ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ვარძიაში გაბმული საერთაშორისო კავშირები

ვარძიაში გაბმული საერთაშორისო კავშირები
21 აპრილი, 2013
ზედიზედ უკვე მეოთხე წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში, ვარძიის ულამაზესი კომპლექსის ერთ-ერთ მღვიმეში, რამდენიმე ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ქართველ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან ერთად იკრიბებიან. ამ, უკვე ტრადიციად ქცეული, შეკრების მიზეზი თსუ სტუდენტთა საერთაშორისო არქეოლოგიური კონფერენციაა, რომელიც აქ  ყოველწლიურად იმართება.
როგორც ამ შეხვედრების უცვლელი მონაწილე, ბრიტანელი მეცნიერი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ვიკერსი იხსენებს, “პირველი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია თსუ ერთ-ერთ აუდიტორიაში გაიმართა.  მეორე წლიდან კი საფუძველი მშვენიერ ტრადიაციას  ჩაეყარა, რის შემდეგაც არქეოლოგიის სპეციალობით დაინტერესებული სტუდენტები ევროპის ქვეყნებიდან ვარძიაში იკრიბებიან.”
13-16 აპრილს ვარძიაში გამართული წლევანდელი კონფერენციაც, ასევე ტრადიციულად, ადრინდელთა მსგავსად გამოჩენილი ინგლისელი არქეოლოგის, სტრატიგრაფიული მეთოდის ფუძემდებლის, პიტ რივერსის ხსოვნას მიეძღვნა.
მეხუთე სართაშორისო სტუდენტური არქეოლოგიური კონფერენციის მონაწილეები წელს, ქართველებთან  ერთად,  შოტლანდიის, პოლონეთის, ირანის უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრი, მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტები იყვნენ. შეხვედრაზე მოწვეულ საპატიო სტუმრებს შორის, მაიკლ ვიკერსთან ერთად ასევე ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ებერჰარდ ზოიერიც იყო.  
“ეს კონფერენცია, რომელიც უკვე  მეხუთე წელია ტარდება, კარგი საშუალებაა ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის. ვარძია ძალზე კარგი ადგილია, სადაც, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში გარკვეულწილად სიცოცხლე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიტანა. აქ გატარებული რამდენიმე დღე იძლევა იმის კარგ საშუალებას, რომ  სტუდენტებმა უფრო მეტად მოახდინონ საქმეზე კონცენტრირება და ერთმანეთთან უშუალო კავშირის დამყარება”. – აცხადებს თსუ არქეოლგიის ინსტიტუტის დირექტორი, სრული პროფესორი ვახტანგ ლიჩელი.  
სტუდენტებმა ვარძიაში, მღვიმეში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე მათ მიერ  დამუშავებული თემები ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს.
”ამგვარი შეკრებები სტუდენტებს საჯარო გამოსვლების მნიშვნელოვან პრაქტიკას სძენს.Aასევე კარგი საშუალებაა კვლევის შესახებ კოლეგებთან იდეების გასაცვლელად.” _ დარწმუნებულია პროფესორი მაიკლ ვიკერსი.  
პოლონელი აგნეშკა შრეიბერისათვის, რომელიც ნიკოლაი კოპერნიკის უნივერისტეტს წარმოადგენდა, ვარძიის კონფერენცია ქვეყნის კულტურის გაცნობის საშუალებაც იყო. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც საქართველოში გაატარა, ჩვენი ქვეყნის შესახებ ბევრი ახალი და საინტერესო გაარკვია. Gგარდა იმისა, რომ არქეოლოგიური თვალსაზრისით ბევრის საინტერესო ადგილი ნახა, სხვა ქვეყნებიდან ბევრი უცხოელი კოლეგაც გაიცნო.
საერთაშორისო კავშირების დამყარების კარგ საშუალებად თვლის ასეთ შეხვედრებს თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ქრისტინე შავლაყაძეც.
აღსანიშნავია, რომ ვარძიის სტუდენტური კონფერენცია ერთადერთი პროექტი არ არის, რომელსაც თსუ არქეოლოგები თავის უცხოელ კოლეგებთან ერთად ახორციელებენ. წელს ავსტრიელი კოლეგების დაფინანსებით და მონაწილეობით განახლდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მიერ წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოები  ხოვლე გორაზე.  დარიალში დაგეგმილ გათხრებსა და სხვა სახის სამუშაოებში კი ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ათამდე არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.

სხვა სტატიები »