ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

რუსთაველის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტები თსუ-დან

რუსთაველის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტები თსუ-დან
28 ოქტომბერი, 2019
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის 2019 წლის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლიდერობენ. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული 56 პროექტიდან 29 პროექტი (გამარჯვებული პროექტების ნახევარზე მეტი) თსუ სტუდენტებს ეკუთვნით.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, თემურ გუგუშვილი გამარჯვებულ სტუდენტებს შორისაა. მისი პროექტი სოფლის განვითარების ზოგადი პოლიტიკის მიმართულების ცვლილების ფონზე, საქართველოში სოფლად მცხოვრები შინამეურნეობების საარსებო წყაროების დივერსიფიკაციისა და ადაპტაციის პროცესის შესწავლას ეხება.
“მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერით მიმდინარეობს სოფლის განვითარებისაკენ მიმართული მრავალი პროგრამა, სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კვლავ სიღარიბის დაძლევა და საბაზისო საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის ნახევარი „ქრონიკულად ღარიბია” და მათ განსაკუთრებულად უძნელდებათ არსებული გამოწვევების დაძლევა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია შეფასდეს თუ რა გამოწვევები აქვთ სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებს ახალი საარსებო წყაროების ადაპტაციისა და დივერსიფიკაციის პროცესში”, - გვიხსნის თემური”, - საქართველოში ქალაქის მოსახლეობამ სოფლად მცხოვრები ადამიანების რაოდენობას წინა საუკუნის 70-იან წლებში გადააჭარბა. მას შემდეგ ურბანიზაციის დონე ინარჩუნებს მზარდ ტენდენციას, თუმცა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფლად საქართველოს მთლიანი მოსახლეობის კვლავ დიდი ნაწილი (40%-ზე მეტი) ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასოფლო ტიპის დასახლებებში ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობაშია ჩართული, რომლის გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ნატურალური მეურნეობა. შესაბამისად, ნაკლებად არის მიმართული კომერციალიზაციისაკენ და ძირითადად, გამოიყენება შინამეურნეობის სასურსათო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის. აღნიშნული ტენდენცია ნათლად აისახა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგებში, რომლის მიხედვითაც, სოფლად მცხოვრები ღარიბი შინამეურნეობების პროცენტული მაჩვენებელი (53.6%) ქალაქთან შედარებით ბევრად მაღალია”, - ამბობს თემურ გუგუშვილი. მისი აზრით, კონკურსში გამარჯვება პირველ რიგში, კვლევითი პროექტის თემის აქტუალობამ განაპირობა. პროექტში ინოვაციური კვლევის მეთოდოლოგიაა გამოყენებული. ემპირიული თვისებრივი მონაცემების ანალიზისათვის შერჩეულია ინოვაციური თვისებრივი მონაცემების ანალიზის კომპიუტერული პროგრამა MAXQDA.
როგორც თემური გვიხსნის, აღნიშნული პროგრამის გამოყენებით შესაძლებელია მეთოდების ტიპოლოგიზაციისა და “Quantitizing”-ის პრინციპის ინტეგრირება და ინფორმაციის ეფექტური ანალიზი. აღნიშნული მიდგომების სინთეზი უზრუნველყოფს საკვლევი თემატიკის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიღებას და მნიშვნელოვნად ზრდის კვლევის, როგორც პრაქტიკულ, ისე სამეცნიერო ღირებულებას.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თემურ გუგუშვილის კვლევით პროექტში საერთაშორისო კვლევითი ვიზიტებია ჰოლანდიასა და შვეიცარიაში. თემური გარდა აღნიშნული კვლევისა, სხვადასხვა პროექტშია ჩართული, მის საკვლევ ინტერესს წარმოადგენს მთისა და სოფლის განვითარება კავკასიის რეგიონში. 
