ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-ს, სოხუმის უნივერსიტეტს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სამხატვრო აკადემიას შორის

11 ნოემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული შრიფტის ლაბორატორიის შექმნას ჩაეყარა საფუძველი. თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა თინათინ კლდიაშვილმა 11 ნოემბერს ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანია თანამშრომლობა სამეცნიერო, სახელოვნებო და საგანმანათლებლო, ასევე მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, კვლევისა და დაცვის სფეროებში.

შეთანხმების მთავარ საგანს ქართული შრიფტის ლაბორატორიის შექმნა წარმოადგენს. ამ ეროვნული პროექტის განხორციელებისთვის მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები აერთიანებენ ძალებს, რათა გონივრულ დროში და შედეგიანად დასრულდეს საქმე, რომელიც ქართული შრიფტის, როგორც ეროვნული იდენტობის ნიშნის პროპაგანდას შეუწყობს ხელს.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით: „ქართული შრიფტის ლაბორატორიის შექმნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს კომპიუტერული ტექნოლოგიების პერიოდში  ჩვენ არ გამოვირჩევით გარკვეული სიმდიდრით ამ სფეროში და თუ არა ჩვენ,  ვინ უნდა ჩაატაროს შრიფტის სრულყოფასთან დაკავშირებული სამუშაო.  გაფორმებული მემორანდუმი არის გარკვეული ვალდებულება და ურთიერთგაგება ოთხ ინსტიტუციას შორის. ეს კი  ქმნის იმის საფუძველს, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ ამ ლაბორატორიას შთავბეროთ სული. რათა შეიქმნას ახალი ტექნოლოგიებით გათვალისწინებული თანამედროვე პროდუქცია.  თსუ ძალღონეს არ დაიშურებს, რათა ეს პროექტი იყოს წარმატებული.“

„მემორანდუმი გაფორმდა საგანმანათლებლო-სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს შორის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით  საფუძველი ჩავუყაროთ ეროვნულ საქმეს“,- აღნიშნა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა თინათინ კლდიაშვილმა.

„ქართულმა დამწერლობამ  განვითარების ძალიან დიდი გზა გაიარა.  ხანდახან გვგონია, რომ ეს პროცესი თავისით მიმდინარეობდა. თუმცა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ სტანდარტებს და კანონზომიერებებს ქმნიდნენ. ქართული შრიფტის ლაბორატორია სწორედ ისეთი დაწესებულებაა , რომელიც იგივე საქმეს გააგრძელებს რასაც ძველი მწიგნობრები აკეთებდნენ. გარკვეულ სტანდარტებს შექმნის, განვითარების გარკვეულ კანონზომიერებებს. ამ საქმეში ისეთი ინსტიტუციები ჩაერთნენ, რომლებიც უშუალო კავშირში არიან ამ საქმესთან და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე გამოწვევებს უპასუხებს“,- განაცხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ გაფორმებულ მემორანდუმზე ისაუბრა. მისი თქმით, „უაღრესად მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა ოთხ ინსტიტუციას შორის. ეს პირველ რიგში გულისხმობს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროებში. ქართული შრიფტის ლაბორატორიის შექმნა დიდი მნიშვნელობის ეროვნული ამოცანა გახლავთ. ამ გარემოში უსათუოდ იქნება შესაძლებელი ამ საქმის წინ წაწევა, მას ექნება როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული თუ სხვა სასწავლო-სამეცნიერო ფუნქციები. ამ საქმის განსახორციელებლად ჩვენ  საკმაო კომპეტენციას ვფლობთ. ეს არის სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანი და ის აუცილებლად იპოვის თავის ადგილს ქართულ სახელმწიფოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ უმნიშვნელოვანესი ეროვნული პროექტის განსახორციელებლად.“

ლაბორატორიის მიზანია ქართული კომპიუტერული შრიფტების სრულყოფილი მრავალფეროვნების შექმნა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება კომპიუტერული საოპერაციო სისტემების აღჭურვა, საგამომცემლო საქმის, სკოლის მოსწავლეთა ესთეტიკური გარემოს გამრავალფეროვნება, ელექტრონული მთავრობის პროგრამის მხარდაჭერა, კომპიუტერული შრიფტების შემქმნელთა ახალი თაობის მომზადება, შექმნილი და განახლებული შრიფტების პატენტირება და მათზე საავტორო უფლებების მოპოვება და ამ საქმეში სამართლებრივი დახმარების გაწევა; ახალი და ტრადიციული შრიფტების მუდმივმოქმედი გამოფენის ორგანიზება, პრეზენტაციების, კონკურსების ჩატარება და სხვა ღონისძიებების გამართვა.

სხვა სტატიები »