ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

პროფესორ მაიკლ უილიამსის საჯარო ლექცია

25 მარტი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში აშშ–დან მოწვეული გარემოსდაცვითი ეკონომიკის  ექსპერტის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მაიკლ უილიამსის საჯარო ლექცია ,,ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, როგორც მდგრადი ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი“ გაიმართა.
    
“პროფესორ მაიკლ უილიამსს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს კონსალტინგის სფეროში. მისი ლექცია საინტერესო თემას ეხება და ბევრ სტუდენტს აღუძრავს ეკონომიკაში ამ მიმართულების კვლევის ინტერესს. ვფიქრობ ორმხრივ სარგებელს მოიტანს ეს შეხვედრა. ჩვენი სტუდენტები მიიღებენ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას აღნიშნულ თემაზე, ხოლო პროფესორ უილიამსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტურ აუდიტორიასთან შეხვედრა, ვინაიდან ეს მას აძლევს სტიმულს განავითაროს თავისი კვლევები, მოახდინოს ფოკუსირება  და ორიენტირება იმ მიმართულებით თუ რა მოთხოვნა მოდის სტუდენტური საზოგადოებისგან“, - განაცხადა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა თეიმურაზ ბერიძემ.

„მსგავსი საჯარო ლექციების ჩატარება მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ჩვენი პროფესორებისთვის, არამედ სტუდენტებისთვისაც. მართალია ჩვენი პროგრამები უკვე შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ უცხოელი პროფესორების გამოცდილების გაზიარება ძალიან სასარგებლოა ჩვენი სტუდენტებისთვის. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს არა მხოლოდ სტუდენტების ცოდნის დონის ამაღლებას, მათ შემდგომ გასვლას უცხოეთის უნივერსიტეტებში“, -  აღნიშნა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სიმონ გელაშვილმა.

ლექციის მიზანია მწვანე ეკონომიკური განვითარების საკითხების საერთაშორისო გამოცდილების პოპულარიზაცია სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებით. აღნიშნული პრობლემა მეტად აქტუალურია როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირისა და ზოგადად მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

ლექცია  თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და USAID.

სხვა სტატიები »