ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საერთაშორისო კონფერენცია „გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები“

4 სექტემბერი, 2013
ქართველი მეცნიერები ექვსი ქვეყნის მკვლევრებთან ერთად გამოყენებითი მათემატიკის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და სიახლეებზე იმსჯელებენ   მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე „გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ დაარსებიდან 95 და ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 45 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი სულხან სისაური, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ესწრებოდნენ.  

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ ქართულ სამეცნიერო სკოლათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული არის სწორედ მათემატიკური სკოლა, ამიტომ ლოგიკურია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება ასეთი კონფერენცია. ჩვენ გვაქვს ვეკუას სახელობის საკმაოდ ძლიერი მათემატიკის ინსტიტუტი, გვყავს ძლიერი მათემატიკოსები, რომელთაც საერთაშორისოდ აღიარებული შედეგები აქვთ. ეს ტრადიციები უნდა  გაგრძელდეს. ამიტომაც უნდა ტარდებოდე საერთაშორისო კონფერენციები, განსაკუთრებით კი ისეთი აქტუალური მიმართულებით, როგორიც არის გამოყენებითი მათემატიკა.“

„საქართველოს მეცნიერება ყოველთვის იყო მსოფლიო მეცნიერების ავანგარდში. ჩვენ გვქონდა გარკვეული ჩავარდნა. მისასალმებელია, რომ დღეს თანდათანობით ეს ჩავარდნა მცირდება და იმედი გვაქვს რომ მალე ჩვენ დავიბრუნებთ იმ პოზიციებს, რაც  ჰქონდა ქართულ მეცნიერებას. ძალიან საინტერესო არის ის, რომ ჩვენი კოლეგები დასავლეთიდან ღებულობენ ფართო მონაწილეობას ასეთ კონფერენციებში. მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს მეცნიერების თავსებადობას დასავლურ სისტემებთან. ეს არის დღეს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ერთ- ერთი უმთავრესი ამოცანა,“ -აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა.

კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, კანადიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროდან წაიკითხავენ მოხსენებებს გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით. 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი, თბილისის საერთაშორისო ცენტრი მათემატიკასა და ინფორმატიკაში, საქართველოს ეროვნული კომიტეტი თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში. ღონისძიების სპონსორია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენცია 7 სექტემბერს დაიხურება.

სხვა სტატიები »