ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

სტუდენტები ევროპიდან - თსუ-ში

სტუდენტები ევროპიდან - თსუ-ში
25 მარტი, 2019
25 უცხოელი სტუდენტი მიიღო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში. სტუდენტების უმრავლესობა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან არის. მათ ერასმუს+ გრანტი მოიპოვეს და ერთ სემესტრს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაატარებენ.

მიშელინ ლეუნი საფრანგეთიდანაა. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით შეისწავლის პოლიტიკურ მეცნიერებებს.
„თსუ ავირჩიე, რადგან ეს უნივერსიტეტი შემხვდა სიაში. ხშირი შეხება მაქვს დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან და დიდი ხანია მინდოდა აღმოსავლეთ ევროპაში აღმომეჩინა ახალი ქვეყანა და ახალი შესაძლებლობები. ჩემი მეგობრები სტუმრობდნენ საქართველოს და მათ მირჩიეს აქ ჩამოსვლა, მითხრეს რომ აქაურობა ძალიან ჰგავს შვეიცარიას“, - ამბობს მიშელინი. 
ფელიქს ფალკენბერგი ავსტრიიდანაა, სწავლობს ზალცბურგის უნივერსიტეტში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ასევე პოლიტიკური მეცნიერებების შესასწავლად ჩამოვიდა. საქართველოზე და თსუ-ზე არჩევანის შეჩერებას ასე ხსნის: 
„ავსტრიაში ბევრი ქართველი სტუდენტი გავიცანი, რომლებიც ერასმუსის პროგრამაში იყვნენ ჩართული და დიდ დროს ვატარებდი მათთან. ამიტომ ძალიან დავინტერესდი ამ ქვეყნით. წინა ზაფხულს ვიყავი თბილისში, ძალიან მომეწონა ეს ქალაქი და მისი კულტურა“. 
სარა ნუნეც ტორადო ესპანეთიდან, სწავლობს ესპანეთში კორუნას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტურის პროგრამაზე. 
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით, პირველ რიგში, იმიტომ დავინტერესდი, რომ მოვიძიე ინფორმაცია პროფესორების შესახებ და ჩემს სპეციალობასთან ყველაზე ახლოს რომლებიც მივიჩნიე, მათთან გადავწყვიტე სწავლა. ჩემი თანახელმძღვანელი არის ქეთი წერეთელი, რომელიც თავი საქმის პროფესიონალია, ვუზიარებთ ცოდნას ერთმანეთს. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ დაინტერესებული ვიყავი თვითონ ქვეყნით“, - ამბობს სარა.
სტუდენტები ახლა მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პირველ შთაბეჭდილებებსაც ახლა აგროვებენ. მათი გამოცდილების შესახებ მომავალში უფრო დეტალურად და, აუცილებლად გულწრფელად, კიდევ მოგითხრობთ.

სხვა სტატიები »