ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-სა და ევროპის საბჭოს ერთობლივი კონფერენცია

5 დეკემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების განხილვა  გაიმართა. ვალდებულება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ევროპული კონვენციას ეხება. ამ თემაზე თსუ-სა და ევროპის საბჭოს ერთობლივი კონფერენცია ჩატარდა.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „თსუ-ში საერთაშორისო კონფერენციები, სემინარები ხშირად ტარდება, რომელზეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. დღევანდელი თემა - ტრეფიკინგი გლობალური თემაა, რომელიც საქართველოსაც აწუხებს. ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა საერთაშორისო ძალისხმევა. საქართველოს ხელისუფლებამ, ექსპერტებმა უნდა გაიზიარონ მსოფლიო გამოცდილება. იმედია ეს კონფერენცია პროდუქტიული იქნება.“

„ტრეფიკინგი ერთ-ერთი მძიმე და გავრცელებული საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულია. ყველა დემოკრატიული ქვეყნის ვალდებულებაა ადამაინებით ვაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ეფექტური ღონისძიებები იყოს გატარებული, გამართულად მოქმედებდეს ყველა შესაბამისი ინსტიტუტი თუ სისტემა. ეს შეხვედრა წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომელიც ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს და იმ გზებს, როგორ შეიძლება ეს პრობლემები გადაიჭრას ევროსაბჭოს დახმარებით,“- აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა.

კონფერენცია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ევროპული კონვენციის განხორციელების შესახებ ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მიერ საქართველოს თაობაზე მომზადებულ ანგარიშსა და რეკომენდაციების შესრულებას ეძღვნება.         

კონფერენციაში საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სხვა სტატიები »