ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

რუსთაველის ფონდის გამარჯვებულები თსუ-დან

რუსთაველის ფონდის გამარჯვებულები თსუ-დან
30 მაისი, 2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტის გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსის ლიდერია.
კონკურსში გამარჯვებული 21 პროექტიდან 10 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 48%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერებს ეკუთვნით. 
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, არქეოლოგიის მიმართულების მაგისტრანტი თამარ ჩოგოვაძე ერთ-ერთია იმ ახალგაზრდა მკვლევარებს შორის, რომლის პროექტმაც გრანტი მოიპოვა. თამარის პროექტი „გვიან ბრინჯაო _ ადრე რკინის ხანის საბეჭდავები (გამოკვლევა, კატალოგი)“ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ძვ.წ. XII-VI საუკუნეების თიხის საბეჭდავებს ეხება. როგორც თამარი გვიყვება, ამ ნივთებს უძველესი დროიდან მოყოლებული სხვადასხვა ფუნქცია გააჩნდათ. მისი პროექტის მიზანიც, ამ პერიოდის საქართველოში მიმდინარე პროცესების შესწავლაა საბეჭდავების მაგალითზე.
„პროექტის გამარჯვება, ჩემი აზრით, უპირველესად თავად თემატიკამ განაპირობა. ეს საკითხი ქართულ არქეოლოგიაში დღემდე არ არის შესწავლილი სრულად და ასეთი მნიშვნელოვანი მასალებისთვის თითქმის არ არსებობს კონკრეტული და კრებითი სახის ნაშრომი. ვფიქრობ, რომ აღნიშნულ კონკურსში უპირატესობა მიენიჭა ისეთ სტუდენტებს, რომლებსაც მეტ კონფერენციასა და სხვა აქტივობაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. მე კი, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტის სტუდენტს, არაერთ კონფერენციაში, ექსპედიციაში, „ვორქშოპში“ და სხვ. (მათ შორის საერთაშორისო აქტივობებში) მიმიღია მონაწილეობა. მინდა ავღნიშნო, რომ თსუ ამ მხრივ მართლაც რომ მრავალფეროვან შესაძლებლობებს აძლევს თავის სტუდენტებს. 
საბეჭდავზე დატანილი გამოსახულების გამოკვლევით მრავალი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, იმ პერიოდის ადამიანის სულიერი სამყაროს შესახებაც. ჩემი საკვლევი მასალის პერიოდი ძვ.წ. XII-VI საუკუნეებს მოიცავს. ეს პერიოდი ქართულ არქეოლოგიაში გვიან ბრინჯაო _ ადრე რკინის ხანადაა წოდებული. ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებაში, როგორც ჩანს მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებები ხდება. აშკარად იკვეთებიან სოციალურად დაწინაურებული პირები. საფიქრებელია, რომ ჩნდება კერძო საკუთრებაც, რომლის მფლობელსაც სჭირდება გარკვეული დასტური იმისა, რომ ის მის საკუთრებაშია. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ამ პერიოდიდან საბეჭდავების აქტიურად გამოყენების პროცესი, რადგან მასზე არსებული გამოსახულება შესაძლოა იყოს განუმეორებელი, პიროვნების პირადობის დამადასტურებელი საბუთი.ამ გამოსახულების სხვადასხვა ადგილზე ანაბეჭდის სახით დატოვება კი კონკრეტული პირის საკუთრებას გამოხატავს“,- ამბობს თამარი. 
პროექტის მიხედვით, თამარმა საქართველოს მასშტაბით უნდა მოინახულოს ყველა ის მუზეუმი, სადაც არქეოლოგიური მასალაა დაცული და მოიძიოს გვიან ბრინჯაო _ ადრე რკინის ხანის თიხის საბეჭდავები.
„ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში ადგილზევე უნდა მოვახდინო ნივთის ფოტოფიქსაცია, აღწერა, ჩახატვა, ანაბეჭდის აღება და ყველა იმ ინფორმაციის მოძიება, რაც მუზეუმს გააჩნია არტეფაქტის შესახებ. პროექტის მეორე ეტაპზე უნდა დავამუშავო სამეცნიერო ლიტერატურა და მოვიძიო ყველა ის წიგნი, თუ სტატია, სადაც ამ პერიოდის თიხის საბეჭდავია გამოქვეყნებული. შემდეგ კი, ჩემს ხელთ არსებული მასალები უნდა დავალაგო გარკვეულ სისტემაში, მივცე კატალოგის სახე და მოვამზადო პუბლიკაციისთვის“, _ გვეუბნება თამარი. 
თამარ ჩოგოვაძის პროექტი უკვე დაწყებულია. პირველი ეტაპი, რომელიც თიხის საბეჭდავების სხვადასხვა მუზეუმში მოძიებას გულისხმობს თითქმის დაასრულა. მალე შესაბამის სამეცნიერო ლიტერატურაზე მუშაობას დაიწყებს. კითხვაზე, თუ რამდენად კმაყოფილია პირველი ეტაპის შედეგებით, გვეუბნება, რომ შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა იყო დაბრკოლებებიც. 
„პროექტის განხორციელებისას პატარ _ პატარა სირთულეებს ვაწყდები, თუმცა ყველაზე დიდ სირთულეს მაინც ის წარმოადგენს, რომ ზოგიერთი საბეჭდავი შემთხვევითი მონაპოვარია და არა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი. მუზეუმში ამ გზით მოხვედრილი არტეფაქტის აღმოჩენის ადგილი ხშირ შემთხვევაში უცნობია, ძნელდება მისი დათარიღებაც, რაც ბუნებრივია გარკვეულ სირთულეებს ქმნის კვლევის პროცესში“, _ ამბობს თამარი. 
პროექტის დასრულების შემდეგ თამარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე გეგმავს სწავლის გაგრძელებას და აპირებს, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტების საგრანტო კონკურსშიც მიიღოს მონაწილეობა. 

