ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ლატვიის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თსუ-ში

8 ოქტომბერი, 2013
8 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლატვიის პარლამენტის (სეიმის) ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზანდა კალნინა ლუკაშევიჩა ეწვია. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის  სამიტს, რომელიც ვილნიუსში 28-29 ნოემბერს გაიმართება. აგრეთვე იმსჯელეს საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობასა და დოკუმენტის პარაფირების პერსპექტივაზე .

„მსგავსი შეხვედრების გამართვა ვილნიუსის სამიტის წინ ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ იმიტომ, რომ საშუალება გვაქვს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სამიტი ლატვიისთვის. ამავე დროს, საშუალება გვაქვს საზოგადოებასთან კითხვა-პასუხის რეიმში განვიხილოთ საინტერესო თემები,“-განაცხადა ზანდა კალნინა ლუკაშევიჩამ.

თსუ პროფესორი ალექსანდრე რონდელი  ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის შემდგომ ლატვიის განვითარების თავისებურებებით და ამ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივით დაინტერესდა. „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ლატვიამ დაინახა თუ რამდენად სერიოზულად უყურებს საქართველოს საზოგადოება ევროპულ პერსპექტივას, რამდენად არის საქართველო ამისთვის მზად და რომ ეს გადაწყვეტილება მყარია. ლატვია ჩვენი მოკავშირეა და დღეს სეიმის წევრი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ჩვენ მზად ვართ ევროპისთვის. ამიტომაც დიდი ინტერესით ველოდებით ვილნიუსის სამიტს,“-აღნიშნა ალექსანდრე რონდელმა.

„საკმაოდ უშუალო და საინტერესო შეხვედრა იყო. დღევანდელ შეხვედრაზეც დაფიქსირდა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს. ვფიქრობ, კარგი შედეგების მოლოდინში ვართ,“- განაცხადა თსუ პროფესორმა იოსებ სალუქვაძემ.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. ლატვიის პარლამენტის (სეიმის) ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ზანდა კალნინა ლუკაშევიჩამ თსუ პროფესორებისა და დოქტორანტების შეკითხვებს უპასუხა.

სხვა სტატიები »