ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უნივერსიტეტი ალექსანდრე რონდელს დაემშვიდობა

15 ივნისი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ალექსანდრე რონდელი ბოლო გზაზე გააცილა.  სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ პირველ კორპუსში. მის ხსოვნას პატივი მიაგეს თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, აკადემიურმა წრეებმა, სტუდენტებმა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

ალექსანდრე რონდელი იყო გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი. 1991-1996 წლებში იგი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე და სიცოცხლის ბოლომდე  თსუ უნივერსიტეტის სტუდენტებს უზიარებდა იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლაში და პრაქტიკული მოღვაწეობის წლების მანძილზე დააგროვა.

ალექსანდრე რონდელი 1997-2001 წლებში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი იყო. 1976-1977 წლებში მან სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ხოლო 1993-1994 წლებში - ვუდრო ვილსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ). 1991 წელს ალექსანდრე რონდელი იყო მოწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ), 1995 წელს - მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ), 1992, 1995 და 1997 წლებში - უილიამს კოლეჯში

მეცნიერთან და მასწავლებელთან გამომშვიდობების საშუალება მის სტუდენტებსა და კოლეგებს 16 ივნისს თსუ-ს პირველ კორპუსში მიეცათ.

სხვა სტატიები »