ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

შემოდგომის ლეგენდა - 2013 დასრულდა

25 ნოემბერი, 2013
20 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2013“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების საღამო გაიმართა.

ჟიურის წევრების მიერ შერჩეული სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი 23 ოქტომბერს კახეთში, ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში გამართული იმპროვიზაციული ტურის თორმეტი მონაწილიდან გამოვლინდა. ტურზე მონაწილეებს შესთავაზეს 8 საათის განმავლობაში შეექმნათ ნაშრომი თემაზე: „28-ე“.

ჭავჭავაძეების სასახლე, სადაც კონკურსის მეორე ტური ჩატარდა, ამ დროისთვის ევროკავშირისა და ჩინეთის ეგიდით ორგანიზებულ გამოფენას - „დიალოგი ცინთან“ მასპინძლობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის ქვეყნების ცნობილი მოქანდაკეების მიერ შექმნილი 27 ნამუშევარი - მშვიდობიანი ჯარისკაცი. ჟიურის მიერ მონაწილეებისთვის მიერ მიცემული თემა "28-ე" სტუდენტებს თავის შეხედულებისამებრ შეეძლოთ გაეშალათ.

გამარჯვებულები უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრემიითა და კომპანია „ჯეოსელის“ სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ბექა ადამაშვილს ("XXVIII: წერტილი") - 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო, მეორე ადგილის მფლობელ ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ რატი წეროძეს ("27-ზე მეტი") _ 700 და მესამე ადგილის მფლობელ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ ანი ლაზვიაშვილს ("წმინდა ატომი") - კი 500 ლარი გადაეცათ. საღამოზე გამოვლინდა საიუბილეო წელთან დაკავშირებული ინიციატივის - ონლაინ ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულიც. იგი ამ დროისთვის ქუვეითში მცხოვრები შალვა კიკალიშვილი გახდა, ნაწარმოებისათვის “დღე 28-ე”. აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოების ავტორი კომპანია “ჯეოსელის” მიერ დაჯილდოვდა.

დაჯილდოების საღამოზე 5 წლის განმავლობაში კონკურსის გამარჯვებული ნაშრომებისგან შემდგარი საიუბილეო კრებულის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცა. სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობისთვის გზის გაკვალვაა.

გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ თანამედროვე ქართველი მწერლების: დავით ტურაშვილის, თეონა დოლენჯაშვილის, მაკა ლდოკონენის, გიორგი კეკელიძის, ეკა ტოგონიძის და დავით გორგილაძის შემადგენლობით.

"ყოველ "შემოდგომის ლეგენდას" წინა წლებისგან თემა განასხვავებს. ვფიქრობ, რომ წლევანდელი დავალება შედარებით რთული, მაგრამ საინტერესო იყო. ლიტერატურის ისტორიას რომ გადავხედოთ, არა ერთი მაგალითი არსებობს, როდესაც სახვითი ხელოვნების ნიმუშების ზეგავლენითა თუ შთაგონებით მწერლები ნაწარმოებებს ქმნიდნენ. წელს “შემოდგომის ლეგენდის” გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ საუკეთესო მხრიდან წარმოეჩინათ საკუთარი უნარი თუ შესაძლებლობები. ამას მცირედმა ნაწილმა გაართვა თავი, თუმცა, ვინც ეს შეძლო, საუკეთესოდ მოახერხა. გამიხარდა, რომ შარშანდელმა აღმოჩენამ, რატი წეროძემ წელს იმედები არ გაგვიცრუა. ანი ლაზვიაშვილისგან ჯერ კიდევ შარშან ველოდით კარგ ნაწარმოებს. ვფიქრობ, რომ დიდი პოტენციალის მწერალია და მთავარი სათქმელი ჯერ კიდევ წინ აქვს. რაც შეეხება პირველ ადგილს, როგორც იტყვიან ხუთიანზე შეასრულა დავალება, თუმცა, ჩემთვის ლიტერატურული ნაწარმოები მეორე და მესამე ადგილზე გასულებისა უფროა”. - თვლის ჟიურის წევრი მაკა ლდოკონენი.

ჟიურის მეორე წევრის, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის აზრით, ისეთი ფორსმაჟორული სიტუაცია, როგორშიც კონკურსის მეორე ტური ჩატარდა, მომავალ მწერალს თავისი შესაძლებლობის გამოვლენის საშუალებას აძლევს და დამატებით ცენზს სძენს. ბავშვების ნაწილს, დამწყები მწერლების სტატუსით, ადრეც იცნობდა, დანარჩენებს კი “ლეგენდაზე” შექმნილი ნაწარმოების საშუალებით გაეცნო.

გასული წლის ლეგენდის გამარჯვებული დავით გორგილაძისათვის ჟიურის რიგებში ყოფნა სასიამოვნოზე მეტად საინტერესო იყო. მისთვის კონკურსანტებს შორის ყოფნა გაცილებით სასიამოვნო და შემოქმედებითი პროცესია. თავის თანატოლთა შემოქმედების შესაფასებლად მისი ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანისთვის ჟიურის წევრის სტატუსი გარკვეულწილად უხერხულად მიაჩნდა. მართალია, მისი აზრით, “ლიტერატურული ჟიური ყოველთვის სუბიექტურია და შეუძლებელია მხატვრული ტექსტის შეფასებისას ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ წელს ჟიურის პოზიციები "მეტნაკლებად" ერთნაირი იყო".

მწერალ თეონა დოლენჯაშვილის თქმით, ყოველ წელს ლეგენდაზე შექმნილ ნაწერებს რაღაც საერთო აქვს: თავისუფლება, მრავალფეროვნება, პოტენციალი, რომელიც შეიძლება შემდეგ საინტერესოდ განვითარდეს. წლევანდელ “ლეგენდაზე” კონკურსანტებს “საზღვრები საერთოდ გახსნილი ჰქონდათ, რის შედეგად 12 ძალზე სტილისტურად და ჟანრობრივად განსხვავებული ნაწარმოები შეიქმნა”. როგორც ამბობს, წელს უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა, იქვე დასძინა, რომ ასეთი შეფასება ნამუშევრების წაკითხვის შემდეგ “ცხელ გულზე” გააკეთა, გარკვეული დროის შემდეგ კი, როცა ნამუშევრებს ხელახლა ეცნობა, როგორც წესი, უფრო კარგი შთაბეჭდილება რჩება. სამი საპრიზო ადგილის გამოვლენა ჟიურის არ გასჭირვებია. კონკურსზე ერთი ახალი სახის აღმოჩენაც კი კარგი შედეგია. მით უმეტეს - სამი-ოთხი გამართული ნაწერის” - ამბობს თეონა.

სხვა სტატიები »