ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ში კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოეს

26 დეკემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპანია „ბრიტიშ ამერიკან ტობაკო“-ს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოეს. კონკურსში გამარჯვებულ 12 სტუდენტს კომპანია 1 სასწავლო წლის საფასურს გადაუხდის.

გამარჯვებულ კონკურსანტებს სერტიფიკატები კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და კომისიის წევრებმა - თსუ რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილმა და კომპანია „ბრიტიშ ამერიკან ტობაკო“-ს კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზვიად სხვიტარიძემ გადასცეს.

 „უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა „ბრიტიშ ამერიკან ტობაკო“-ს, რომელმაც ძალიან სერიოზული პირველი ნაბიჯი გადადგა. იმედი მაქვს, რომ მათ მიბაძავენ  დიდი ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, რაც სტანდარტული ფორმაა საზოგადოებრივ სიკეთეში საკუთარი წვლილის შეტანისთვის.  ძალიან დიდი მადლობა სტუდენტებს, რომლებმაც ამ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. მე ვთვლი, რომ „ბრიტიშ ამერიკან ტობაკო“-მ სულ ცოტა 12 ადამიანს მისცა შესაძლებლობა პრობლემის გარეშე დაასრულოს სწავლა“, - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ მარინე ჩიტაშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, წარმატებულ სტუდენტებს „ბრიტიშ ამერიკან ტობაკო“ გადაუხდის  სწავლის საფასურს და ამით ძალიან ბევრ მატერიალურ პრობლემას მოუხსნის. “მადლობა მინდა გადავუხადო „ბრიტიშ ამერიკან ტობაკო“- ს წარმომადგენლობას საქართველოში ძალიან კარგი წამოწყებისათვის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა წარმატებული კომპანიები მიბაძავენ ამ წამოწყებას და  სხვა სტუდენტებსაც მისცემენ შესაძლებლობას, ნაკლები დრო დაუთმონ მატერიალური რესურსების ძიებას და მეტი დრო - სწავლას და განათლებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

„ეს არის ჩვენი კომპანიის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მსგავსი ტიპის ღონისძიებას ჩვენ გავაგრძელებთ როგორც თსუ-სთან , ასევე სხვა უნივერსიტეტებთან. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის სხვა წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში“,- აღნიშნა „ბრიტიშ ამერიკან ტობაკო“-ს კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზვიად სხვიტარიძემ.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებს შორის პირველ ტურში 24 სტუდენტი შეირჩა - თითო ფაკულტეტიდან 12-12 სტუდენტი.  მეორე ტურში (გასაუბრება) 12 გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა. გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდნენ: ლიდერის უნარ-ჩვევები, აკადემიური მოსწრება, ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა, სამუშო გამოცდილება, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, მოტივაცია.
სხვა სტატიები »