ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

"ლიტჰაიკერის" ხუთი ტურის სამი გამარჯვებული

"ლიტჰაიკერის" ხუთი ტურის სამი გამარჯვებული
20 ივნისი, 2020

"პროექტის ფარგლებში ისეთ წიგნებს გავეცანი, რომლებსაც სხვა დროს არ წავიკითხავდი. ასე ვთქვათ, ეს წიგნები შემთხვევით შემომეკითხა და სასიამოვნოდ აღფრთოვანებული დავრჩი," - "შემთხვევით" წაკითხული წიგნები სტუდენტებს ახალ ცოდნასთან ერთად, გამარჯვებისა და სხვადასხვა პრიზის მოგების საშუალებას აძლევს.

პანდემიის კვალდაკვალ, 16 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური პროექტი "ლიტჰაიკერი" დაიწყო, რომელიც თავის ისტორიაში პირველად, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალი ლიტერატურული სამყაროების აღმოსაჩენად პროექტში ჩართულმა სტუდენტებმა ხუთი ტური წარმატებით გაიარეს, სამმა მათგანმა კი ჯერ მცირე, მაგრამ მაინც გამარჯვება, უკვე მოახერხა.

ნინო ტალიკაძე, იაკობ მახარაძე და ნინო სარიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები არიან, თუმცა მათ ერთი რამ - მხატვრული ლიტერატურის სიყვარული აერთიანებთ. პროექტში მონაწილეობაც სამივე მათგანს სწორედ ამ გატაცებამ გადააწყვეტინა - დროის სიმცირიდან გამომდინარე, მხატვრული ლიტერატურის ხშირად კითხვას ვეღარ ახერხებდნენ, "ლიტჰაიკერი" კი მხატვრულ ლიტერატურასთან დაბრუნების საუკეთესო "საბაბი" აღმოჩნდა.

ნინო ტალიკაძე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტია, სწავლის პარალელურად "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში" მუშაობს. პროექტის შესახებ ჯერკიდევ 2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდიდან შეიტყო და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულმა პროექტში მონაწილეობა გადააწყვეტინა, ფინალურ ტურში გადავიდა, თუმცა გამარჯვება ვერ მოახერხა. წელს კი, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს და შედარებით ნაკლებ დროს მოითხოვს, გადაწყვიტა ბედი კვლავ სცადოს. მისი მცდელობა წარმატებული უკვე აღმოჩნდა, ნინო პირველი ტურის გამარჯვებულია.

"ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ ახალი შთაბეჭდილებებით ვარ სავსე, რაც ძალიან სასიამოვნოა. ხუთი ტურის წიგნებიდან მხოლოდ ორი იყო ჩემთვის ნაცნობი, დანარჩენი ახალი წიგნებია, რაც ძალიან კარგია. გავიმარჯვებ თუ არა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ამ პროექტში ყველა გამარჯვებულია, ვისაც ერთი წიგნი მაინც რჩება წაკითხული," - ამბობს ნინო.

ნინო ტალიკაძისგან განსხვავებით "ლიტჰაიკერში" პირველად მონაწილეობს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იაკობ მახარაძე. პირველი მცდელობის მიუხედავად, უკვე მოახერხა სამ ტურში გამარჯვება და მეორე, მესამე და მეხუთე ტურების ლიდერად იქცა. იაკობი უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად გერმანული და რუსული ენების შესწავლით არის დაკავებული, კითხვასთან ერთად გატაცებულია მუსიკით, ცურვით, მაგიდის ჩოგბურთითა და კულინარიით. პროექტის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო და გადაწყვიტა პროექტში ჩართულიყო, საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ცდილობს თითოეულ ტურში შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს. შედეგების მიხედვით  თუ ვიმსჯელებთ, გამოსდის კიდეც...

"ზოგადად, კონკურსები ძალიან მიზიდავს. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, "ლიტჰაიკერში" ყველაზე მეტად ტესტის წერის პროცესი მომწონს. 30-40 წთ-ის განმავლობაში მხოლოდ ტესტებზე ფიქრობ და სხვა ყველაფერი გავიწყდება. გარდა ამისა, თითოეულ ტურში გამარჯვება ძალიან სასიამოვნოა, სიმბოლური საჩუქრები ტურის გამარჯვებულებისთვის კი დამატებით მოტივატორია. ფინალურ ტურში გამარჯვებაზე მეტად, ჩემთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალური შრომა ჩავდო. პროექტი საკუთარი თავის გამოცდის საშუალებას მაძლევს და მომავალში კარგ გამოცდილებად და სასიამოვნო მოგონებად დამრჩება," - აღნიშნავს იაკობი.

პროექტში გამარჯვების მოლოდინი აქვს მეოთხე ტურის გამარჯვებულ ნინო სარიშვილს. ნინო თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მესამე კურსის სტუდენტია. სწავლის პარალელურად, ანაზღაურებად სტაჟირების კურსს გადის "გაერთიანებული ერების ორგანიზაციის" საქართველოს წარმომადგენლობის ეკონომიკის დეპარტამენტში. პროექტში მონაწილეობა მისთვისაც მეორე შანსია, 2018 წელსაც სცადაბედი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ პროექტს მეოთხე ტურის შემდეგ შეუერთდა და ოთხი წიგნის ერთდროულად წაკითხვა მოუწია, გამარჯვება ვეღარ მოახერხა. წელს გადაწყვიტა ხელახლა ესინჯა საკუთარი ძალები და ყოველ ახალ ტურსა და ახალ წიგნს მოუთმელად ელის. როგორც ამბობს, ყველაზე ფასეული ის ცოდნაა, რომელსაც პროექტი "ლიტჰაიკერი" აძლევს.

"მხატვრული ლიტერატურით ბავშვობიდან გატაცებული ვარ. სიმართლე გითხრათ, თანამედროვე მწერლებისგან ბევრს არ ველოდი, მაგრამ რომ წავიკითხე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ეს მომწონს ყველაზე მეტად ამ პროექტში, ისეთ ლიტერატურას ვეცნობით, რაც, შეიძლება, რომ არა პროექტი, არ წამეკითხა. გამარჯვების მოლოდინი მაქვს. ზოგადად გამარჯვებულის სტატუსი თავდაჯერებას გმატებს, ეს თავდაჯერება კი მომავალში ბევრ რაღაცას განსაზღვრავს," - ამბობს ნინო.

მოიპოვებენ თუ არა პროექტში გამარჯვებას თსუ სტუდენტები ნინო ტალიკაძე, იაკობ მახარაძე ან ნინო სარიშვილი ხუთი ტურის შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი სტუდენტები ახალი სამყაროების აღმოსაჩენად ლიტერატურულ მოგზაურობას აგრძელებენ.

სტუდენტური პროექტი უკვე ხუთი წელია წარმატებით ხორციელდება. წელს პროექტს უნივერსიტეტი და "სულაკაურის გამომცემლობა" ერთობლივად ახორციელებენ. მის ფარგლებში კონკურსანტები 10 ტურის განმავლობაში შერჩეულ 10 წიგნს კითხულობენ და თითოეული წიგნის შესახებ სპეციალურად მომზადებულ ტესტებს წერენ. პროექტის ბოლოს 3 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც"სულაკაურის გამომცემლობის" მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებენ. თითოეული ტურის გამარჯვებული კი სიმბოლური საჩუქრებით ჯილდოვდება.


სხვა სტატიები »