ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები“

24 ოქტომბერი, 2013
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები“ 24 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტთან არსებული სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ორგანიზებით  გაიმართა.

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები, თსუ სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „თსუ იურიდიული ფაკულტეტი საკმაოდ აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სამთავრობო სტრუქტურებთან ჩართულია ერთობლივ კვლევით პროექტებში. ის ფაქტი, რომ დღეს უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან იმის მაჩვენებელია, რომ ეს კვლევა მხოლოდ წიგნის ფურცლებზე არ დარჩება, არამედ ის რეალურად გატარდება ცხოვრებაში.“

„მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შეხვედრები იმართება სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მსგავს ღონისძიებებზე პრობლემების თუნდაც თეორიულ დონეზე გაანალიზება და სამეცნიერო დონეზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა უფრო შედეგიანია, ვიდრე ზოგადი საუბარი,“- აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა.

კონფერენციაზე თსუ პროფესორებმა წაიკითხეს მოხსენებები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის საკითხებზე. გაიმართა მონოგრაფიის „ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოვლინებების კრიმინალიზაციისა და სამართალშეფარდების პრობლემები ქართულ სისხლის სამართალში“  განხილვა-დისკუსია.

სხვა სტატიები »