ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

,,ყველაზე დიდი დანაშაული ინერტულად ყოფნაა და მიდგომა _ „რაც მოხდება და მოხდეს“

,,ყველაზე დიდი დანაშაული ინერტულად ყოფნაა და მიდგომა _ „რაც მოხდება და მოხდეს“
30 მარტი, 2016
გიორგი  არობელიძე 21 წლისაა,  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. აინტერესებს პოლიტიკის თეორიები და აპირებს სწავლა მაგისტრატურაზე გააგრძელოს. ასევე დაინტერესებულია ადამიანის შრომითი უფლებებით და მომავალ კარიერასაც ამ სფეროში ხედავს. დღეს ის „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებს შორისაა და თავის ხედვებს გვიზიარებს იმაზე, თუ რა უნდა შეიცვალოს უნივერსიტეტში და როგორ:

_ რა იქნება შემდეგ, რა განვითარება უნდა მოჰყვეს ამ მოვლენებს?
ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ყველაზე  ფუნდამენტურ პრობლემებს ეხება.  პირველი შეეხება სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმას. იგი არ შეეხება რომელიმე ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტს. ჩვენ გვინდა, რომ კანონი უმაღლესი განათლების შესახებ შეიცვალოს. ცვლილების თანახმად,  თვითმართველობის ერთადერთ ფუნქციად განისაზღვრება წარმომადგენლობით ორგანოებში ყოფნა. თვითმმართველობებს აღარ უნდა ჰქონდეს მონოპოლია სტუდენტებისთვის გამოყოფილ რესურსებზე.
ამ შემთხვევაში ბუნებრივად შეიქმნება უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბები, ისე, როგორც ეს არის დასავლეთის უნივერსიტეტებში.  ეს გულისხმობს, ინტერესების გარშემო გაერთიანებულ სტუდენტებს. მაგალითად, ლიტერატურის მოყვარულთა კლუბს, ან ასტროლოგიის მოყვარულთა კლუბს. ისინი, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, ახორციელებენ პროექტებს და ა.შ. აქ ყველანაირი იერარქია წაშლილია. არ არსებობს მმართველი, იკრიბებიან ადამიანები, განიხილავენ, საუბრობენ, გეგმავენ, შეაქვთ ადიმინისტრაციაში პროექტები. შეიძლება ასტროლოგიის მოყვარულთა კლუბს უბრალოდ ესაჭიროებოდეს ტელესკოპი, ან აბასთუმანში წასვლა. ადმინისტრაცია ამ მოთხოვნას განიხილავს, მსჯელობს რამდენად მიზანშეწონილია და ა.შ. მთავარი ამ ყველაფერში არის ის,რომ ყველა სტუდენტი იქნება თანაბარ პირობებში.

_ პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ვინ უნდა იღებდეს, რა კრიტერიუმებით უნდა გაიცემოდეს ფული?
 გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს კომისია. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს ეს კომისია. ბუნებრივია, მისი  საქმიანობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რომ რომელიმე ჯგუფის მიმართ არის მიკერძოებული. ვფიქრობთ, კომისია უნდა იყოს როტაციული. კრიტერიუმების შესახებ ჩვენ შევიმუშავებთ და წარმოვადგენთ ჩვენს ხედვებს. მათში, სავარაუდოდ, მთავარი იქნება  სოციალური თემატიკა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს არის დღეს ყველაზე მთავარი საკითხი. ბუნებრივია ეს არ გამორიცხავს არც სამეცნიეროს და არც, მათ შორის, გასართობი პროექტების არსებობას. აქ მთავარია ის, რომ ყველა სტუდენტი იყოს ჩართული და ყველას შეეძლოს  პროექტის გაკეთება.