“კვლევითი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კვლევითი ვიზიტი ვაგენინგენის უნივერსიტეტში, სოფლის სოციოლოგთა ჯგუფის წევრებთან (ჰოლანდია) და ბერნის უნივერსიტეტში, განვითარებისა და გარემოს ცენტრი (შვეიცარია). აღნიშნულ ინსტიტუტებში ვიზიტი მნიშვნელოვანია სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის. ვიზიტების ფარგლებში დაგეგმილია კოლაბორაციული აკადემიური სტატიების გამოქვეყნება.
დიდ ყურადღებას ვუთმობ სამეცნიერო კვლევითი ინიციატივას მთისა და სოფლის განვითარებისათვის კავკასიის რეგიონში (Scientific Research Initiatives for Mountain & Rural Development Caucasus Region), ინიციატივა არის ადგილობრივი და საერთაშორისო მეცნიერების თანამშრომლობით ჩამოყალიბებული პლატფორმა. მისი მიზანია სოფლად და მაღალმთიან დასახლებების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად მტკიცებულებაზე დაფუძნებული საერთო ხედვის ჩამოყალიბება. ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება სამეცნიერო კვლევითი პროექტები, რომლებიც ფოკუსირებულია ტურიზმის განვითარების, დაცული ტერიტორიების მართვის, ადგილობრივ ეკონომიკურ საქმიანობასა და მოსახლეობის მონაწილეობის საკითხებზე. აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო კონფერენციებში, უახლოეს მომავალში მივემგზავრები კავკასიის მთის ფორუმზე (ანკარა, თურქეთი), 2020 წელს დაგეგმილი მაქვს სოფლის განვითარების კონფერენციაში (კატმანდუ, ნეპალი) მონაწილეობა”, - ამბობს თემურ გუგუშვილი.
გამარჯვებულ თსუ სტუდენტებს შორის, მოწინავე ადგილზე არიან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტები. მათ შორისაა, ლია ბობოხიძეც. მისი კვლევითი პროექტი ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიის კიდევ ერთი ახალი მიმართულების განვითარებას გულისხმობს. ლია ბობოხიძემ შოთა რუსთაველის ფონდის გრანტი მაგისტრატურის საფეხურზეც მოიპოვა.
„პროექტი მოიცავს ჩემი სადოქტორო კვლევის ძირითად ნაწილს. სადოქტორო კვლევა სამაგისტრო ნაშორმის გაგრძელებაა. გამომდინარე იქედან რომ სამაგისტრო პროექტმაც ასევე გაიმარჯვა, უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი, რომ მომავალი კვლევაც, რომელიც სამაგისტროზე დაყრდნობით გრძელდება, ასევე წარმატებული იქნებოდა. ბიოლოგიურად ახალი პრეპარატების სინთეზი და კვლევა, მსოფლიოში აქტუალურ თემას წარმოადგენს. ამ მხრივ ჩემი სადოქტორო კვლევაც ცალსახად მნიშვნელოვანია. კვლევა გულისხმობს ახალი პოტენციური დნმ ინტერკალატორების- პიროლოინდოლოქინოქსალინების სინთეზს.
ამ ნივთიერებების შემადგენელი ძირითადი ბირთვები მაღალი ფიზიოლოგიური აქტიურობით ხასიათდებიან. ძირითადი იდეა კი სწორედ ისეთი ახალი ნივთიერებების დასინთეზებაა, რომელთაც ამავდროულად ბიოლოგიური ან სხვა აქტიობა ახასიათებთ. ამ ტიპის ორგანული ნივთიერებების კვლევა ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიის კიდევს ერთი ახალი მიმართულების განვითარებას გულისხმობს”, - ამბობს ლია. კვლევაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, მის სამომავლო გეგმებში ფუნდამენტური კვლევების განხორციელება შედის, თუმცა ზუსტი თემატიკა ჯერ განსაზღვრული არ აქვს.
„შესაძლოა იგივე თემატიკის ფუნდამენტური კვლევები გავაგრძელო, ან სრულიად სხვა თემატიკის დამუშავებას შევუდგე. ჩემს სადოქტორო კვლევაზე მუშაობა უკვე დავიწყე,რადგან მე-4 სემესტრელი ვარ. დაგეგმილი მაქვს, რომ პროექტის ფარგლებში სამუშაოს ნაწილი შევასრულო გერმანიაში, ზაარლანდის ორიგანული ქიმიის ინსტიტუტში. ჩემი მთავარი მიზანი სადოქტორო კვლევის წარმატებით განხორციელებაა და ამის დიდი იმედი მაქვს”, - ამბობს ლია ბობოხიძე.

სხვა სტატიები »