კონკურსის გამარჯვებულებს შორისაა თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის ფაკულტეტის, მაკროეკონომიკისა და თანამედროვე მონაცემთა ანალიზის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული ნიკა მეგუთნიშვილი. მისი კვლევა საქართველოს ფინანსურ სექტორში არსებულ ჭარბვალიანობას ეხება. კვლევა მიზნად ისახავდა საბანკო სექტორში აკუმულირებული სესხების დონის მდგრადობის შეფასებას ეკონომეტრიკული მოდელების გამოყენებით. ამ კვლევის განსახორციელებლად კი მონაწილეობა შოთა რუსთაველის ფონდის სამაგისტრო კონკურსში მიიღო.
„ჭარბვალიანობა მუდმივად მწვავე დებატის საკითხია ეკონომისტთა წრეებში. პროქტის ფარგლებში მოგებული გრანტით დაგეგმილი იყო რამოდენიმე აქტივობა, მათ შორის კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან და უცხოეთში კვლევითი ვიზიტი ნაშრომის გასაუმჯობესებლად. სასწავლო ვიზიტით ვეწვიე `Uნივერსიტყ ოფ შურრეყ~-ს დიდ ბრიტანეთში, სადაც დავესწარი მაკროეკონომიკური მოდელირების კურსს და საერთაშორისო კონფერენციას კვლევითი თემის ფარგლებში. გარდა ამისა, შევხვდი ამავე უნივერსიტეტის პროფესორებს და გავიარე კონსულტაცია ფინანსური სექტორის კვლევის შესახებ. ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა და დიდი როლი ითამაშა სამაგისტრო ნაშრომის წარმატებით ჩაბარებაში. 
როგორც უკვე აღვნიშნე, ნაშრომის წარდგენა და დაცვა უკვე მოხდა, თუმცა ვფიქრობ, ამ საკითხის გარეშემო კიდევ ბევრია შესასწავლი, შესაბამისად ვგეგმავ სადოქტორო მიმართულებით გავაგრძელო სწავლა და გავიგო უფრო მეტი ფინანსური სექტორის გავლენის შესახებ მაკროეკონომიკურ ჭრილში. გარდა ამისა, ვაპირებ ნაშრომი გამოვაქვეყნო რომელიმე საერთაშორისო ჟურნალში, რაც კიდევ უფრო მეტ სამეცნიერო გამოცდილებას მომცემს. ამ შესაძლებლობისათვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი შოთა რუსთაველის სახელობის ფონდსა და ISET-ს.
ISET გამორჩეული ადგილია ეკონომიკური ცოდნის მისაღებად და იქ მიღებული უნარების წყალობით შევძელი ვყოფილიყავი გამორჩეული კონკურსის მონაწილეებს შორის. შოთა რუსთაველის სახელობის ფონდის ჯილდო არის განსაკუთრებულად პრესტიჟული საქართველოში და შესაბამისად, კონკურსის მთავარი სირთულე მდგომარეობს მძლავრ კონკურენციაში, თუმცა მთავარია მაქსიმალური ინტერესი და მზაობა იყოს იშრომო იმ პასუხისათვის, რომელსაც გვაძლევს კვლევის შედეგი და ეს ყველაფერი თანხვედრაში იყოს კონკურსის პირობებთან“ _ ამბობს ნიკა.
სხვა სტატიები »