ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

თსუ ფსიქოლოგები covid 19-ის ფსიქოლოგიური წნეხის დასაძლევად

თსუ ფსიქოლოგები covid 19-ის ფსიქოლოგიური წნეხის დასაძლევად
8 მაისი, 2020
30 მარტიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად იფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც მოქალაქეებს (16 წლიდან), ასევე კარანტინში მყოფ პირებს და მათი ოჯახის წევრებს კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარება. ონლაინ ფსიქოლოგიური კონსულტაცია უფასოა. მოქალაქეებს პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას თსუ-ს კურსდამთავრებული პრაქტიკოსი ფსიქოლოგები უწევენ. 
ამ პროცესის მიმდინარეობაზე დღეს ქეთევან მოსაშვილი - თსუ ფსიქოლოგიის და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი და ამ პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი გვესაუბრება. 

_ წარმატებული აღმოჩნდა ეს ინიციატივა? როგორ მიდის მუშაობის პროცესი? პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სტუდენტებიც თუ არიან ჩართულნი პროცესში?

ცხელი ხაზი ჩვენ ავამოქმედეთ 30 მარტს,ამ პროცესში ცხელ ხაზს ემსახურება 10 ფსიქოლოგი, ისინი არიან თსუ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული მაგისტრები,რომლებმაც დამატებით გაიარეს პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების ტრენინგი, ვინაიდან ეს ცოტა უფრო სპეციფიურია, ვიდრე ჩვეულებრივი კონსულტირება. 
ასეთ სტრესულ სიტუაციას ახასიათებს ხოლმე რაღაც ფაზები, თავდაპირველად როცა პანდემია დაიწყო ჯერ სხვა პრიორიტეტები ჰქონდათ ადამიანებს: როგორ მოეწყოთ სახლში გარემო,როგორ შეგუებოდნენ, საარსებო მატერიალური საფიქრალი, ამიტომ უფრო ასეთი ორგანიზაციული საკითხებით იყვნენ დაკავებული, თუმცა რაც უფრო ხანგრძლივდება ეს მდგომარეობა, მით უფრო იჩენს თავს ფსიქოლოგიური სირთულეები. 

_ უმეტესად რა პრობლემებით მოგმართავენ? 

ჩვენი მომართვიანობის მიზეზებს თუ გადავავლებთ თვალს, ძირითადად ეს არის ახალ რეალობასთან შეგუების პრობლემა, თუ როგორ გაუმკლავდნენ, როგორ შეეგუონ, როგორ გააგრძელონ ნორმალურად ცხოვრება. ძირითადი მიზეზები გახლავთ მაინც ამ იზოლაციის გამო გამოწვეული. ბევრი ადამიანი, მაგალითად, ვერ ნახულობს თუნდაც ოჯახის წევრებს, განცალკევებულია ახლო ადამიანებისგან, მეგობრებისგან, ეს სოციალური დისტანცია საკმაოდ სტრესულია. ამის ფონზე უკვე ირღვევა სხვადასხვა ფუნქცია, როგორიც არის ძილი, როგორიც არის ვთქვათ შფოთვა, მომატებულია მოწყენილობის, დეპრესიული სიმპტომატიკა. კლინიკურ დიაგნოზებზე არ ვსაუბროთ, ცხადია.საქმის შესრულების სირთულე სახლში - სახლი გახდა სამსახურიც, სახლიც, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაც. ძირითადად ეს არის ხოლმე სირთულეები.

_ როგორ მივხვდეთ, რომ რაღაც  არ არის კარგად და ფსიქოლოგის დახმარება გვჭირდება?

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ - ნებისმიერი რამ ადამიანისთვის, რაც ხდება შემაწუხებელი, ხელის შემშლელი მის ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმიანობაში, ეს უკვე არის საკმარისი მიზეზი, რომ გავიაზროთ, რომ რაღაც არ არის ჩვენს თავს კარგად და მოდი, ფსიქოლოგს მივმართოთ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ჩაძინების პრობლემა. ვერ ვიძინებ, გახანგრძლივდა ეს პერიოდი, არ მძინავს ხარისხიანად და საკმარისად, დილით ვიღვიძებ არც თუ ისე კარგი გუნება-განწყობილებით, დაღლილობის შეგრძნებით; ან, მაგალითად,  მთელი დღე საქმეს ვერ ვაკეთებ -  მაგალითადეს საქმე შეიძლება იყოს ჩემი ონლაინ ლექციები, ონლაინ გაკვეთილები, ონლაინ სხვა საქმიანობა, ოჯახის წევრებზე ზრუნვა; ან ვიკვებები ზედმეტად, მუდმივად ვფიქრობ კორონა ვირუსზე, მე არ დამემართოს ვირუსი, ან ჩემი ოჯახის წევრები არ დაინფიცირდნენ და რამე არ დაემართოთ; ვთქვათ ჩემი უძილობა, უარყოფითი გუნება-განწყობილება, უარყოფითი აკვიატებული ფიქრები გაგრძელდა 3 კვირაზე მეტი, ეს ნიშნავს, რომ მე ფსიქოლოგს უნდა მივმართო.

_ რითი დავკავდეთ, რომ ნაკლები ფსიქოლოგიური სტრესი მივიღოთ? თუ არის რეცეპტები?

