ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“

27 აგვისტო, 2020
ERASMUS+ ინსტიტუციური თანამშრომლობის - CBHE 2020 პროექტების საგრანტო კონკურსში თსუ პროექტმა „სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“  (Establishment of Psychological Counseling Centers at Georgian HEIs for Students/E-PSY) გაიმარჯვა. იგი მიზნად ისახავს,  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მომზადებას და ტრენინგებს ფსიქოლოგიური კონსულტირების პრაქტიკულ საკითხებში. პროექტის განხორციელებას  თსუ  2021 წლის იანვრიდან დაიწყებს.
შემუშავდება ფსიქოლოგიური კონსულტაციის სტანდარტები და მარეგულირებელი დოკუმენტების პროექტი. შეიქმნება სატრენინგო მოდულები, სუპერვიზიის და ინტერვიზიის სისტემა; ადაპტირდება ფსიქოლოგიური ტესტების სტუდენტთა პროფილის განსაზღვრის მიზნით. 
ERASMUS+ -ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში  იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, როგორც სტუდენტების პოპულაციაში, ასევე ფართო საზოგადოებისთვის და შესაბამისად განხორციელდება მონაწილე უნივერსიტეტების მიერ დაგეგმილი საზოგადოებრივი კამპანია საჯარო შეხვედრების, მედიასივრცის გამოყენების, ჯგუფური შეხვედრების ფსიქოლოგებთან და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან.
 შექმნილი მასალები გამოიყენება ფსიქოლოგიის საბაკალვრო და სამაგისტრო კურიკულუმებში უკვე არსებული კურსების გასაძიერებლად და სტუდენტთა პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ასევე შეიქმნება ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების ხელმძღვანელების ასოციაცია. პროექტს  განახორციელებს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი.

სხვა სტატიები »