ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვება

თსუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვება
9 სექტემბერი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მაგისტრის წოდების მინიჭება კურსდამთავრებულებს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ყოველი საფეხური. მაგისტრატურა უმაღლესი განათლების საკმაოდ მნიშვნელოვანი საფეხურია. ჩვენ ვამაყობთჩვენი მაგისტრებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაგისტრები იქნებიან ჩვენი ქვეყნის სერიოზული საკადრო პოტენციალი. ისინი აქტიურად ჩაერევიან ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის სხვადასხვა სფეროში.“

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსი თსუ-ს კურსდამთავრებულის სტატუსია. ეს უნივერსიტეტი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში. გისურვებთ იყოთ ჯანსაღად კრიტიკულები, დააფასეთ ის შესაძლებლობები, რომელიც უნივერსიტეტმა მოგცათ. ძალიან დიდ წარმატებებსა და ბევრ თავისუფლებას გისურვებთ. თქვენი ცოდნა, ენთუზიაზმი, ენერგია ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას,“- აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

„განსაკუთრებული განწყობა მაკავშირებს ამ უნივერსიტეტთან, რადგან მეც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. მაგისტრები არიან მზად, აქვთ შესაბამისი ცოდნა, რომ ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობის, განვითარების პროცესში,“- განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა.

„როდესაც პირველად შემოვდგი ფეხი ამ შენობაში, ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, საით გავაგრძელებდი ჩემს გზას და ეს პროცესი არ დასრულებულა, მაგრამ უნივერსიტეტმა შეცვალა მთავარი: სწორედ აქ ვისწავლე, რას ნიშნავს, აზროვნებდე და როგორაა შესაძლებელი, ჩამოყალიბდე დამოუკიდებელ პიროვნებად. თვისებები, რომლებიც აღმოვაჩინე საკუთარ თავში, ამ წლების უდიდესი მონაპოვარია, რომელიც მთელი მომავალი ცხოვრების განმავლობაში გამყვება თან. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი ჩვენს პროფესურას, ვინაიდან თითოეულ მათგანთან ურთიერთობამ განსაკუთრებული და განუმეორებელი ცხოვრებისეული გამოცდილება მომცა და როგორც უნდა გაგრძელდეს ჩემი გზა მომავლისაკენ, ყოველთვის მემახსოვრება, რომ მე უნივერსიტეტელი ვარ!“- განაცხადა თსუ მაგისტრმა ნინო აფციაურმა.

საზეიმო ღონისძიების შემდეგ მუსიკალურმა ბენდმა „Goofyland“  კონცერტი გამართა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის ქართული და უცხოური ჰიტების ვარიაციები შეასრულა.

თსუ-ში 90 საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა მოქმედებს. 2015 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა 800-მდე სტუდენტმა დაამთავრა.
სხვა სტატიები »