ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ჟურნალის ”თსუ მეცნიერება” მე-4 ნომრის და თსუ-ს განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია

6 აგვისტო, 2013
6 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის ”თსუ მეცნიერება”  მე-4 ნომრის და თსუ-ს განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა.

„თსუ მეცნიერების“ მე-4 ნომერში იხილავთ საინტერესო მასალებს იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ ინტეგრაციას თუ სეპარაციას მუსლიმი მესხები საქართველოსა და აშშ-ში; რა წვლილი შეაქვს საქართველოს „შაჰ-ნამეს“ ისტორიისა თუ უნიკალური პალიმფსესტების შესწავლაში;  როგორ იცავენ ჩანასახის სიცოცხლის უფლებას მსოფლიო ქვეყნებში;  რა გავლენა აქვს სტრესს თავის ტვინზე; რა ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები არსებობს საქართველოში ბილინგვური განათლებისთვის; როგორ იქმნება სამეცნიერო ბაზა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციისთვის; რა როლს ასრულებენ საქართველოს მყინვარები საქართველოს გარემოს ფორმირებაში; როგორია საპერფუზიო სისტემების შექმნაში თსუ მკვლევართა როლი, როგორ ხედავენ თსუ მეცნიერები საქართველოში ჩატარებულ საბაჟო რეფორმებს ან ინოვაციური მიდგომების საჭიროებას მსოფლიოში და ა.შ.

როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, საქართველოში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე უმაღლესი სასწავლებელი წლების განმავლობაში  სტაბილურად ინარჩუნებს  სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიდერის სტატუსს. „წელს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების თითქმის ნახევარი თსუ-ს მეცნიერთა მიერ არის წარდგენილი. უნივერსიტეტი ტრადიცულად ინარჩუნებს ლიდერი კვლევითი უნივერსიტეტის როლს საქართველოში, შესაბამისად, ეს ჟურნალი ემსახურება უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესის მეტად  პოპულარიზებას“,  - აღნიშნა ალექსანდრე კვიტაშვილმა

მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული, მარტივად აღსაქმელი და მაქსიმალურად ინფორმაციული - ასეთია კონცეფცია, რომლითაც უნივერსიტეტის საიტი www.tsu.edu.ge განახლდა. ვიზუალურ მხარესთან ერთად შეცვლილია ვებგვერდის სტრუქტურაც, რის შედეგადაც დაინტერესებული პირები მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას უფრო მარტივად შეძლებენ. 

კიდევ ერთი სიახლე ვებგვერდზე - ახალი საინფორმაციო პორტალი - “თსუ-online”-ია.  ამ გვერდის საშუალებით სტუდენტებს თუ აკადემიური პერსონალის წარმომადგენელებს შეეძლებათ ინფორმაციის მიღება თსუ-ში, თუ მისი ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ, იქნება ეს კონფერენციები, საჯარო ლექციები თუ  მოსაპოვებელი გრანტები. აქვე განთავსდება სტატიები თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მომზადებული სამეცნიერო ჟურნალიდან და საგაზეთო ჩანართიდან, ასევე გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტიდან“. 

ვებგვერდი თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტების წარმომადგნელების თანამშრომლობით განახლდა. ვიზუალურ მხარეზე დიზაინერმა ლევან ასათიანმა იზრუნა.
ასევე განახლებულია თსუ გამომცემლობისა (www.press.tsu.edu.ge) და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის (www.junior.tsu.edu.ge) გვერდებიც. 

სხვა სტატიები »