ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ვიქტორ კუპრაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თსუ-ში

4 ნოემბერი, 2013
ცნობილი მათემატიკოსის, აკადემიკოს ვიქტორ კუპრაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 4 ნოემბერს გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში თსუ XI კორპუსში ვიქტორ კუპრაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა. პრეზენტაციას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, ქართული მათემატიკური სკოლის წარმომადგენლები, ვიქტორ კუპრაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული რექტორის ვიქტორ კუპრაძის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია. გარდა ამისა, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და ერთ-ერთ აუდიტორიას მიენიჭა მისი სახელი. ამიერიდან სტუდენტებს, რომელთაც ამ აუდიტორიაში ჩაუტარდებათ ლექცია, ეცოდინებათ, რომ იგი ცნობილი ქართველი მათემატიკოსის სახელობისაა. ეს კიდევ ერთხელ მისცემს სტუდენტს უნივერსიტეტის ისტორიის გაცნობის საშუალებას, ეცოდინება თუ ვინ იყვნენ მისი წინაპრები. ამავე დროს,  გაუჩენს იმის შეგრძნებას, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის დააფასებს ადამიანებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი უნივერსიტეტის განვითარებაში.“

„ვიქტორ კუპრაძის ოჯახის სახელით მადლობა მინდა ვუთხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქართველ მათემატიკოსთა საზოგადოებას ასეთი პატივისთვის. ღრმად მწამს, რომ თსუ მათემატიკური სკოლა აღიდგენს იმ დიდებას, რომლითაც ყველანი ვამყობდით“,- აღნიშნა ვიქტორ კუპრაძის შვილიშვილმა გურამ კეკელიამ.

ვიქტორ კუპრაძის იუბილესადმი მიძღვნილ საიუბილეო სამეცნიერო კონფერენციაზე მეცნიერებმა წაიკითხეს მოხსენებები. სამეცნიერო სესიის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის -     „მათემატიკა“    პრეზენტაცია.

სხვა სტატიები »