ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სიახლეები თსუ უწყვეტი განათლების ცენტრისგან

სიახლეები თსუ უწყვეტი განათლების ცენტრისგან
22 დეკემბერი, 2015
თსუ უწყვეტი განათლების ცენტრს ბევრი საინტერესო და ახალი პროექტი აქვს, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ აუდიტორიაზეა გათვლილი. კიდევ უფრო იზრდება პროექტებში ჩართვის მსურველთა გეოგრაფიული არეალიც, რადგან სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებს სასურველ პროექტში ჩართვა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებითაც შეუძლიათ. ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური პროექტი ვიქტორინა „მეცნიერების თასზე 2015-2016“ გახლავთ. მისი შესარჩევი ტური, მეოთხედფინალი და ნახევარფინალი ონლინე ჩატარდა, ფინალი კი თსუ-ში შედგება.

საშუალო სკოლის X – XII კლასის მოსწავლეებისთვის გათვალისწინებული ვიქტორინის შესარჩევი ტური 14 ნოემბერს, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით და უწყვეტი განათლების ცენტრში შემავალი „საბავშვო უნივერსიტეტის“ დახმარებით ჩატარდა. გუნდური პრინციპით ჩატარებულ ტურში მონაწილეობა საქართველოს 47 საჯარო და კერძო სკოლამ მიიღო. გუნდები 5- 5 მოსწავლით იყო დაკომპლექტებული. მოსწავლეებს პასუხი 24 კითხვაზე უნდა გაეცათ. აქედან 3-3 შეკითხვა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგებიდან (მათემატიკა, ფიზიკა, ელექტრონიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია და გეოლოგია) იყო, ხოლო 3 კითხვა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ. ვიქტორინა ფაკულტეტზე 2012 წლიდან ტარდება და როგორც თბილისის, ისე რეგიონების მოსწავლეებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვიქტორინის წლევანდელი სიახლე შესარჩევი ტურის ონლაინ რეჟიმში ჩატარება იყო, რომელიც ტემპუსის პროექტის _ ARMAZEG-ის მხარდაჭერით განხორციელდა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვის საქმეს ემსახურება. შეჯიბრი "ღია წიგნის" პრინციპს დაეფუძნა. კონკურსში მონაწილე სკოლების გუნდებს წინდაწინ, ონლაინ მიეწოდათ სავარჯიშო ტესტები, რათა მოსწავლეთათვის უცხო არ ყოფილიყო ონლაინ ტესტირება და პასუხების სწრაფად გასაცემად მომზადებულიყვნენ. აქედან გამომდინარე, “მეცნიერების თასმა’’ ზუსტი და საბუნებისმეტყევლო დარგების პოპულარიზაციასთან ერთად საგანმანათლებლო ფუნქციაც შეითავსა. შესარჩევი ტური წარმატებული 40 სკოლის იმ გუნდების მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა, რომლებმაც 12-ზე მეტ შეკითხვას სწორად უპასუხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. აქედან 39 გუნდმა 24 ქულიდან 12-ზე მაღალი ქულის მიღება შესძლო. სოფელ ზედა საქარის საშუალო სკოლის გუნდმა კი მეოთხედფინალში მონაწილეობის უფლება სავარჯიშო ტესტებში მიღებული ბონუს ქულებით მოიპოვა. მომდევნო ტური ასევე ონლაინ რეჟიმში დეკემბრში ჩატარდება.

უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელმა განყოფილებამ და „საბავშვო უნივერსიტეტმა“ ერთობლივად შეიმუშავეს რეგიონების სკოლებში აბიტურიენტების დახმარების პროექტი. მის ფარგლებში მოსამზადებელი განყოფილების თანამშრომლების ჯგუფი უსასყიდლოდ, ადგილზე უწევს დახმარებას სასკოლო ძირითადი საგნების პედაგოგებს. პირველი ასეთი კონსულტაცია 14-15 დეკემბერს, ქ. ლანჩხუთის მე-3 საჯარო სკოლაში ჩატარდა. სამომავლოდ უწყვეტი განათლების ცენტრი მსგავსი დახმარების გეოგრაფიის გაზრდას და ასევე, კონსულტაციების დისტანციური მეთოდით _ ონლინე ჩატარებას გეგმავს.

თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი 23 ნოემბრიდან თსუ დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის ექსპერიმენტულ კურსს „მეცნიერება და ინტერკულტურული კომუნიკაცია გერმანიაში“ ახორციელებს. კურსს ბოშის ფონდის ლექტორი ქრისტიან რიხტერი უძღვება და განკუთვნილია მათთვის ვინც გერმანულ ენაზე საუბრობს, სწავლის ან კვლევის გაგრძელებას გერმანიაში გეგმავს, ან უბრალოდ მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტების დამყარებას აპირებს გერმანულ სამეცნიერო წრეებთან. აღსანიშნავია, რომ კურსის აქტიური საინფორმაციო მხარდამჭერია გერმანიის საელჩო საქართველოში.

კურსის განმავლობაში მსმენელები სრულიად უფასოდ გაიღრმავებენ სპეციფიურ აკადემიურ თემებზე, გერმანულად კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას გერმანიაში აკადემიური ცხოვრებისა და სადოქტორო კვლევის გაგრძელების შესაძლებლობების შესახებ. კურსის ძირითადი სადისკუსიო თემებია: გერმანუ-ლი უმაღლესი განათლების სისტემა, მეცნიერებისა და კვლევის პოლიტიკა გერმანიაში, სადოქტორო განათლება გერმანიაში, არგუმენტირე-ბა და დასაბუთება, სტატიები და მოხსენებები, ანგარიშები და აბსტრაქტები, კოლოკვიუმები, დისკუსიები და კრიტიკა, ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაცია კონფერენციების განმავლობაში, თეზისები და ესეები, ფორმალური წერილები, სამოტივაციო წერილები, CV, ინტერვიუ და თავის წარდგენა და. ა.შ. კურსი 15 კვირა გაგრძელდება.

იმ ახალ პროექტებს შორის, რომელსაც თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის „საბავშვო უნივერსიტეტი“ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს, სხვადასხვა საკითხზე ინტერნეტ ლექციებიც არის. პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ სკოლას, რომელსაც ინტერნეტ კომუნიკაციებთან წვდომა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა (კომპიუტერი, სკყპე) აქვს. იგი რეგიონის სკოლებს შესაძლებლობას აძლევს მათთვის სასურველ პროგრამაში სისტემატურად, ზედმეტი დანახარჯების გარეშე ჩაერთონ. რეგიონის სკოლებისთვის თსუ „საბავშვო უნივერსიტეტის’’ პროექტებში სისტემატური მონაწილეობა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშრებული, რადგან გადაადგილების და დროის პრობლემიდან გამომდინარე, ყოველკვირეულად უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრება საკმაოდ რთული იყო.

„თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ უკვე ანხროციელებს აღნიშნულ პროექტს ქ. დმანისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის. ყოველ ოთხშაბათს საზოგადოებრივი მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეებს ინტერნეტ კომუნიკაციების დახმარებით, ადგილზე შეუძლიათ მოისმინონ ლექციები სხვადასხვა თემაზე.

„თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ მზადაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერი რეგიონის გამოხმაურებას მსგავს პროექტებში ჩართვის შესახებ. ამისათვის მსურველი მას ელექტრონულ მისამართზე: junior@tsu.ge ან სოციალურ ქსელში (Facebook.com/თსუ საბავშვო უნივერსიტეტი) უნდა დაუკავშირდეს.
დეკემბრის ბოლომდე კი „საბავშვო უნივერსიტეტის“ ამ პროექტში მცხეთის #1 საჯარო სკოლის ჩართვა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის პროფორიენტაციაში საინფორმაციო ლექციის ჩატარება იგეგემება.
სხვა სტატიები »