ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ის წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე

თსუ-ის წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე
30 მარტი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სურვილი - დასვას საკითხი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომ ტექსტში - „კანონი“) გასათვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

აუცილებელია ხაზი გაესვას ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მთავარ მართვის ორგანოსთან, დაწესებულების ხელმძღვანელისა და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის - რექტორის (რექტორის მოვალეობის შემსრულებლის) არჩევის საკითხთან. კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს საბჭოს უფლებამოსილების ვადისა.“ ხოლო, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, „საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“

ჩვენი აზრით, კანონი შეიცავს სრულიად მიუღებელ და ალოგიკურ ჩანაწერს, იქიდან გამომდინარე, რომ დაწესებულების რექტორი, რომელიც აირჩევა წლების ვადით (თსუ-ს შემთხვევაში 4 წლით), აირჩევა აკადემიური საბჭოს მიერ, რომელიც თსუ-ს შემთხვევაში შედგება ფაკულტეტებიდან არჩეული 14 წევრისგან, მაშინ როდესაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩევა გარკვეული გარდამავალი პერიოდით (დაწესებულების რექტორის არჩევამდე პერიოდით, დროებით მოვალეობის შემსრულებლად) საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელშიც შედიან დაწესებულების სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობის მქონე პირები, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, რაც, თსუ-ს შემთხვევაში, მასშტაბური არჩევნების ჩატარებას, კერძოდ კი, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2000-მდე პირის მიერ არჩევას გულისხმობს (ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც, დაახლოებით, იგივე მდგომარეობაა). ხსენებულიდან გამომდინარეობს, რომ რექტორი, თსუ-ს შემთხვევაში, აირჩევა 14 პირის მიერ, ხოლო რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევას კი ესაჭიროება ასობით პირის მიერ არჩევნებში ამომრჩევლის სტატუსით მონაწილეობის მიღება. თავისთავად, უფრო ლოგიკური და მისაღებია - ზემოხსენებული საკითხები იყოს რეგულირებული პირიქით - კერძოდ, რექტორი აირჩეოდეს აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირის მიერ, ხოლო რექტორის მოვალეობის შემსრულებელი - აკადემიური საბჭოს მიერ. შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონის 22-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
ა) „6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი“.
ბ) „9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს აკადემიური საბჭო თავისი შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“.

წინადადებები პოსტდოქტორანტის არჩევის თემასთან დაკავშირებით

კანონის ამჟამინდელი რედაქციის მე-2 მუხლის „წ6“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ პოსტდოქტორანტი არის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, საქმდება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით. აღნიშნული რედაქციით, პოსტდოქტორანტის ინსტიტუტის განმარტება და მისი დასაქმების წესი მისაღებია, თუმცა ამავე კანონის 371 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „პოსტდოქტორანტია პირი, რომელსაც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე ირჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“ პოსტდოქტორანტად (რომელიც დაქირავებული თანამშრომელია) მიმღები ორგანო (ხსენებული სამეცნიერო საბჭო) ყველა უნივერსიტეტში ყველა სამეცნიერო მიმართულებით არ არსებობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა უნივერსიტეტს ყველა მიმართულებით არ აქვს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული. გამომდინარე აქედან, დგინდება, რომ პირის დასასაქმებლად (პოსტდოქტორანტად მისაღებად) აუცილებელია დამოუკიდებელი სამეცნიერო-ერთეულის არსებობა (და ამ ერთეულში სამეცნიერო საბჭოს არსებობა) ანდა მისი შექმნა არქონის შემთხვევაში (როგორც ერთეულის, ისე მისი სამეცნიერო საბჭოს), რაც, შესაძლოა ითქვას, რომ რეალობას მოკლებულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, აუცილებელია კანონის 371 მუხლის მე-3 პუნქტის შეცვლა იმ სახით, რომ მასში პოსტდოქტორანტის ამრჩევი ორგანო მითითებული არ იყოს და ეს საკითხი გადაწყვიტოს აკადემიური საბჭოს მიერ დასამტკიცებელმა კონკურსის წესმა. შედეგად პოსტდოქტორანტის მიღება შესაძლებელი იქნება, როგორც ფაკულტეტზე, ისე დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში. შესაბამისად, კანონის 371 მუხლის მე-3 პუნქტი, ჩვენი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით - „3. პოსტდოქტორანტია პირი, რომელსაც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე აირჩევა ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ“.

