაოდენობისა უნდა იყოს სენატში. თუ ამჟამად სენატში 42 წევრი გვყავს, ბუნებრივია, 38 კაციანი აკადემიური საბჭო როცა იქნება, სენატის წევრთა რაოდენობაც უნდა გაიზარდოს.
არჩევის წესი სავარაუდოდ არ შეიცვლება, თუმცა ამჯერად სამეცნიერო ინსტიტუტებს აუცილებლად ეყოლებათ წარმომადგენლები სენატში. ამას გარდა, როგორც იცით, სენატის მესამედი არის სტუდენტობა, შესაბამისად, სენატის წევრთა საერთო რაოდენობა რომ გაიზრდება, გაიზრდება სტუდენტთა რაოდენობაც. ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, ზაფხულის ცხელ დღეებში იქნება გადასაწყვეტი.
ჩვენ როგორც კი გვექნება წესდება, რომელიც აკადემიური საბჭოს მომდევნო არჩევნების ჩატარების საშუალებას მოგვცემს, ჩავატარებთ საბჭოს ახალ წევრთა არჩევნებს.
სანამ ეს საბჭო არ დაკომპლექტდება სრულად, მანამდე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც კანცლერის არჩევნებს, რექტორის არჩევნებს უკავშირდება, ახლა მოქმედი საბჭო ვერ მიიღებს.
_ არჩევნებამდე  უნივერსიტეტში ცხოვრება მაინც აქტიურად მიდის და, ალბათ, არის ბევრი გამოწვევა, რომელიც საჭიროებს მყისიერ გადაწყვეტას.?
_  რასაკვირველია, ამის გარეშე უნივერსიტეტი წარმოუდგენელია. აქ ყოველ დღე ხდება ძალიან ბევრი საინტერესო და ჩვეულებრივი რამეც _ ლექციები, სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებშიც ჩვენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები არიან ჩართული. ეს არის საკმაოდ დატვირთული გრაფიკი, არა მხოლოდ რექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის, არამედ ადმინისტრაციისთვისაც. ახლა საკმაოდ რთული პერიოდი და ამ პერიოდის დაძლევა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ერთ აზრზე მყოფი ადამიანების გუნდი, რომლებიც მზად არიან უფრო მეტი გააკეთონ ამ დროს, ვიდრე ჩვეულებრივ აკეთებდნენ ხოლმე. ეს მართლაც ექსტრემალური სიტუაციაა, რომელიც ბოლო პერიოდში უნივერსიტეტში შეიქმნა.
_ ექსტრემალური სიტუაცია ახსენეთ. სტუდენტებს შორის დაძაბულობა ისევ გრძელდება, ძირითადი ოფიციალური მიზეზი არის სტუდენტური თვითმმართველობის არსებობა და მისი რეფორმირების აუცილებლობა.
_ დაძაბულობა ისევ არსებობს, თითქოს გარკვეული პერიოდი უფრო მშვიდ რეჟიმში გადავიდა ყველაფერი – მუშაობა მიმდინარეობდა განათლების სამინისტროსთან, პრემიერ-მინისტრიც ჩართული იყო ამ დიალოგში. მუშაობა მიმდინარეობდა `თვითმმართველობების შესახებ~ ახალ კანონში არსებული ჩანაწერების ცვლილებაზე. იყო უფრო რადიკალური მოთხოვნებიც, რომ საერთოდ ამოღებული ყოფილიყო ეს თემა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც `აუდიტორია 115-ის~ წარმომადგენელი, ისე თვითმმართველობის სტუდენტები. თუმცა, 24 მაისს მოხდა ინციდენტი, რომელმაც გვაჩვენა, რომ ეს მშვიდი რეჟიმი მხოლოდ დროებითი იყო. ისევ გაიზარდა დაძაბულობის ხარისხი. დაიწყო ორ სტუდენტს შორის სიტყვიერი შელაპარაკებით და მერე რამდენიმე სტუდენტს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნაწილობრივ განმუხტა ეს ფაქტი ჩვენმა დაცვის სამსახურმა, თუმცა სიტუაცია ბოლომდე არ დარეგულირებულა. სტუდენტები აპირებენ აქციის გამართვას. ჩვენ, რასაკვირველია, ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, მით უმეტეს სტუდენტებს შორის. არსებობს ვიდეოთვალის ჩანაწერები, რომელთა შესწავლა დაწყებულია. ასევე არის სოციალური ქსელის მასალებიც. ეს ყველაფერი იქნება შესწავლილი, გადაეცემა განსახილველად იმ სამსახურებს, რომელთაც ევალებათ სტუდენტის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
_ თქვენ სტუდქალაქში იყავით მისული. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ და შეიძლება თუ არა ამ მიმართულებით რამის გაკეთება?
