ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

დამფუძნებელი კრება - 100“ - ესეების კონკურსის გამარჯვებულები

დამფუძნებელი კრება - 100“ - ესეების კონკურსის გამარჯვებულები
24 მარტი, 2019
ესეების კონკურსის „დამფუძნებელი კრება - 100“ გამარჯვებულები თსუ სტუდენტები ირმა ჭანტურია და გიორგი ჯავახიშვილი არიან. 
ირმა ჭანტურიას ნაშრომი დამფუძნებელი კრების საქმიანობაში ქალთა ჩართულობას ეხებოდა, გიორგი ჯავახიშვილის ნამუშევარი კი სოციალისტ-ფედერალისტების პარტიას და მათ საარჩევნო პროგრამას. გამარჯვებულები თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დააჯილდოვა.
სტუდენტთა ესეების კონკურსი „დამფუძნებელი კრება - 100“ 1919 წლის 12 მარტს პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
დღეს მითხველს გამარჯვებული სტუდენტები საკუთარ თავსაც გააცნობენ და ნაშრომებზეც ესაუბრებიან.
ირმა ჭანტურია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერთა ფაკულტეტის სტუდენტია. პატარა, თურმე, ხშირად ოცნებობდა რესპონდენტი გამხდარიყო და ჟურნალისტებისთვის საინტერესო საქმე გაეკეთებინა. სტუდენტური გამოცდილების პირველივე დღეებში მას ამის შანსი მიეცა: 
- მე ვარ ირმა ჭანტურია, 19 წლის, ქალაქ აბაშიდან. ორი წლის წინ ჩავაბარე ისტორიის მიმართულებით და როგორც ყველა სკოლის მოსწავლე, მაშინ მეც ვფიქრობდი, რომ სტუდენტური ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, ვიდრე რეალობაშია. პირველივე სემესტრში გავაცნობიერე, რომ ყველაფერთან ერთად, დამოუკიდებლობის სწავლის დროც დამიდგა. გასული წლის ოქტომბერში სტაჟირება დავიწყე არაჩვეულებრივ ხალხთან, ასეთივე ორგანიზაციაში. „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ მომცა ყველაზე მთავარი - პრაქტიკა. რაც ვფიქრობ, ნებისმიერი პროფესიისთვის აუცილებელია. ვმუშაობთ ძალიან საინტერესო მოგონებების გამოცემაზე და ამ ასაკში, ამ ცოდნითა და პროფესიის გარეშე, ამაზე უკეთესი საქმის კეთება, მგონი, წარმოუდგენელია. 
რატომ დაინტერესდა პროექტით?

100 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდებოდა. 1919 წლის 12 მარტს ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულმა საკანონმდებლო ორგანომ პირველი სხდომა გამართა და კონკურსი სწორედ ამ თარიღის აღნიშნვნას ეხებოდა.
უნივერსიტეტში გვაქვს პირველი რესპუბლიკის კვლევის ცენტრი. ამ ცენტრის ორგანიზებით დამფუძნებელი კრების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია იმართებოდა და იდეაში მოხსენებასაც ამ ღონისძიებისთვის ვამზადებდი. მოგვიანებით ორგანიზატორებმა შეგვატყობინეს კონკურის შესახებ და ყველანაირი მოლოდინის გარეშე, მეც გავგზავნე ჩემი ნაშრომი. რამდენიმე დღეში დამირეკეს უნივერსიტეტიდან, მითხრეს, რომ ჩემმა მოხსენებამ გაიმარჯვა და ფინალში თსუ-ის სახელით მივიღებდი მონაწილეობას. 7 მარტს კი ფინალში გამარჯვების შესახებაც შემატყობინეს. 


რატომ უნდა ვიცოდეთ ისტორიაში ქალთა წვლილის შესახებ?