როგორც ვიცით, რეცეპტები არ არსებობს, თუმცა არსებობს ზოგადი, ასე ვთქვათ, სახელმძღვანელო წესები, რაც მუშაობს მსგავს სიტუაციებში - რამოდენიმე ფაქტორია რაც შეიძლება გავითვალისწინოთ, რომ უფრო ნაკლები სტრესი მივიღოთ. პირველ რიგში მოვშორდეთ უარყოფით ინფორმაციულ ნაკადს. ამას ბევრი წერს და ბევრი ამბობს, ეს კვლევებითაც დადასტურებულია და ფსიქოლოგები სულ ამას უსვამენ ხაზს, რომ ინფორმაციული ნაკადი, რომელიც განსაკუთრებით „კოვიდ 19“-ს ეხება , ყოველდღიურად ჩვენ შეიძლება გამოვყოთ დრო და დღეში ერთხელ 10  წუთი გავეცნოთ რა ხდება მსოფლიოში ან საქართველოში ამ მიმართულებით, მივიღოთ ეს ინფორმაცია და დავასრულოთ. სახლში რის საშუალებაც არის, რაღაცნაირად განრიგი შევიმუშაოთ, ყველა ოჯახის წევრს ეხება ეს. მაგალითად დღისით ვიმუშაოთ, თუ ბავშვები არიან იქ, გაკვეთილებზე ერთვებიან, მაგალითად შუადღით შევხვდეთ წახემსებისთვის. იმის თქმა მინდა, რომ განრიგი  არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვებისთვისაც, მოზარდებისთვისაც, უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაც და შუახნის ადამიანებისთვისაც - როდის რას ვაკეთებთ. ვინაიდან ჩვენ ვართ ერთ სივრცეში 24 საათის განმავლობაში, ამიტომ რაღაცნაირად ეს სივრცე და დრო უნდა დავყოთ. ეს შემოიტანს სტაბილურობის განცდას, რომ მე ყოველდღე ვდგები, ვმუშაობ ან გაკვეთილებს ვესწრები,მერე შუადღით ვისვენებ, მერე ისევ ვმუშაობ და საღამოს ოჯახის წევრები ერთად რაღაცას ვაკეთებთ - ეს თამაში იქნება, თუ ფილმის ყურება, ქსოვა თუ კულინარია. რეცეპტი არ არის, ვის რა სიამოვნებს. მესამე ფაქტორი, რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას, ეს არის ყველაზე სტრესული ამ სიტუაციაში - გაურკვევლობა. მომავალში რა იქნება? ისევ ისე ვიცხოვრებთ? - აი ამაზე შფოთვა და შიში,ეს არის ძალიან ბუნებრივი, ადამიანური მოთხოვნილება. ადამიანებს გვიყვარს რომ ვიცოდეთ ხვალ, ზეგ და 1 წლის მერე რახდება, თუმცა აქ ბალანსი არის მნიშვნელოვანი - რაღაცეებს მე ვერ გავაკონტროლებ, ამიტომ ვკონცენტრირდეთ იმაზე, რისი გაკონტროლებაც ჩვენ შეგვიძლია (მაგალითად როგორ დავიცვათ წესები, როგორ გადავაწყოთ ცხოვრება ახალ რელსებზე) და ნაკლები ვიფიქროთ იმაზე, რასაც ვერ გავაკონტროლებთ,  რადგან ამაზე მუდმივად ფიქრი შფოთვას მაღლა წევს.

_ განსხვავებულია თუ არა ახალაგზრდების და ასაკოვანი ადამიანების აღქმები?

ამასთან დაკავშირებით ცოტა გამიჭირდება პასუხის გაცემა. მე არ მაქვს ინფორმაცია, რადგან ამას სჭირდება ალბათ უფრო სიღრმისეული კვლევა. პასუხი საკმაოდ საინტერესო იქნება, თუმცა ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ასაკის მიუხედავად, ადამიანები რთულად ვეგუებით იძულებით იზოლაციას. მე ვიცი ადამიანები, ვისაც სახლში ყოფნა ძალიანაც უყვარს და უფრო მეტად სახლში ატარებს დროს, თუმცა ამ იძულებითი იზოლაციის და აკრძალვების ფონზე ძალიან უმძაფრდებათ გარეთ გასვლის მოთხოვნილება, პროტესტის გრძნობა ეუფლებათ. 

_ ძირითადად რა ასაკის ადამიანები მოგმართავენ? რა ტიპის დახმარებას უწევთ მათ? 

ძირითადად 30-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანები მოგვმართავენ, თუმცა სტუდენტებიც იყვნენ მათ შორის. ხშირად პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება ძირითადად მიმართული არის იმისკენ, რომ ადამიანები გავამხნევოთ და ემოციების გამოხატვაში დავეხმაროთ და არა მაინცდამაინც ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრაზე, რომელსაც უფრო ღრმა ფესვები აქვს. ამიტომ, როდესაც რეკავენ ძირითადად ადამიანები აცნობენ ფსიქოლოგს, როგორ უმკლავდებიან ამ პრობლემებს - მაგალითად ვიღაცა ამბობს, რომ ვარჯიშობს, ვიღაცა ამბობს რომ ქსოვს და ეს ძალიან ეხმარება, ვიღაცას მეგობრებთან სასაუბროდ აქვს დრო გამოყოფლი. ეს მაგალითებიაიმ გამკლავების სტრატეგიების, რაც არის ჯანსაღი და გვეხმარება. ამიტომ ხშირად ხდება ხოლმე ასეთი სტრატეგიების წახალისება ფსიქოლოგების მხრიდან და მხარდაჭერა; ზოგჯერ ადამიანისთვის იმის მოსმენა, რომ აი მე რაღაცებს სწორად ვაკეთებ, რაც მე მეხმარება, ესეც უკვე საკმარისია, რომ შვება იგრძნოს. 


ფსიქოლოგიური დახმარებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ skype მისამართზე: tsu_center შემდეგიგანრიგით: ორშაბათი- პარასკევი 10.00-18.00 სთ,
შაბათს 10.00-17.00 სთ,
კვირას 14.00-16.00 სთ.

სხვა სტატიები »