_ შთაბეჭდილება ნამდვილად არ იყო სასიამოვნო. მე მანამდეც ვიცოდი რა სიტუაცია იყო იქ, მაგრამ როცა ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავ, გაცილებით უფრო ფართო შთაბეჭდილება გექმნება საკმაოდ რთულ ვითარებაზე, რომელიც იქ არის შექმნილი. ჩვენ ბაგების სტუდქალაქში გვაქვს ორი შენობა, რომელიც არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და არა უნივერსიტეტის ბალანსზე. ამ შენობებში არ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები მათი აშენების პერიოდიდან _ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. გარკვეული დროით ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ აფხაზეთიდან დევნილები, შემდეგ მათი დაკმაყოფილება მოხდა სხვა საცხოვრებლით.  ეს კორპუსი დაუბრუნდა უნივერსიტეტს, მაგრამ იგი ძალიან მძიმე მდგომარეობაში.
სერიოზული სარემონტო სამუშაოებია განსახორციელებელი, რასაც ძალიან დიდი თანხები სჭირდება, რომელიც, სამწუხაროდ, უნივერსიტეტს არ გააჩნია. სტუდქალაქს  ისედაც დიდი დანახარჯები აქვს კომუნალური გადასახადების სახით; პრობლემაა ისიც, რომ შენობა უნივერსიტეტის ბალანსზე არ არის. ჩვენ მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სამსახურს, რათა დაჩქარდეს ამ ქონების უნივერსიტეტისთვის გადმოცემის პროცესი. პარალელურად ვამზადებთ პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების გრანტის დაფინანსების მისაღებად. თანხის გარდა, პრობლემა იქნება ის, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს ერთი კორპუსი მაინც უნდა დავცალოთ, რაც 300-მდე სტუდენტის განსახლებას გულისხმობს. თუმცა, მთავარი მაინც დაფინანსების მოპოვებაა. უნივერსიტეტი სტუდენტური საცხოვრებლის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ ძალიან კარგი სტუდენტები გვყავს რეგიონებიდან, რომლებიც უბრალოდ ვერ ახერხებენ თბილისში სხვა საცხოვრებელი ადგილის დაქირავებას.
–    ამის შესახებ ყველა ჟურნალისტი გეკითხებათ და მეც უნდა გკითხოთ _ თქვენ უნივერსიტეტის თანამშრომლებმა პირდაპირ არჩევნებში აგირჩიეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. აპირებთ თუ არა კენჭი იყაროთ რექტორის თანამდებობაზე?
_   თუ ლაპარაკია სურვილზე, მე ეს სურვილი არ მაქვს და არც მაშინ მქონდა, როცა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესარჩევად გამოცხადდა არჩევნები. მოხდა ისე, რომ მივიღე არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ჩავთვალე, რომ უნივერსიტეტისთვის ასე იქნებოდა უკეთესი. მე შემეძლო ჩემი როლი მეთამაშა ამ კრიზისული სიტუაციის მოგვარების თვალსაზრისით. ერთი თვე გავიდა 20 მაისს, რაც მე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ეს ერთ თვე, ალბათ, იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მე ნდობა გამომიცხადა უნივერსიტეტმა და ეს ნდობა არ არის იოლი მოსაპოვებელი. მე მადლობას ვუხდი ჩემს ამომრჩეველს. მაგრამ, მეორეს მხრივ, ამ ნდობის გამართლება არის დიდი პასუხისმგებლობა. მთელი ჩემი ფიქრი, გრძნობა, აზრი, ემოცია და ენერგია არის მიმართული იმისკენ, რომ ეს ნდობა არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ანუ გავაკეთო ის, რისთვისაც მე ამირჩიეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. მერწმუნეთ, რომ ყოველი ჩემი დღე სწორედ იმ სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომლის საბოლოო შედეგი უნდა იყოს რექტორის არჩევნები. რა იქნება შემდეგ, მე ამაზე ფიქრი არც კი შემიძლია.

სხვა სტატიები »