ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თსუ სტუდენტები _ კონსტიტუციური უფლებებისთვის

თსუ სტუდენტები _ კონსტიტუციური უფლებებისთვის
26 დეკემბერი, 2016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების გუნდმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოლიმპიადაში „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“ 8 გუნდს შორის გაიმარჯვა.
კონკურსზე ასევე დასახელდა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი რჩეული მონაწილე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. სამ გამარჯვებულს შორის თსუ იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები ლელა მაჭარაშვილი და დავით ღოლიჯაშვილი არიან.
ლელა და დავითი კონკურსისა და მიღებული გამოცდილების შესახებ გვესაუბრებიან.

ლელა მაჭარაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტი, მე-4 კურსი:
_ ბავშვობიდან ყველასაგან განსაკუთრებული პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა უსამართლობის მიმართ, სწორედ ამიტომ ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე. მინდოდა სამართლებრივი მექანიზმების ღრმად შესწავლა, როგორ მებრძოლა ჩემი და სხვისი უფლებებისათვის.
აღნიშნული კონკურსი „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“, დიდი გამოცდილების მომცემი იყო ჩემთვის, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში. დოკუმენტებზე ვიმუშავეთ დამოუკიდებლად, გავეცანით სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, მოგვიწია მასალების თარგმნა, მათი ანალიზი, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. საბოლოოდ, შეირჩა 8 გუნდი და გავემგზავრეთ ბათუმში, სადაც იმიტირებული პროცესები ტარდებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
აქ უკვე ფასდებოდა ჩვენი ზეპირი მეტყველების უნარი, კრიტიკული აზროვნება, ჩვენი არგუმენტირებული მსჯელობა. სირთულეს განაპირობებდა ასევე ისიც, რომ მოსამართლეებიდან ერთ-ერთი, ქალბატონი მაია კოპალეიშვილი, რეალურადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, იმიტირებული პროცესები ნამდვილ პროცესებს ჰგავდა და ძალიან რთული იყო პასუხი გაგვეცა მოსამართლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე.
გამარჯვებულად როცა დაგვასახელეს, მაშინ მივხვდი, რომ ამდენი შრომა, გათენებული ღამეები და განცდილი ნერვიულობა ამ ყველაფრად მართლაც ღირდა. ეს იყო საუკეთესო ემოციები ჩემს ცხოვრებაში.
კონკურსში გამარჯვებასთან ერთად, დამასახელეს საუკეთესო მოსარჩელედ და ამასთან, გავხდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეული. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს იმას, რომ ექვსთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გავივლი საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც ძალიან მახარებს. ეს არის ის, რისთვისაც ღირდა ამდენი შრომა. საუკეთესო შანსი მომეცა განვითარებისათვის, დიდი გამოცდილების მიღებისათვის, მითუმეტეს, როცა ადამიანის უფლებებით განსაკუთრები ვარ დაინტერესებული.
გამარჯვებაში უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გარდა, რა თქმა უნდა, ჩემი შესაძლებლობებიც დამეხმარა. თუმცა ვთვლი, რომ მთავარი გავლენა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემს გამარჯვებაზე, ხოლო ზოგადად, ადამიანის უფლებებით დაინტერესებაზე, ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა, თსუ პროფესორმა ქალბატონმა ქეთევან ერემაძემ იქონია. ეს არის ადამიანი, რომელმაც სამი თვის განმავლობაში მასწავლა ძალიან ბევრი რამ, მისი ყოველი ლექცია ბევრის მომცემი იყო ჩემთვის და დიდი ზეგავლენა მოახდინა, როგორც ჩემს განათლებაზე, ასევე ჩემს პიროვნულ ზრდაზეც~.
დავით ღოლიჯაშვილი ლელას მსგავსად, ადამიანის უფლებებით არის დაინტერესებული. კონკურსში მონაწილეობაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. ანაზღაურებად სტაჟირებასთან ერთად, ის `იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის~ რჩეულიც გახდა და კონსტიტუციური სამართლის კურსს გაივლის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

დავით ღოლიჯაშვილი, თსუ სამართლის ფაკულტეტი, მე-4 კურსი:
_ პროექტი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა `იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდისა~ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იყო ორგანიზებული. ოლიმპიადა „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“, რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე ორ კაციან ჯგუფებს მოგვიწია საკონსტიტუციო სარჩელისა და შესაგებლის დაწერა. ამ ეტაპზე მონაწილეობა 40-მდე გუნდმა მიიღო, თუმცა იმიტირებული პროცესების ეტაპზე 8 საუკეთესო გადაგვიყვანეს, აქედან 2 - თსუ-ს გუნდი. იმიტირებული პროცესები გაიმართა ბათუმში 8-11 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში. მოცემული დავალებები საკმაოდ რთული იყო და ამავდროულად საპასუხისმგებლოც.
ოლიმპიადა ჩემთვის ყველაზე საინტერესო თემას, ადამიანის უფლებებს ეხებოდა და მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე. კონკურსი გვაძლევდა შესაძლებლობას არამხოლოდ თეორიულად დაგვეწერა სარჩელი და შესაგებელი, არამედ უშუალოდ პროცესებში მიგვეღო მონაწილეობა, ვყოფილიყავით ნამდვილი მოსარჩელეები და მოპასუხეები, შევხვედროდით ამ სფეროში პროფესიონალ ადამიანებს.
გადმომეცა `საუკეთესო მოპასუხის ტიტული~, ასევე გავხდი `იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის~ რჩეული, გავივლი კონსტიტუციური სამართლის კურსს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ვარ ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეულიც _ გავივლი 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას საკონსტიტუციო სასამართლოში.
წარმატების მიღწევაში, პირველ რიგში, ის ცოდნა დამეხმარა, რაც თსუ-მ მომცა. უნივერსიტეტში იღებ, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ცოდნას, ასწავლიან პროფესიონალი ლექტორები და გაქვს უამრავი შანსი საკუთარი თავის განვითარებისათვის. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ლექტორს, ქალბატონ ქეთევან ერემაძეს უზომოდ დიდი დახმარებისა და გულშემატკივრობისათვის.

სხვა სტატიები »