_ ერთ-ერთ ინტერვიუში რექტორმა აღნიშნა, რომ  იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტები წარმოადგენდნენ პროექტებს, დაფინანსების მიღების საშუალება დღესაც არსებობს. მაგალითებიც მოიყვანა. თქვენ თუ გიცდიათ, გამოგიყენებიათ თუ არა არსებული  მექანიზმი და რა შედეგი მიგიღიათ ?
ოფიციალურად  ყველა სტუდენტს ჰქონდა საშუალება შეეტანა პროექტი და განეხილა ადმინისტრაციას. თუმცა, ადმინისტრაცია სტუდენტებს ამისამართებდა თვითმმართველობასთან და  ეუბნებოდა, რომ ეს იყო თვითმმართველობის პრეროგატივა და მათ გარეშე ეს ამბავი არ გამოვიდოდა. რაც შეეხება ჩემს პირად გამოცდილებას.  მე და ჩემს მეგობრებსაც გაგვიკეთებია საჯარო ლექციების ციკლი, მათ შორის ფორუმი, კონფერენცია, თუმცა ეს ყველაფერი მოვახერხეთ ისე, რომ უნივერსიტეტმა გამოგვიყო მხოლოდ ფართი და  ფინანსურად არ დაგვხმარებია, ჩვენ არც მოგვითხოვია. მაგრამ ვიცით მაგალითი - იყო  შემთხვევა, რომ პირველკურსელმა შეიტანა ექსკურსიის პროექტი  და ადმინისტრაციიდან იყო ასეთი პასუხი, რომ  უნდა მიეკითხა თვითმმართველობისთვის და ეს დაფინანსება პირველკურსელმა ვერ მიიღო.
თუ თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად განისაზღვრება მხოლოდ უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის მიღება,  მაშინ მნიშვნელობას დაკარგავს იერარქიის არსებობა, რომელიც დღეს არამარტო ჩვენთან, არამედ სხვა უნივერსიტეტებშიცაა. თუ ეს სტრუქტურა დაიშლება, ჩვენ დაზღვეულები ვიქნებით, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა მოახერხოს ორგანიზებულად სტუდენტების მართვა. დღეს თვითმმართველობა აერთიანებს დაახლოებით ათას ადამიანს, რომელთაც აქვთ რაღაც რესურსებთან წვდომა და, ბუნებრივია, რომ ეს სტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ სტუდენტებზე მასობრივი კონტროლი დაამყაროს.
მეორე მოთხოვნა შეეხება ოდეერის საკითხს. ეს არის ასევე ყველაზე პრინციპული მოთხოვნა. ჩემი აზრით, თუ უნივერსიტეტში იქნება ოდეერი, მერე ნაკლებ მნიშვნელოვანია თვითმმართველობის სტრუქტურა და ა.შ . თუ გარედან იმართება ყველაფერი -  ეს წინააღმდეგობაში მოდის ავტონომიასთან და აკადემიურ თავისუფლებასთან.
ეს პრობლემა არ არის ლოკალური. ოდეერი ფარულად თუ ღიად ერევა უნივერსიტეტის შიდა საქმეებში. ჩვენ ეს  მიუღებლად მიგვაჩნია და  ეს კანონთან მოდის წინააღმდეგობაშიც. არსებობს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, თუ რატომ უნდა იყოს ოდეერი უნივერსიტეტში -  მისი საშუალებით რაღაცნაირად უნდა მოხდეს კრიტიკული აზრის კონტროლი. ჩვენი მოთხოვნაა,  შეიქმნას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია,  ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს არის იმ მასშტაბის თემა, რომ უნდა დაინტერესდეს საკანონმდებლო ორგანო. ჩვენ სკეპტიკურად ვართ განწყობილნი სამთავრობო-საგამოძიებო უწყებებისადმი ვინაიდან,  გვაქვს ეჭვი, რომ ოდეერის შესახებ მათ ჰქონდათ უკვე ინფორმაცია და ბუნებრივია ისინი თავიანთი თავის წინააღმდეგ არ დაიწყებენ გამოძიებას. ამიტომ მიგვაჩნია,რომ საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმენას.
ჩვენი მესამე მოთხოვნა  შეეხება აკადემიურ საბჭოს. ჩვენ სანამ იმას ვიტყოდეთ, თუ რა გვინდა აკადემიური საბჭოსგან, გავიხსენოთ  უახლოესი მოვლენები. აკადემიურმა  საბჭომ ჯერ აირჩია კანცლერის კანდიდატურად არჩვაძე, რომლის მიმართაც არსებობდა უამრავი კითხვა. საბოლოოდ არჩვაძემ მოხსნა კანდიდატურა. შემდეგ, განათლების სამინსიტროს თქმით, კანონის უხეში დარღვევით აირჩა გაფრინდაშვილი და მთელი აკადემიური საბჭო ცდილობდა, რომ გაეყვანა ეს კანდიდატურა. მათ რამდენჯერმე დაიწყეს და გააჩერეს რექტორის იმპიჩმენტის საკითხიც. დღეისთვის ვიცით, რომ ეს პროცედურა კიდევ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ და არ მივიჩნევთ აკადემიურ საბჭოს ლეგიტიმურ ორგანოდ და  მივიჩნევთ, რომ ის უნდა დაიშალოს და  მოხდეს მისი ხელახალი არჩევა. ჩვენ, აგრეთვე, მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტი იმართება დემოკრატიული პრინციპების დარღვევით, ჩვენ ვფიქრობთ რომ 15 ადამიანი, რომელიც აკადემიურ საბჭოშია, არ შეიძლება წყვეტდეს ამხელა უნივერსიტეტის ბედს. ჩვენ ვითხოვთ  საბჭოს დაშლას და  შემდეგ, როცა გამოცხადდება არჩევნები, გაიზარდოს მასში წევრების რაოდენობა. განათლების სამინისტროს პოზიციაც  მსგავსია და მათი თქმით, ისინი უკვე რეფორმაზეც  მუშაობენ და ვარაუდობენ წევრების 50-მდე გაზრდას. კრიტიკა არის იმ კუთხით, რომ ჩვენ არ ვაყენებთ პაპავას პასუხისმგელობის საკითხს. ჩვენ  უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ აკადემიურ საბჭოს და  მიგვაჩნია, რომ ის სასწრაფო წესით უნდა დაიშალოს. უკვე  მისი დაშლის შემდეგ არჩევის პროცედურა, რა თქმა უნდა, დროს მოითხოვს და პაპავა საჭიროა.

