ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ სტუდენტების ფრანგული ისტორია „რენი 1“-ის უნივერსიტეტში

თსუ სტუდენტების ფრანგული ისტორია „რენი 1“-ის უნივერსიტეტში
3 მაისი, 2019
თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ვერიკო ნიკურაძე და ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები ანა ჩიქოვანი და თამარ ბოჭორიშვილი პირველი ქართველი სტუდენტები არიან, რომლებიც ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში რენის 1 უნივერსიტეტში სწავლობენ. საბაკლავრო საფეხურის სამივე სტუდენტი საფრანგეთში ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში სწავლობს. რენი 1-ის უნივერსიტეტმა ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტების თანამშრომლობისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შესახებ სტატია თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 
თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ვერიკო ნიკურაძე გვიყვება, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება რენის უნივერსიტეტის პროფესორის მირიე დუკასეს გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა. მირიე დუკასე ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში თსუ-ში იმყოფებოდა.
„ქალბატონი მირეი თანამშრომლობს თსუ-ს ინფორმატიკის მიმართულებასთან რომლის მაგისტრატურის სტუდენტიც გახლავართ. ის დაინტერესებულია ქართული ენით და მუშაობს სამეცნიერო პროექტზე, ქართული ზმნების შესახებ. Erasmus+-ის სტიპენდიის მოპოვების შემდეგ INSA Rennes-ში, რამდენიმე თანაკურსელთან ერთად დიდი ენთუზიაზმით ჩავერთე პროექტში.
სანამ თსუ-ში ჩავაბარებდი ვიცოდი, რომ იგი ბევრ ევროპულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და აქვს გაცვლითი პროგრამები. თანაც მთელი ჩემი ოჯახი თსუ კურსდამთავრებულია. თსუ გაცვლითმა პროგრამამ ბევრი ახალი შესაძლებლობა გადამიშალა თვალწინ. ყველა სტუდენტს ვურჩევ ხელიდან არ გაუშვას შანსი, რომელსაც Erasmus+ აძლევს ახალგაზრდებს. გარდა იმისა, რომ შეგვიძლია შევისწავლოთ მოწინავე ქვეყნებში თანამედროვე ტექნილოგიების უახლესი მიღწევები და ეს ცოდნა საკუთარ ქვეყანას გავუზიაროთ, ასევე გვეძლევა უნიკალური შანსი, გავეცნოთ სხვა ქვეყნის კულტურას, შევიძინოთ მეგობრები, გავაცნოთ მათ საქართველო და უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროპას“, - ამბობს ვერიკო. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, ვერიკო სწავლის გაგრძელებას საფრანგეთში გეგმავს. 
„თუ შესაძლებლობა მომეცა, ისევ რენის უნივერსიტეტს ავირჩევ, რადგან იქაური გარემო ძალიან მხიბლავს. სტუდენტებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი, როგორც კარგი განათლებისთვის, ასევე კარგი განტვირთვისთვის. საბოლოოდ კი აუცილებლად დავმკვიდრდები საქართველოში, და ვეცდები ჩემი გამოცდილება ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენო“, - გვეუბნება ვერიკო.

სხვა სტატიები »