ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მემორანდუმი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან

27 თებერვალი, 2014
27 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ იურიდიულ ფაკულტეტსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის სასწავლო კლინიკის შექმნის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები სწავლების პრაქტიკულ კურსს გაივლიან საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურში.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის განცხადებით, „მემორანდუმის თანახმად, სამინისტროს ბაზაზე ჩამოყალიბდება სასწავლო კლინიკა. ეს  ჩვენს სტუდენტებს მისცემს საშუალებას დაეუფლონ იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც საჭიროა ამ სფეროში სამუშოდ. მემორანდუმი მნიშვნელოვანია სტუდენტთა შემდგომი დასაქმების თვალსაზრისითაც და ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროსთვისაც. ასეთი ურთიერთობა, ხელს უწყობს სამინისტროს ტრანსპარენტულობას და ის კითხვები, რომელიც, შესაძლოა, არსებობს საზოგადოებაში, პასუხის გარეშე არ დარჩება.“

„თსუ იურიდიულ ფაკულტეტთან გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს სტუდენტთა ჩართვას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის სხვადასხვა სტრუქტურების მუშაობაში. მათ საშუალება ექნებათ უშუალოდ ნახონ, რა სამუშოს ასრულებს სამინისტრო; მიიღონ მეტი ცოდნა და გამოცდილება. ეს კი ხელს შეუწყობს და წაადგება დღევანდელი სტუდენტების მომავალში პროფესიონალად ჩამოყალიბებას,“- აღნიშნა  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.

სხვა სტატიები »