წინადადებები თამანდებობაზე პროფესორის უვადოდ არჩევასთან დაკავშირებით


კანონის ამჟამინდელი რედაქციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს. პირი პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა. პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.“ უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ნორმის შინაარსში მოცემულია პირის წარსული საქმიანობის შესაფასებლად სრულიად ბუნდოვანი და არაგაზომვადი კრიტერიუმი - „განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები“, რაც აზრთა აბსოლუტურ სხვადასხვაობას გამოიწვევს. შემდგომ ამისა უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ნორმა საკადრო როტაციის პრინციპს ზღუდავს, ვინაიდან ასეთ თანამდებობაზე არჩეული პირი მუდმივად (5 წელიწადში ერთხელ) უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მინიმუმს, მაშინ როდესაც ამ მინიმუმზე გაცილებით მეტს შეიძლება აკმაყოფილებდეს სხვა - პერსპექტიული, სტატუსით ქვემდგომ აკადემიურ და სამეცნიერო თანამდებობებზე წლების განმავლობაში მომუშავე პირი, რომელსაც იმის შესაძლებლობაც არ მიეცემა, რომ კონკურსის პირობებში, კონკურენციის მხრივ დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა. გასათვალისწინებელია, რომ უნივერსიტეტი პროფესორის უვადო კონტრაქტის არსებობის წინააღმდეგი არ არის, იმ განსხვავებით, რომ ამ თანამდებობისათვის უშვებს, როგორც უვადო, ისე ვადიანი კონტრაქტების არსებობის შესაძლებლობას, რაც გამყარებულია სათანადო დასაბუთებით (იხ. დანართი 1). შესაბამისად, კანონის პირველი პუნქტის ის ნაწილი, რომელიც არ ეხება სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ჩამოყალიბებული უნდა იქნას შემდეგი სახით: „1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ პირობებს. პროფესორს შესაძლებელია გაუფორმდეს უვადო შრომითი ხელშეკრულება. პროფესორისათვის ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმების პირობებს ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. უვადო შრომითი ხელშეკრულების მქონე პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.“. ანალოგიური მიდგომა აუცილებლად მიგვაჩნია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ასევე ამ დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარ-მეცნიერ თანამშრომელთან მიმართებაში და მიზანშეწონილია კანონის 372 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - „2. მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დაკავება დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს. მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს შესაძლებელია გაუფორმდეს უვადო შრომითი ხელშეკრულება. მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისათვის ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმების პირობებს ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. უვადო შრომითი ხელშეკრულების მქონე მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.“.
 
წინადადებები დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს არჩევასთან დაკავშირებით

კანონის 292 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლები ქმნიან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს.“, რაც, ჩვენი აზრით, არამართებულია, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით სხვადასხვა დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში მთავარი მეცნიერ-თანამშრომლების რაოდენობა განსხვავებულია (ზოგან ძალიან მცირეა, ზოგან კი დიდი) და ხსენებული ამ თანამდებობის მქონეთა სამეცნიერო საბჭოში შეყვანის ან შეყვანისგან თავის შეკავების გამო გამოიწვევს მათი რაოდენობის ხელოვნურ ცვალებადობას. სასურველია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო შედგებოდეს არა მხოლოდ მთავარი მეცნიერ- თანამშრომლებისაგან, არამედ არსებობდეს შესაძლებლობა, რომ მთავარ მეცნიერ- თანამშრომლებთან ერთად, სამეცნიერო საბჭოში შედიოდეს უფროსი მეცნიერ- თანამშრომელიც, რომელსაც უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით აირჩევს ინსტიტუტი. ხსენებულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია 292 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო აირჩევა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის მიერ, მთავარი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელთაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით განსაზღვრული წესით. სამეცნიერო საბჭოს წევრთა ოდენობა და სამეცნიერო საბჭოს არჩევის პროცედურა მტკიცდება სამეცნიერო პერსონალის საერთო კრების მიერ“.
 
საბაზო, ინსტიტუციური დაფინანსების არსებობაზე

აქვე გვინდა დავძინოთ, რომ სასწავლო საქმიანობა და სამეცნიერო კვლევა უწყვეტი პროცესია და შედეგზეა ორიენტირებული, შესაბამისად, მისი მდგრადობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ მინიმალურ (საბაზო) დაფინანსებას, რაც ამ პროცესების შეუფერხებელ მიმდინარეობას უზრუნველყოფს. ამასთან, როგორც წესი, პროგრამული (საპროექტო) დაფინანსება და სწავლებისათვის განსაზღვრული საგრანტო დაფინანსება არ იძლევა უნივერსიტეტის უწყვეტი ფინანსირების გარანტიას და მხოლოდ მისი არსებობა არ წარმოადგენს სწავლებისა და მეცნიერების დაფინანსების მართებულ პრინციპს, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოს მიერ გრანტის სხვადასხვა სახეობებით დაფინანსებული სწავლის საფასური, დღეს არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არასაკმარისია, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებზე სწავლების დასაფინანსებლად, როგორიცაა მედიცინა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სხვა. შესაბამისად, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევითი პროცესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის აუცილებლად მიგვაჩნია საბაზო, ინსტიტუციური დაფინანსების არსებობა. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასურველია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონმა ასახოს გარკვეული სამომავლო სამართლებრივი საფუძვლები ამ მიმართულებით და მასში დაფიქსირებული იქნას, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს გააჩნიათ გარკვეული სახეობის დაფინანსების წყაროები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ შორის საბაზო (ინსტიტუციური) დაფინანსება, რომელიც გათვალისწინებული იქნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლიდან, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ კი შემუშავებული იქნას სახელწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური დაფინანსების წესი. აქედან გამომდინარე, სასურველია კანონი ითვალისწინებდეს შემდგომ ჩანაწერებს: „გარდა ამ კანონით განსაზღვრული დაფინანსების სახეობებისა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ინსტიტუციური დაფინანსება, რომლის ოდენობა და გაცემის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ“, ხოლო, სავარაუდოდ, კანონის გარდამავალ დებულებებში უნდა დაფიქსირდეს სამართლებრივი ნორმა იმის თაობაზე, რომ ზემოხსენებული დებულება ძალაში შედის 2018 წლიდან.
წინამდებარე მოსაზრება კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე, უნივერსიტეტის რექტორის დავალებით, შედგენილია თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის მიერ.
უნივერსიტეტი საზოგადოებას ამ ინიციატივების ღია რეჟიმში განხილვისთვის იწვევს.

სხვა სტატიები »