ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან

27 მარტი, 2014
27 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებთან მეორე ღია შეხვედრა გამართა, მათ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრის დასაწყისში თსუ რექტორმა ისაუბრა აკადემიურ რეგისტრაციასა და ბაზებზე, სახელმძღვანელოების თარგმნაზე, ახალ ინიციატივაზე - სტუდენტთა სამეცნიერო წრეებზე, ქართველოლოგიის მიმართულებით დაგეგმილ სამეცნიერო და სტუდენტურ ფორუმზე, საუნივერსიტეტო სამეცნიერო კლინიკის შექმნაზე, თსუ მესამე კორპუსის რემონტზე, უნივერსიტეტის საბაზო დაფინანსების მოთხოვნაზე, პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტზე და დოქტორანტურაზე სწავლის დაფინანსებაზე, სტუდენტების, პროფესორების, უცხოელი სპეციალისტებისთვის ასადგილიანი  საცხოვრებლის მშენებლობაზე, სტუდენტურ სასადილოზე და სხვა.

შეხვედრის დიდი ნაწილი სტუდენტთა შეკითხვებზე პასუხს დაეთმო. სტუდენტებმა საკითხთა და პრობლემათა ფართო სპექტრზე გაამახვილეს ყურადღება: სასწავლო კორპუსებში სველი წერტილების მდგომარეობიდან დაწყებული პროფესორთა კვალიფიკაციითა და კომპეტენციით დამთავრებული.

ტრადიციიისამებრ, ძირითადად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურობდნენ. მათი თქმით, ფაკულტეტის მთავარი პრობლემა დეკანის გაჭიანურებული არჩევნებია. თუმცა, სტუდენტებმა პრეტენზიები აკადემიურ თანამდებობებზე ჩატარებული საკონკურსო კომისიების დაკომპლექტების წესზე, დოქტორანტურის დაფინანსებაზე, ლექტორების კვალიფიკაციის განსაზღვრაზე, სილაბუსების ხელმისაწვდომობაზე, სხვადასხვა სტუდენტური ჯგუფების საქმიანობაზე, სტუდენტურ პროექტებზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ბიუროკრატიის შემცირებაზე გამოთქვეს. თსუ რექტორმა გამორიცხა პოლიტიკური ნიშნით კადრების შერჩევა: "ყველას აქვს უფლება იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი. მაგრამ ეს ხელს არ უნდა უშლიდეს უნივერსიტეტში სასწავლო-სამეცნიერო პროცესს. სხვა მხრივ, პოლიტიკური ნიშნით კადრების შერჩევის წინააღმდეგი ვარ."

თსუ რექტორმა და ფაკულტეტების წარმომადგენლებმა პასუხი გასცეს სტუდენტთა შეკითხვებს. შეხვედრის მსვლელობისას რამდენიმე საკითხზე შეთანხმებაც შედგა. შეხვედრის დასასრულს თსუ რექტორმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები პერიოდულად გაიმართება: "უნივერსიტეტი გარკვეული ამოცანების და პრობლემების წინაშეა. მე მაინტერესებს თქვენი წინადადებები, თქვენი თვალით დავინახო ეს პრობლემები. ის ვალდებულებები, რომელიც მე წინასაარჩევნო პერიოდში ავიღე, აუცილებლად უნდა შევასრულო. მე მჭირდება თქვენგან რეკომენდაციები, შენიშვნები, წინადადებები, რათა პრობლემას სხვადასხვა მხრიდან შევხედოთ. ეს დაგვეხმარება მათ მოგვარებაში."
სხვა სტატიები »