ჩემი ნაშრომი შეეხებოდა ქალთა ჩართულობას დამფუძნებელი კრების საქმიანობაში. კრების 130 კანონმდებლიდან 5 იყო ქალი. ის პერიოდი, რომელშიც ეს ქალები მოღვაწეობდნენ, იყო პერიოდი, როცა საზოგადოება ქალებს მხოლოდ საოჯახო სივრცის წევრებად აღიქვამდა. ეს ფაქტორი კი მათ მოღვაწეობას უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ის, რომ ახლა ქალებს გვაქვს უფლება მივიღოთ განათლება, ვიმუშაოთ და არ ვიყოთ დამოკიდებული მეუღლეებზე, მამებზე, ძმებზე ან უბრალოდ სხვა მამაკაცებზე, სწორედ ამ ქალების დამსახურებაა. მათ შეძლეს ასი წლის წინ ებრძოლათ ჯერ კიდევ მიუღწეველი გენდერული თანასწორობისათვის და ქალების სახელით დაეტოვებინათ კვალი ისტორიის ფურცლებზე. ჩემთვის, როგორც ფემინისტისთვის, რომელიც ისტორიკოსის პროფესიას ეუფლება, მნიშვნელოვანია სწორად გვქონდეს გააზრებული ჩვენი წარსული და ამ წარსულის შექმნაში ქალთა წვლილის შესახებაც ვიცოდეთ. მით უმეტეს, რომ ეს ჩვენი წარსულის ის ნაწილია, რომლითაც თავისუფლად შეგვიძლია ვიამაყოთ. ამ დროს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნიდა სტანდარტებს ევროპისთვის, მათ შორის გენდერული თანასწორობის კუთხითაც. 
სიახლეს რაც შეეხება, პირველად მომიწია არქივში მუშაობა. როგორც ზევით აღვნიშნე, ნებისმიერი პროფესიისთვის აუცილებელია პრაქტიკა. არქივში მუშაობა კი შესანიშნავი შანსია შენი პროფესიის სიღრმეებს ჩაწვდე. რაც არ უნდა ბევრი იკითხო სხვისი დაწერილი წიგნები, თუნდაც ამ თემაზე, როცა თავად გაქვს შეხება დოკუმენტებთან, რომელთაც იმ ადამიანების ხელში გამოუვლია, მაინც სხვანაირი გრძნობაა. შენი კვლევის საფუძველზე დაწერილ ერთ წინადადებასაც კი იმაზე მეტი ფასი აქვს შენთვის, ვიდრე სხვის დაწერილ მთელ წიგნს.


რჩევა სტუდენტებს

მგონია, რომ ყველა სტუდენტისთვის ინდივიდუალური რჩევის მიცემა შეიძლება, მაგრამ ერთი მაინც უნივერსალურია - საკუთარ თავზე მუშაობა. ზუსტად ვიცი, რომ ბევრ ჩემს თანატოლს სიზარმაცე არ აძლევს საშუალებას საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთონ. თუმცა, თუ ერთხელ დაძლევ და მასზე მაღლა დადგები, იმდენად საინტერესო გარემოს დაინახავ, რომ უკან გახედვა აღარ მოგინდება. ჩემი რჩევა იქნება პატივი სცეთ, პირველ რიგში, საკუთარ თავებს და მაქსიმუმი გააკეთოთ ისეთი ცხოვრების შექმნისთვის, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდით.
მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ პატარა ირმას ბევრჯერ აქვს რეპეტიცია გავლილი იმ გაზეთისთვის ინტერვიუს მისაცემად, რომელსაც ბებო დიდი ინტერესით კითხულობდა. ჰოდა, აგერ, მივიწყებული ოცნება ამიხდა. 


* * *
გიორგი ჯავახიშვილი, სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულებაზე, მე-3 კურსზე. ამბობს, რომ 2 წელზე მეტია დავინტერესდა მე-19-მე-20 საუკუნის საქართველოსა და კავკასიის ისტორიით და პირველი მიგნებებიც ამ დაინტერესების შედეგად მოვიდა.


