ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა თსუ-ში

18 ნოემბერი, 2013
ექვთიმე თაყაიშვილის პირადი წერილები, ფოტოები, დოკუმენტები, მის მიერ გამოცემული წიგნები - ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ექსპონატები გამოიფინა 18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში. ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი თსუ მუზეუმია,  აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავს მიეძღვნა. ექსპოზიციაში  თსუ მუზეუმში, საქართველოს ეროვნული არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საარქივო-დოკუმენტური მასალა გამოიფინა.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ეს წელი იუნესკოს ეგიდით ექვთიმე თაყაიშვილის წლად გამოცხადდა. ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება ასახავს იმ რთულ პერიოდს, რომელიც ჩვენმა სამშობლომ გამოიარა.  მაშინ  მხოლოდ რამდენიმე ადამიანს სჯეროდა, რომ საქართველო დაიბრუნებდა დამოუკიდებლობას და ამიტომ ეროვნული საგანძური უნდა დარჩენოდა მომავალ თაობებს. სამწუხაროდ, ასეთი ხალხი ბევრი არ იყო, მაგრამ ვინც იყო, მათ განსაკუთრებული როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში.“

„ამ გამოფენით ჩვენ ვეცადეთ, რომ ის მრავალმხრივი მოღვაწეობა, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ეწეოდა, შეძლებისდაგვარად სრულად გაგვეშუქებინა. იმ ძნელბედობის ჟამს არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე, რომელშიც ექვთიმე თაყაიშვილს არ მიუღია მონაწილეობა: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, უნივერსიტეტის დაარსება,“- აღნიშნა თსუ მუზეუმის დირექტორმა მაია გურაბანიძემ.

ეროვნული არქივის ხელმძღვანელის თეონა იაშვილის თქმით, „ გამოფენაზე წარმოდგენილია  ის წერილებიც, რომელიც ეროვნული არქივის ფონდებში ინახება.  ამ დოკუმენტებს ახლა უკვე სტუდენტებიც გაეცნობიან. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა გაეცნობა, ექვთიმე თაყაიშვილის აქამდე შეუსწავლელ წერილებს და  გამოიკვლევს მათ, მით უფრო საინტერესო იქნება ექვთიმე თაყაიშვილის დანატოვარიც.“
გამოფენა თსუ მუზეუმში ერთ კვირას გასტანს.
სხვა სტატიები »