_ ანუ თქვენ ამბობთ, რომ ვლადიმერ პაპავა უნდა იყოს ერთგვარად გარდამავალი რექტორი ამ მოვლენების ფონზე და შემდეგ იგი შეიცვლება ?
მას შემდეგ, რაც მოხდება ახალი აკადემიური საბჭოს ფორმირება,  ჩვენ დავაყენებთ პაპავას პასუხისმგებლობის საკითხს.  ჩვენ უამრავი პრეტენზია გვაქვს. ეს არ შეეხება ამ უახლოეს დროს განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ  ვაკრიტიკებთ, იგივე   24 ათას ლარს, რომელიც 70 ადამიანისთვის იყო გამოყოფილი და ამაზე პაპავას ხალმოწერა იყო.

_ ამ ფონზე, რა გიქმნით იმის გარანტიას, რომ ეს ყველაფერი უნივერსიტეტს მისცემს მეტ დამოუკიდებლობას? ამ ყველაფერში საკმაოდ ადვილად ხომ არ წამოგყვათ ხელისუფლება? ხედავთ თუ არა საფრთხეს, რომ ამ ცვლილებებმა არ მოიტანოს ავტონომიის ის ხარისხი, რომელიც თქვენ დღეს წარმოგიდგენიათ?
შეიძლება ჩანდეს ისე, რომ განათლების სამინისტროსთან თითქოს მარტივად მივაღწიეთ შედეგს, მაგრამ რეალურად  ყველაფერი სხვაგვარად იყო. მაგალითად როცა განათლების მინისტრის მოადგილე შეგვხვდა, ის ყველანაირად ცდილობდა რომ თუნდაც თვითმმართელობის საკითხი არ აეღო სამინისტროს საკუთარ თავზე, ამბობდა რომ ეს ცვლილებები არ არის მათი საქმე... და მოხდა ისეთი რამ, რომ აუდიტორია დახვდა მზად  და მანაც უბრალოდ ვერ შეძლო ჩვენი მოტყუება.

