ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„პირველების“ არჩევანი

„პირველების“ არჩევანი
3 ოქტომბერი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 3500-მდე აბიტურიენტი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, რომელთა 70 პროცენტს სახელმწიფო გრანტი აქვს მოპოვებული.
ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეიტინგით პირველი აბიტურიენტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებს შორის პირველი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო.
თამარ მენთეშაშვილმა ქალაქ რუსთავის ივ. ჯავახიშვილის სახელობის 24-ე ქართული გიმნაზია დაამთავრა. სან დიეგოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლის; მაგისტრანტობის კანდიდატებს შორის რეიტინგით პირველი კი ქეთევან გოლეთიანია, მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა და „საჯარო მმართველობაზე“ თსუ-სა და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (შპაიერი) ერთობლივ ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა. ქეთევანს 4 წლის წინ აბიტურიენტთა რეიტინგშიც პირველი ადგილი ეკავა.

ქეთევან გოლეთიანი იხსენებს, რომ ბაკალავრიატის საფეხურზე ერთი სემესტრი გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების კოლეჯში. წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და გადაწყვიტა მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება. რამდენიმე პროგრამაზე ჩააბარა, თუმცა, საბოლოოდ არჩევანი გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე „საჯარო მმართველობა“.
„ვფიქრობ, ეს პროგრამა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მრავალფეროვან თეორიულ მოდულებთან ერთად პროგრამა მოიცავს 2 პრაქტიკულ მოდულს, სტაჟირებას ჯერ საქართველოში, შემდეგ კი - ევროპაში. საშუალება მექნება საკმაოდ საინტერესო და ინტენსიური კურსები გავიარო არა მხოლოდ ქართველ, არამედ მოწვეულ გერმანელ ლექტორებთან. მოლოდინები დიდი მაქვს, ვფიქრობ, ეს პროგრამა თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ, პროფესიულ უნარებთან ერთად ბევრ ახალ შესაძლებლობას გააჩენს ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, მთავარი მაინც იმაზეა დამოკიდებული, ამ პროგრამისგან მიღებულ ცოდნას როგორ გამოვიყენებ. იმედი მაქვს, საკუთარ თავსაც გავუმართლებ იმედებს.
4 წლის წინ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ყველაზე რეიტინგული აბიტურიენტი ვიყავი და ის პერიოდი და მაშინდელი ემოციები ალბათ გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ის, რომ წელსაც მოვახერხე კარგი შედეგის ჩვენება, სასიამოვნოა.
პრაქტიკული თვალსაზრისით იმას, თუ მერამდენე ხარ რეიტინგში, არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, იმდენად კარგი შედეგი გქონდეს, რომ სახელმწიფო გრანტი მოიპოვო. ემოციური თვალსაზრისით კი, სასიამოვნო და სასიხარულო იყო, როგორც ნებისმიერი შემთხვევა, როცა ხედავ, რომ შენს შრომას გარკვეული შედეგი მოაქვს. უნარების სამაგისტრო გამოცდა მხოლოდ პირველი ეტაპია, რომელსაც შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები და გასაუბრებები მოსდევს, ამიტომ კარგი შედეგი ერთგვარ სტიმულს და მოტივაციასაც გაძლევს შემდგომი ეტაპების წარმატებით გავლისთვის.
ჩემზე უფრო პატარა სტუდენტებს ვეტყოდი, რომ განათლება მათთვის პრიორიტეტული უნდა იყოს და შეძლებისდაგვარად დიდი დრო და ენერგია სწორედ ამას დაუთმონ. რა თქმა უნდა, მხოლოდ საუნივერსიტეტო საგნების ათვისებას არ ვგულისხმობ. მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, იქნება ეს გაცვლითი პროგრამები, საერთაშორისო პროექტები თუ კონფერენციები. როცა ამას ინტენსიური ხასიათი აქვს, ნებისმიერი სახის გამოცდის და გამოწვევის წარმატებით დაძლევა ბევრად იოლიც ხდება და არც ბევრ ნერვიულობასა და სტრესთან არის დაკავშირებული“. - ამბობს ქეთევან გოლეთიანი.

თამარ მენთეშაშვილი დღეს პირველ ნაბიჯებს დგამს უმაღლესი განათლების კიბეზე; ამბობს, რომ პირველად სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამის და ზოგადად უნივერსიტეტის შესახებ გაიგო თსუ-ში გამართული კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში.
„გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია, რადგან ადრეული ასაკიდან მქონდა მიდრეკილება ტექნიკური საგნების მიმართ. მჯერა, რომ საინტერესო სტუდენტობა და ბევრი წარმატებული პროექტი მელის წინ. პირველი ადგილი რეიტინგში იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. საკმაოდ დიდი გამოხმაურება და ყურადღება მოჰყვა ამ ფაქტს, რაც ერთდროულად დიდი სტიმულიც არის და პასუხისმგებლობაც. სხვა ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ სწორად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები, აირჩიონ ის, რაც სიამოვნებას ანიჭებთ და არასოდეს დანებდნენ. თუ ვიღაცამ შეძლო, თქვენც ყველაფერი გამოგივათ, მთავარი მონდომებაა“. - ამბობს თამარი.

ახალ სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა თსუ სასწავლო კორპუსებსა და კვლევით ინსტიტუტებში, მათ შორის მე-3 სასწავლო კორპუსში; ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის შენობაში, სადაც განთავსებულია მედიცინის ფაკულტეტი; ელეფთერ ანდრონიკაშვილის ახელობის ფიზიკის ინსტიტუტში; ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში; პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათ შორის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული აფხაზურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები.

სხვა სტატიები »