ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის 10 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება და სტივენ ჯონსის წიგნის პრეზენტაცია

10 დეკემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის  10 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე შედგა ცენტრის პროექტის „საერთაშორისო სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ შედეგების და ცენტრის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრის, პროფესორ სტივენ ჯონსის ახალი წიგნის „საქართველო - პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ ქართული თარგმანის გამოცემის პრეზენტაცია. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნილ მაკფარლეინი, ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე აშშ-ში გიორგი ხელაშვილი, სტუდენტები, აკადემიური საზოგადოება, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

თსუ რექტორის მოადგილის მარინე ჩიტაშვილის განცხადებით, „თსუ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს 10 წელი შეუსრულდა. ცენტრი დაკავებულია სოციალურ მეცნიერებებში სწავლების და კვლევის განვითარებით. სწორედ ცენტრის მიერაა ნათარგმნი სტივენ ჯონსის წიგნი. ეს არის პირველი ნაშრომი, რომელიც აჯამებს ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს, როგორც ახალი სახელმწიფოს მიერ განვლილ გზას. მასში ასახულია ბევრი საინტერესო მოვლენა, მათ შორის ძალიან ბევრი გაშვებული შანსი. ამ წიგნში ჩვენ წავიკითხავთ, რა არის თანამედროვე ქართული ისტორია; კარგია, რომ ეს ვიცოდეთ და რეალურად ჩავიხედოთ სარკეში.“

„ამ წიგნზე ძალიან რთული იყო მუშაობა. მასში აღწერილია საქართველოს ბოლო 20 წლის ისტორია. წარმოიდგინეთ, რამდენად ცვალებადი იყო ეს დრო. წიგნი 2012 წელს დავამთვრე და მეგონა, რომ მასში საქართველოს თანამედროვე ისტორია იყო აღწერილი. თუმცა, ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვალა -  ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი პარლამენტი, ახალი პრემიერ-მინისტრი. იმედი მაქვს, ამ წიგნს საქართველოში ბევრი მკითხველი ეყოლება,“- აღნიშნა წიგნის ავტორმა, სოციალური ცენტრის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრმა სტივენ ჯონსმა.

სტივენ ჯონსის  2012  წელს გამოცემული წიგნი „საქართველო - პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“   საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომი პოლიტიკური ისტორიის ძალზედ საინტერესო, სინთეზური ანალიზია, რომელშიც გამოყენებულია ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსები, ასზე მეტი პირადი ინტერვიუ მინისტრებთან, პრეზიდენტებთან, ელჩებთან, ქვეყნის მართვისა და განვითარების პროცესებში მონაწილე წამყვან პოლიტიკურ პირებთან. წიგნი მოიცავს ბოლო 20 წლის მანძილზე ქვეყანაში მიმდინარე სამუშაო პოლიტიკური პროცესების, ამომრჩეველთა ქცევის, სახალხო მოძრაობებისა და სოციალური ორგანიზაციების შესახებ ე.წ. bottom-up (ქვემოდან ზემოთ) ანალიზს. ნაშრომში სიღრმისეული და მრავალმხრივი შეფასებაა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებისა, რაც, თავის მხრივ, მეტად მიმზიდველს ხდის მას, როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისათვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვისაც. შეიძლება ითქვას, რომ,  ეს პირველი წიგნია, რომელიც ახდენს პოსტ საბჭოთა საქართველოს, როგორც ქვეყნის განვითარების რეფლექსიას, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს მას თანამედროვე განვითარების, პოლიტიკის შეფასებისა და სამომავლო განჭვრეტისათვის.
სხვა სტატიები »