ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თსუ _ სკოლის მოსწავლეთათვის

თსუ _ სკოლის მოსწავლეთათვის
19 ნოემბერი, 2016
რას წარმოადგენს უმაღლესი სასწავლებელი ზოგადად და კერძოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი? როგორ გამოიყურება ლექტორი და სტუდენტი? რა ფორმატით და სად ტარდება ლექციები? ამ კითხვებს, საკუთარ თავს სავარაუდოდ ყველა სკოლის მოსწავლე და მომავალი აბიტურიენტი უსვამს.  
კონკრეტული პასუხების მიღება ამ კითხვებზე  და  ყველაფრის საკუთარი  თვალით ნახვა სკოლის მოსწავლეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეუძლიათ,    სადაც სხვადასხვა ასაკის სკოლის მოსწავლეებს „ექსკურსიამძღოლობას“ უწყვეტი აკადემიური ცენტრის შემადგენლობაში არსებული „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“  ან  თსუ მუზეუმის თანამშრომლები უწევენ.
თსუ პირველი კორპუსის ნახვისას  უნივერსიტეტის ისტორიის გაცნობასთან ერთად სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ნახონ ბიბლიოთეკა, აუდიტორიები, მუზეუმები და იქ დაცული ექსპონატები. თსუ მუზეუმებს შორის  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზოოლოგიის მუზეუმია, რომელიც  5000–მდე სადემონსტრაციო ეგზემპლარს ითვლის.  მის დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს უნიკალური მარჯნის პოლიპები, პეპლები, ხოჭოები, მოლუსკები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები. აქვე წარმოდგენილია ფრინველთა კოლექცია, რომელიც  უნიკალურია, რადგან საქართველოში ბინადარ და გადამფრენ ფრინველთა ყველა სახეობას მოიცავს.ზოოლოგიის მუზეუმი უნივერისტეტის ქუჩა 11, იგივე ზოოლოგების კორპუსში მდებარეობს.
თსუ-ს ფარგლებში მსგავსი ექსკურსიების მოსაწყობად ნებისმიერი სკოლის მასწავლებელს შეუძლია დაუკავშირდეს, როგორც თსუ საბავშვო უნივერისტეტს, ისე თავად მუზეუმის კოორდინატორს.
საერთოდ „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ცდილობენ,  რომ მათი  შემეცნებითი წრეები, თეორიული ლექციების გარდა, კონკრეტული პრაქტიკული მეცადინეობებითაც იყოს დატვირთული და  ბავშვებმა მათთვის საჭირო ინფორმაცია საინტერესო სანახაობრივი  ფორმითაც მიიღონ.
ერთ-ერთი ასეთი ლექციების ფორმატი უნივერსიტეტის პლანეტარიუმში „ნორჩ ასტონომთა“ სკოლაში ტარდება.  პლანეტარიუმი უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მდებარეობს და ყოველკვირეულ ლექციებს აქ პროფესორი შალვა საბაშვილი კითხულობს.
გარდა ამისა, სისტემატურად ტარდება ფიზიკის და ქიმიის მიმართულებით ლაბორატორიული მეცადინეობები, უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სადაც   საბავშვო უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორია არსებობს. აქ „ნორჩ ექსპერიმენტატორ ფიზიკოსებს“ პრაქტიკულ ლაბორატორიულ ცდებს იმ საკითხებში, რომელიც  სკოლაში ისწავლება, ყოველ ოთხშაბათს პროფესორი რამაზ ლომსაძე უტარებს. ქიმიის მიმართულებით, ასევე პრაქტიკულ ლაბორატორიულ ცდებზე დაფუძნებით კონკრეტულ საკითხებზე ლექციებს სკოლის მოსწავლეებს  პროფესორი ელზა მარქარაშვილი უკითხავს.
აქტივობების თავალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავია „ნორჩ გეოგრაფთა სკოლასთან“ არსებული  „თსუ ეკო კლუბი“, სადაც პროფესორ გიორგი დვალაშვილის ხელმძღვანელობით,  სხვადასხვა სახის კონკურსები, ვიქტორინები და ექსკურსიები სისტემატურად ტარდება.  სულ ცოტა ხნის  წინ სკოლაში კიდევ ერთი პრაქტიკული კონკურსი გამოცხადდა. „ჩემი თვალით დანახული ბუნება“, ამ კონკურისის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა მოწვეული სტუმრის ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ლექციის შემდეგ თავისი ფოტონამუშევრები უნდა გამოაგზავნონ. კერძოდ, თუ რას თვლის თითოეული მათგანი ბუნების ძეგლად, დაცულ ტერიტორიად და ა.შ.
„ახალგაზრდა იურისტებს“ ყოველ შაბათს  თეორიული ლექციებს თსუ დოქტორანტი ია ხახუბია უკითხავს. თეორიული კურსი თავის თავში იმიტირებულ სასამართლო პროცესებსაც გულისხმობს, რომელიც სპეციალურად აღჭურვილ დარბაზში იმართება და ზუსტად სასამართლო დარბაზის მსგავსად არის აღჭურვილი.
ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმის, რასაც სკოლის მოსწავლეები თსუ-ში უფასოდ გაეცნობიან. ამისთვის მხოლოდ დროის გამოყოფა და სურვილია საჭირო.

სხვა სტატიები »