ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

რარიტეტული წიგნების გამოფენა თსუ-ში

4 ნოემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 4 ნოემბერს ევროპული რარიტეტული წიგნების გამოფენა მოეწყო. ბიბლიოთეკის ფოიეში 27 წიგნი გამოიფინა, რომელთაგან უძველესი - „ცხოვრება წმინდა იერონიმისა“ ლუბეკში 1484 წელსაა გამოცემული; წარმოდგენილია პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - 1629 წელს რომში გამოცემული ქართული ანბანი ლოცვებითურთ.

„უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საკმაოდ დიდი წიგნადი ფონდი აქვს. ფონდებში 3 მილიონამდე წიგნი ინახება, მათ შორის უიშვიათესი, რარიტეტული გამოცემები. ამჯერად გამოფენაზე ევროპული რარიტეტული წიგნების მცირე ნაწილი გამოვფინეთ. იმედი მაქვს, ჩვენი სტუდენტები ინტერესით გაეცნობიან ექსპოზიციას,“- აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის ხელმძღვანელმა ხათუნა ჩუგოშვილმა.

რარიტეტული წიგნების გამოფენა ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში მოეწყო. კვირეული თსუ-ში გაიხსნა ღონისძიებით „ვისაუბროთ წიგნებზე“. ღონისძიების ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და კულტურის ინსტიტუტებთან ერთად. თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართა წიგნების გამოფენა-გაყიდვა. კვირეულის ფარგლებში ქართულმა გამომცემლობებმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებმა ევროპული და ქართული ლიტერატურის შედევრები წარმოადგინეს.

სხვა სტატიები »