ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტთა საგანგებო განცხადება

28 იანვარი, 2014
თავისუფალ სტუდენტთა კავშირმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

სტუდენტებმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისება გააპროტესტეს. მათი განცხადებით, თსუ-ს ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ინვესტორი კომპანია  უნივერსიტეტისა და მისი პროფილისათვის შეუფერებელ საქმიანობას აპირებს.   

„ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია თბილისის მერიის პოზიცია. მერია აცხადებს, რომ აუქციონის პირობით არაა გათვალისწინებული რაიმე შეზღუდვა გამარჯვებული კომპანიისათვის და მას უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე, დედაქალაქისა და მისი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, უნივერსიტეტის ათასამდე სტუდენტმა, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ინიციატივით, დარგო 500 ნერგი. თბილისის მერიის ამ გადაწყვეტილებით, დღეს დადგა ამ ნარგავების განადგურების საკითხი. კატეგორიულად მოვითხოვთ, თბილისის მერიისგან, საკრებულოსგან და ინვესტორი კომპანიისაგან, გათვალისწინებული იქნას, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელიმწიფო უნივერსიტეტის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების ინტერესები და არავითარ შემთხვევაში არ განხორციელდეს, უნივერსიტეტისა და დედაქალაქისთვის მიუღებელი საქმიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად, მივმართოთ პროტესტის ყველაზე მწვავე ფორმებს,“- განაცხადა თავისუფალ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარემ ნიკოლოზ მეტრეველმა.

რამდენიმე დღის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, საზოგადოების საყურადღებოდ მიმართა თბილისის მერიასა და ქალაქის საკრებულოს გაითვალისწინონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების ინტერესები და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე არ განხორციელდეს უნივერსიტეტისთვის შეუფერებელი საქმიანობა.
სხვა სტატიები »