ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სამეცნიერო კონფერენცია ”გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემები”

8 ნოემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ორგანიზებით  სამეცნიერო კონფერენციის "გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემების" საიუბილეო სხდომა გაიმართა.

კონფერენცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გეოგრაფიის ინსტიტუტის  დაარსების 80 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, უნივერსიტეტის პროფესურა, გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევრები, უცხოელი მეცნიერები, ქართული გეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „გეოგრაფიის ინსტიტუტი 1933 წელს თსუ-ს გეოგრაფიული კათედრების ბაზაზე ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, მეცნიერებათა აკადემიის შექმნის სემდეგ, მეცნიერებთა აკადემიის დაქვემდებარებაში გადავიდა. დღეს ეს ინსტუტუტი კვლავ თსუ-ს შემადგენლობაშია. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ გეოგრაფიის ინსტიტუტი ქართული ეროვნული გეოგრაფიული კადრების აღსაზრდელად და სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად. უნივერსიტეტი მზადაა ხელი შეუწყოს  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების განვითარებას.“

„საქართველოში გეოგრაფიულ აზროვნებას უხსოვარი დროიდან არსებობდა. ძველ ჰაგიოგრაფიულ და სხვა წყაროებში ვხვდებით ძალიან ბევრ გეოგრაფიულ ტერმინს და ცნებას, რაც იმდროინდელ საქართველოში გეოგრაფიული ცნობიერების მაღალ დონეზე მიუთითებს. თუმცა, ქართული გეოგრაფიის აღმავლობად მე-18 საუკუნე, ვახუშტი ბაგრატიონის მოღვაწეობა ითვლება. მან შექმნა საქართველოს გეოგრაფიული ატლასები, წიგნი „აღწერა სამეფოსა საქართველოისა“, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს სამეცნიერო მნიშვნელობა. სასიხარულოა, რომ იუნესკომ ვახუშტი ბაგრატიონის ატლასები და წიგნი  მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. გეოგრაფიის ინსტიტუტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდრე ჯავახიშვილის ინიციატივით 1933 წელს შეიქმნა. მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძებების გამართვა, ჩამოსულია უამრავი უცხოელი მეცნიერი. საერთაშორისო კონფერენციები ჩვენს ახალგაზრდა მეცნიერებს ახალი კონტაქტების დამყარებაში, ასევე, დაკარგული სამეცნიერო ურთიერთობების აღდგენაში დაეხმარება,“- აღნიშნა  თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორმა ნანა ბოლაშვილმა.

კონფერენციაზე საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე კვლევებსა და სიახლეებზე მოხსენებები ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა წაიკითხეს.

სხვა სტატიები »