ინტერესი კვლევის თემისადმი

ამ კვლევის ფარგლებში, შეიძლება ითქვას, მივაგენი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და დავიწყე მისი კვლვა, ამან დამაკავშირა თსუ-ის ბიობლიოთეკასთან, სადაც აქვთ პირველი რესპუბლიკის კვლევითი ცენტრი. აქ არის დაცული უამრავი ძველი დოკუმენტი და გაზეთი, რამაც გამიადვილა თსუ ფარგლებშივე მარტივად მეწარმოებინა ჩემი კვლევები და აღარ გახდა საჭირო საჯარო ბიბლიოთეკის ფონდებისა და არქივის გამოყენება. 
რაც შეეხება თავად პროექტს, სიმბოლური იყო რომ კონკურსი პირველი პარლამენტის არჩევიდან 100 წლის თავზე ჩატარდა. პირველი განცდა იყო - რატომაც არა, პირველ რიგში გამოუკვლეველი თემა არის თავიდან ბოლომდე და, მეორეს მხრივ, ახალი გამოცდილებაც იქნებოდა წერის კუთხით. დავწერდი ნაშრომს, რაც იქნებოდა მეტ-ნაკლებად სამეცნიერო ფორმატის და მომცემდა იმის საშუალებას. რომ საფუძველი მქონოდა მომავალში აკადემიური მოღვაწეობისთვის. 




როგორ აღმოაჩინა „ახალი“ ძველი იდეები

ჩემი ნაშრომი შეეხებოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ოპოზიციურ, საქართველოს სოციალისტ-ფედერაციულ პარტიას, რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი პარტია იყო - დაარდა ჟენევაში და არ ჰქონდა ქართული ფესვები. იგი 1917 წლისთვის უკვე იცვლის თავის პოლიტიკურ პლატფორმას და 1919 წლის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. არის უკიდურესად მემარცხენე პარტია, განსხვავებით სოციალ-დემოკრატებისგან. მე დავწერე ამ პარტიის საარჩევნო პროგრამაზე, მის ხედვებზე სხვადასხვა მიმართულებით - ესაა განათლების პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, არმიისა და უსაფრთხოების მიმართულება თუ შრომითი უფლებები. ამან მომცა იმის გამოცდილება და ცოდნა, რომ პოლიტიკურ პლურალიზმის იდეა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება იმ დროის საქართველოში იყო არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ნება, არამედ მთლიანი პოლიტიკური ელიტის სურვილი. დემოკრატიზაცია, ეკონომიკური თავისუფლება, მცირე რეგულაციები ბიზნესისთვის აერთიანებდა ყველა პარტიას, მათ შორის ცირკულარიზმის იდეაც, რაც გულისხმობს დასავლური პოლიტიკური იდეების და პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას საქართველოში. ეს ახალი ხილი იყო აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოსთვის იმ დროისათვის და ყველა პარტიას, გარდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა, ჰქონდა საარჩევნო პროგრამაში. ამან კიდევ უფრო გამიმყარა საფუძველი, ცოდნა და რწმენა იმისა, რომ ზოგიერთი იდეას, რომელიც გვგონია ახალი და ჩვენი კულტურისათვის მიუღებელი, სინამდვილეში აქვს ხანგრძლივი ისტორია და განხორციელების პრაქტიკაც ჰქონია. 


პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება

თითქმის ყველა პროექტში მაქვს მიღებული მონაწილეობა, რაც გამოცხადდა საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიაზე. ვფიქრობ ასეთი პროექტები, მით უმეტეს ისეთ დარგში, როგორიცაა ჰუმანიტარული მეცნიერებები, ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგან ხშირი არ არის ამ მიმართულების სტუდენტებში სურვილი, რომ რაღაც ახალი გამოიკვლიონ და დაწერონ, გარდა ამისა, რაც შეეხება თვითონ გამოცდილებას, ამ ასაკიდან მუშაობის დაწყება არქივთან და ხელნაწერებთან ბევრად წინ წევს და საბოლოოდ ისახება სტუდენტის საბაკალავრო ნაშრომზეც. 


რჩევა თანატოლებს

სტუდენტებს ვურჩევდი, რომ ჩამოყალიბდნენ თავიანთ ინტერესებში და საკვლევი თემა აირჩიონ, მეტი იმუშაონ იმ თემაზე რომელიც აინტერესებთ. ამ ასაკში გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გვქონდეს სწავლისთვის დიდი დრო და მარტივად გამოვკვეთოთ ის კონტურები, თუ შემდგომში რა მიმაართულებით ვიმუშავებთ, რაც საგრძნობლად გაგვიმარტივებს მომავალში აკადემიურ მოღვაწეობას. ვურჩევდი რომ არ გამოტოვონ ასეთი ღონისძიებები და მაქსიმალურად მიიღონ ყველაფრიდან მეტი გამოცდილება.

სხვა სტატიები »