_ უნივერსიტეტის შიგნით ასეთი ცვლილებებისთვის რესურსი ამოწურული იყო?
მაგალითად, როდესაც თვითმმართველობის სტრუქტურის ცვლილებაზეა საუბარი, დღევანდელი კანონმდებლობით განსაზღვრულია შემდეგი: თვითმმართველობის სტრუქტურას განსაზღვრვას თვითონ თვითმმართველობა, ვერც აკადემიური საბჭო და ვერც სენატი ვერ შეცვლის მის სტრუტურას, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ შევიდეს კანონში ცვლილება. კანონში ცვლილების შეტანის მოთხოვნა არავითარ წინააღდეგობაში არ მოდის უნივერსიტეტის ავტონომიასთან.
აკადემიურ საბჭოს შესახებ ჩვენ მინისტრის მოადგილესთან არ გვქონია საუბარი, რადგან მარტივად,რომ ვთქვათ ეს არ იყო მისი საქმე.  ვესაუბრეთ თითმმართველობაზე და ოდეერზე. ჩვენ ბუნებრივია საუბარი გვქონდა სისტემურ გარდაქმნებზე, რომელიც შეეხება არჩევის წესის, რაოდენობის ცვლილებებს და ა.შ   სამინისტროს პოზიცია იყო ის, რომ დაწყებული აქვთ მუშაობა კანონში ცვლილებების შესატანად, რომელიც გულისხმობს აკადემიური საბჭოს წევრების რაოდენობის ზრდას.
ჩვენს კანონში ბევრი პრობლემა არსებობს, თუ რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია 15 კაცით უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის დემოკრატიული იმ უნივერსიტეტში, სადაც 22 ათასი  სტუდენტი სწავლობს და ბევრი პროფესორია. რაც, შეეხება რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მას უკვე  ყველა ირჩევს. ჩვენ ფიქრობთ,რომ აუცილებელია გაიზარდოს ჩართულობა, რომელიც გამოიწვევს ამ პროცესების გაჯანსაღებას. ის რომ დღეს უნივერსიტეტში არის ასეთი სიტუაცია არის იმის ბრალი, რომ ადამიანები უკვე წლებია არიან აკადემიურ საბჭოში და აღარ შესწევთ ძალა ცვლილებების და ვერც იმას ხვდებიან, რომ წავიდნენ სახლში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დღეს უნივერსიტეტში  არის კლანური მმართველობის და კლანებს შორის დაპირსიპირება თუნდაც აკადემიურ საბჭოში.

_ ეს მეტი ჩართულობა მხოლოდ  რაოდენობამ უნდა უზრუნველყოს თუ კიდევ არის  ცვლილებები, რომელიც შექმნის ამის წინაპირობას?
როგორც ცნობილია,“ აუდიტორია 115“ გადავიდა სამუშაო რეჟიმზე. შექმნილია საბჭოები და კომიტეტები, სადაც ვმუშაობთ სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე და ჩვენ გვინდა,რომ უნივერსტიტეტს შევთავაზოთ პრობლემათა გადაჭრის ჩვენეული ხედვა.

_ თვლით თუ არა, რომ თქვენ წარმოადგენთ 22 ათას სტუდენტს სრულად, და თვლით თუ არა რომ არიან კიდევ ჯგუფები, რომლებიც არ იზიარებენ  ასევე წარმოადგენენ სტუდენტებს და არ იზიარებენ თქვენს პოზიციას?
_ ბუნებრივია, არ მგონია, რომ ჩვენ ვართ ის ჯგუფი, რომელიც ყველა სტუდენტის ხმას წარმოვადგენთ. სხვა ჯგუფის შესახებ არ მსმენია, თუმცა, არსებობის შემთხვევაში, ამას  მხოლოდ და მხოლოდ თუ გაჩნდება სხვა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე ისაუბრებენ, კარგია. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი დანაშაული ინერტულად ყოფნაა და მიდგომა - „ რაც მოხდება და მოხდეს“. ეს ყველაზე მეტად ლექტორებს ეხებათ, რომლებიც, როგორც წესი, თავს იკავებენ, თუნდაც პოზიციის დაფიქსირებისგან. მათ ურჩევნიათ, რომ დამთავრდება ყველაფერი, შემდეგ შეაფასონ მოვლენები. უნივერსიტეტი რომ არის ამ დღეში, ზუსტად ასეთი გულგრილი ადამიანების დამსახურებაა.

სხვა სტატიები »